ზუგდიდში დანიშნული განმეორებითი კენჭისყრის მთავარ ფიგურანტს სანდრა (ელისაბედ) რულოვსს ჯერ არ გაუკეთებია კომენტარები ცესკოს განცხადებაზე განმუხურის 38-ე და ჯიხაშკარის 79-ე და 108-ე საარჩევნო უბნებზე 22 ოქტომბერს დანიშნულ განმეორებით ხმის მიცემასთან დაკავშირებით.
ამომრჩეველთა ნაწილი, რომელიც თვლის, რომ მათ კანდიდატს ,,უტყუარი გამარჯვება მოპარეს, განმუხურში პროვოცირებული გართულებისა და ჯიხაშკარის უბნების, ანუ იმ უბნების დარბევის გზით, სადაც იგი დიდი უპირატესობით უგებდა ოპონენტებს'', არ გამორიცხავს, რომ სანდრა რულოვსმა შესაძლოა უარი თქვას არჩევნებში მონაწილეობაზე და ამას მიესალმება კიდეც, რადგან მისი მონაწილეობა გაყალბებული , უსამართლო არჩევნების ,,გაპრავების'' თუნდაც მიზერულ საშუალებას მისცემს ხელისუფლებას. ამომრჩეველთა მეორე ნაწილი, რომელიც ასევე დარწმუნებულია და აღშფოთებული 8 ოქტომბერს ორგანიზებული ინცინდენტებით, მოელის, რომ სანდრა რულოვსი მიიღებს მონაწილეობას და მიეცემათ მისი მხარდაჭერის გამოხატვისა და ერთობლივი ძალებით გამარჯვების საშუალება.
,,ჩვენ ყველა დარწმუნებული ვიყავით არჩევნების პირველ ტურში გამარჯვებაში და ვერასდროს წარმოვიდგენდით, რომ ათასობით ჩვენი ხმა გამოცხადდებოდა ბათილად ან დაყრილი იქნებოდა იატაკზე მმართველი პარტიის მხარდამჭერების მიერ და მათ მიერ ვინც იქნა მოსყიდული, ვისზედაც განხორციელდა ზეწოლა, ძალადობა, დაშინება ან ინსპირირება, რომ ჩაედინათ მიუღებელი, არადემოკრატიული და ხშირ შემთხვევაში კრიმინალური ქმედებები.'' – ასე შეაფასა სანდრა რულოვსმა ზუგდიდსა და მთელ საქართველოში ჩატარებული არჩევნების შედეგები, და იქვე დასძინა: ჩვენ არ დავნებდებით და გავაგრძელებთ კანონიერ ბრძოლას უკეთესი, სტაბილური და დამოუკიდებელი მომავლისათვის როგორც სამეგრელოს რეგიონის მაცხოვრებლების, ასევე სრულიად საქართველოსათვის. თქვენ მალე შეიტყობთ ჩვენი სამომავლო გეგმების შესახებ და იმედი გვაქვს თქვენი მხარდაჭერის!'' ეს სანდრა რულოვსმა ათ ოქტომბერს განაცხადა, თუმცა რაიმე კონკრეტული განცხადება უშუალოდ განმეორებით კენჭისყრასთან დაკავშირებით არ გაუკეთებია.
ამან და უკანასკნელ ხანებში ერთიან ნაციონალურ მოძრაობაში წარმოქმნილმა აზრთა სხვადასხვაობამ გამოიწვია მოარული ხმები, რომ სანდრა რულოვსი, არათუ განმეორებით კენჭისყრაში მონაწილეობას, არამედ პარლამენტში შესვლასაც არ აპირებს.
"ნაციონალური მოძრაობის" წევრი ოთარ კახიძე არ ადასტურებს ამ ინფორმაციას, მისი თქმით,"სანდრა რულოვსს პოლიტსაბჭოს სხომაზე არ დაუფიქსირებია ეს პოზიცია და 22 ოქტომბერს მას აქვს განმეორებითი არჩევნები, რომელშიც ჩვეულებრივად მონაწილეობს. პარლამენტში რომ არ შედიოდეს ის შესაბამისად არაფერს არ გააკეთებდა. მე გეტყვით, რომ 22 ოქტომბერს არის განმეორებითი არჩევნები ზუგდიდში, განმუხურის და ჯიხაშკარის უბნებზე და სანდრა რულოვსი განაგრძობს წინასაარჩევნო კამპანიას", – განაცხადა კახიძემ.