ვლადიმერ არლანი: კრიმინალებს გატაცებული აფხაზი პოლიტიკოსი გალის ტერიტორიაზე ყავდათ გადამალული

0
455
ოკუპირებული აფხაზეთის სახელმწიფო უშიშროების სამსახურის თავმჯდომარის მოადგილე ვლადიმერ არლანი არ ადასტურებს აფხაზურ მედიაში არაოფიციალურ წყაროებზე დაყრდნობით გავრცელებულ ინფორმაციას, რომ სოხუმიდან გატაცებული აფხაზი პოლიტიკოსი, პარტია ,,ედინაია აბხაზიას’’ პოლიტსაბჭოს მდივანი ირინა დოჩია კრიმინალებს  ,,საქართველოს ტერიტორიაზე  ჰყავდათ დატყვევებული’’ ( იგულისხმება თბილისის მიერ კონტროლირებადი ტერიტორია  – ოდიში ნიუსი
არლანმა  სოხუმში გუშინ გამართულ ბრიფინგზე კიდევ ერთხელ  გაიმეორა ადრე გაკეთებული განცხადება ირინა დოჩიას გათავისუფლების შესახებ და ხაზგასმით აღნიშნა, რომ ეს მოხდა ფხაზური და რუსეთის სპეცსამსახურების ერთობლივი ძალისხმევით,   გამტაცებლებისათვის  გამოსასყიდის გადახდის გარეშე. არლანმა  დააკონკრეტა რამდენიმე ადრე გაუხმაურებელი დეტალიც ტყვეობისას დოჩიას ადგილსამყოფელის შესახებ –  იგი ჰყავდათ გალის ტერიტორიაზე, ადგილი დაახლოებით დადგენილია, ცნობილია გამტაცებელთა ვინაობა, ეს იყო აფხაზ და ქართველ კრიმინალთა დანაშაულებრივი ჯგუფი, თუმცა  გამოძიების ინტერესებიდან გამომდინარე, ინფორმაცია ამის შესახებ  ფართო საზოგადოებისათვის მხოლოდ მოგვიანებით გახდება ცნობილი .  
,,ჩვენ ვიცით, ვინ არიან უშუალო შემსრულებლები და ხელისშემწყობნი, დაკავებული ჯერჯერობით არავინაა, თუმცა ეს მხოლოდ დროის საქმეა.
საქმეში არსებული მასალებით იკვეთება , რომ ეს იყო ადამიანის გატაცება და თავისუფლების აღკვეთა გამოსასყიდის მიღების მიზნით ( გამტაცებლები გამოსასყიდის სახით ითხოვდნენ 2,5 მლნ ევროს) , თუმცა ჩვენი მოვალეობაა გადავამოწმოთ ყველა სხვა შესაძლო ვერსიაც. ამ ეტაპზე მიმდინარეობს დანაშაულის დამკვეთთა  ვინაობის დადგენა – განაცხადა არლანმა.
ბრიფინგზე იგი შეეხო გათავისუფლების პროცესში რუსი კოლეგების მონაწილეობის საკითხსაც. ,,გარემოებათა გამო მათი ჩართვა აუცილებელი გახდა და ჩვენი მიმართვის პასუხად  სწორედ მათ მიერ ბოლო ორი დღის მანძილზე განხორციელებული ოპერატიული ქმედების შედეგად გახდა შესაძლებელი ამ საქმის წარმატებით დასრულება. ''
არლანმა კომენტარები გააკეთა ოკუპირებული აფხაზეთის პრეზიდენტის რაულ ხაჯინბას განცხადებაზეც, რომელიც ირინა დოჩიას განთავისუფლების წინა დღეს გაკეთდა  – ხაჯიმბამ დააწესა ფულადი ჯილდო (1 მლნ რუბლი)  პირისათვის, რომელიც სამართალდამცავებს მიაწვდიდა ინფორმაციას გატაცებულის ადგილსამყოფელის შესახებ. 
,,ეს წმინდა ტაქტიკური სვლა იყო, გამტაცებელთათვის კვალის არევისა და მათი სიფრთხილის მოდუნების მიზნით.  თუმცა, თუკი რაიმე კონკრეტული ინფორმაცია შემოვიდოდა, შეპირებული თანხა ინფორმატორს უსათუოდ   გადაეცემოდა.’’ 
დასასრულ არლანმა აღნიშნა, რომ საქმის გამოძიებას აწარმოებს სოხუმის პროკურატურა, ოპერატიულ ნაწილს ახორციელებს სახელმწიფო უშიშროების სამსახური და მილიცია. 
 
წინა სტატიაპაატა ბურჭულაძის მოძრაობა ,,სახელმწიფო ხალხისთვის“ ფოთის საქალაქო ორგანიზაციის 50-მდე წევრმა დატოვა
შემდეგი სტატიააშშ-ში ზიკას ვირუსმა ამჯერად ფლორიდას შეუტია
ტელეკომპანია ოდიშის საინფორმაციო სამსახური