შეერთებული შტატების კონგრესმა საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის მხარდამჭერი რეზოლუცია განიხილა. დოკუმენტში დაგმობილია რუსეთის მიერ საქართველოს ტერიტორიაზე შემოჭრისა და სამხედრო ინტერვენციის ფაქტი.
შეერთებული შტატები მოუწოდებს რუსეთს გააუქმოს აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონების დამოუკიდებლობის აღიარების გადაწყვეტილება, თავი შეიკავოს ისეთი ქმედებებისა და პოლიტიკისგან, რომელიც ძირს უთხრის საქართველოს სუვერენიტეტსა და ტერიტორიულ მთლიანობას და გადადგას ყველა საჭირო ნაბიჯი 2008 წლის 12 აგვისტოს რუსეთ-საქართველოს შორის ცეცხლის შეწყვეტის შესახებ გაფორმებული შეთანხმების შესასრულებლად.
რეზოლუციის ავტორები შეერთებული შტატების მთავრობას ასევე მოუწოდებენ გამოაცხადოს, რომ საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებს არასდროს აღიარებს დე იურედ ან დე ფაქტოდ.
რეზოლუციაში ასევე წერია, რომ უნდა გაგრძელდეს ჟენევის დისკუსიები და მოუწოდებს ადმინისტრაციას საქართველოსთან ახლო თანამშრომლობისკენ, მათ შორის თავდაცვის კუთხით.
საქართველოს მხარდამჭერი რეზოლუცია გვიან ღამით შეაფასა საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა. მიხეილ ჯანელიძის თქმით, ეს არის შეერთებულ შტატებთან საქართველოს აქტიური თანამშრომლობის შედეგი და ტერიტორიული მთლიანობის მხარდაჭერა არა მხოლოდ შეერთებული შტატების მთავრობის, არამედ კონგრესის მხრიდანაც.
„ეს რეზოლუცია არის შედეგი აქტიური მუშაობისა ამერიკის შეერთებულ შტატებთან და ხაზს გაუსვამს საქართველოს საკითხის აქტუალობას ამერიკის პოლიტიკურ წრეებში,“-აცხადებს მიხეილ ჯანელიძე.