ოჩამჩირე (ოჩემჩირე), შქასოფელის (შუასოფლის) ერთერთი უძველესი მეგრული ტოპონიმი, დიდი ხანია აღიზიანებს სეპარატისტულად განწყობილ აფხაზ ისტორიკოსებსა და პოლიტიკოსებს. ომამდე გაცილებით ადრე, აფხაზებმა ყოველგვარი დასაბუთების გარეშე, ქალაქის სახელის დაბოლოება ,,ე’’ ჩაანაცვლეს ,,ა“’-თი, თუმცა ვერაფერი უყვეს თავსართ ,,ო’’- ს და დღემდე ქალაქის სახელწოდება აფხაზურად ჟღერს როგორც ,,ოჩამჩირა''. ქართული ტოპონიმიკა , ჩვენს შემთხვევაში ადგილის სახელწოდების მაწარმოებელი მეგრული თავსართ – ბოლოსართი (ო – ე), განახევრებულიც კი ჭრის ყურს მათ, ვინც ესწრაფვის წაშალოს ქართული კვალი, მაგრამ ეს, როგორც ამ დღეებშიც დადასტურდა, იოლი საქმე არ არის.
გუშინ აფხაზურ მედიაში გამოქვეყნდა აფხაზეთის ე.წ. პარლამენტის სხდომის ანგარიში, რომელსაც უცვლელად გთავაზობთ (ამჟამინდელი აფხაზური ტერმინოლოგია და ტოპონიმების აფხაზური ჟღერადობა დაცულია)
,,ქალაქ ოჩამჩირასთვის აჩამჩირას დარქმევის საკითხი დღის წესრიგიდან მოიხსნა.’’ ამის შესახებ რაულ ხაჯიმბამ აფხაზეთის პარლამენტის უმაღლეს პალატაში განაცხადა.
,,ჩვენ უკვე ვიმსჯელეთ ამაზე და საკითხი მოვხსენით. საქმე მარტოდენ ჩვენს სურვილზე როდია დამოკიდებული. არსებობს გარკვეული ფინანსური შეფერხებებიც''. – განაცხადა მან.
შეგახსენებთ, 15 ივნისს აფხაზეთის პარლამენტის დეპუტატებმა დასახლებული პუნქტების ძირძველი აფხაზური დასახელებების აღდგენის მიზნით პირველი კითხვით მიიღეს დადგენილება ,,აფხაზეთის რესპუბლიკის ადმინისტრაციულ – ტერიტორიული დაყოფისა და დასახლებული პუნქტების დასახელებათა შესახებ’’.
პროექტის ავტორია აფხაზური ტოპონიმიკის ექსპერტი, ენათმეცნიერი, ენობრივი პოლიტიკისა და დემოგრაფიის საკითხების კომიტეტის თავმჯდომარე ვალერი კვარჭია. იგი მრავალი წელია მუშაობს აფხაზური ტოპონიმიკის სფეროში, გამოცემული აქვს რამდენიმე ფუნდამენტური მონოგრაფია, რომელიც ეძღვნება ისტორიულ – ეტიმოლოგიურ ძიებებს ამ სფეროში. კვარჭია მრავალი წელია ლაპარაკობს ისეთი განმაზოგადებელი დოკუმენტის შექმნის აუცილებლობაზე, რომელშიც განისაზღვრება აფხაზეთის რესპუბლიკის ადმინისტრაციულ – ტერიტორიული დაყოფის საზღვრები და ამ გეოგრაფიული ერთეულების აფხაზური დასახელებები.
ექსპერტის აზრით, სახელების გადარქმევა ისტორიული სამართლიანობის აღდგენა იქნება. დადგენილების პროექტში წარმოდგენილია აღმოსავლეთ აფხაზეთის დასახლებული პუნქტების დასახელებათა ცვლილებები. მაგალითად, ოჩამჩირას უნდა დაერქვას აჩამჩირა.
დეპუტატების გადაწყვეტილებას ოჩამჩირასათვის სახელის გადარქმევის შესახებ სოციალურ ქსელებში აფხაზეთის მოქალაქეთა მძაფრი კრიტიკა მოჰყვა, განსაკუთრებით ოჩამჩირის, აბჟუს მკვიდრთა მხრიდან, რომელნიც უკიდურეს აღშფოთებას გამოთქვამენ დეპუტატების განზრახვასთან დაკავშირებით. ისინი წერენ, რომ ოჩამჩირაში უამისოდაც ბევრი გადაუჭრელი პრობლემაა და რომ ასობგერა ,,ო’’ არანაირად არ უშლის მათ ხელს თავიანთ ქალაქში ცხოვრებასა და მის განვითარებაში.
ვიაჩესლავ კოკოსკირი: ქალაქის სახელწოდების შეცვლის განზრახვამ ძალიან ბევრი ოჩამჩირელი აღაშფოთა. ეს საკითხი, რამდენადაც ვიცი, საერთო კრებაზეც კი განიხილეს. ამგვარ საკითხებს ქალაქის საკრებულოს წევრები უნდა წყვეტდნენ. მსგავს განზრახვაზე რაღაც მინიშნებები ადრეც ყოფილა, მაგრამ საქმე ამას იქით არ წასულა. აღშფოთებულია ყველა. განსაკუთრებით ახალგაზრდები. მათ ჰქონდათ სურვილი საპროტესტო აქციაც კი მოეწყოთ ქალაქის ადმინისტრაციის შენობასთან. და მეც ვფიქრობ, რომ ასეთი საკითხის გადაწყვეტა თავად ოჩამჩირელებთან შეუთანხმებლად დაუშვებელია.
ირინა კვეკვესკირი: მაგონდება აფხაზური ანდაზა: აუტკივებელ თავს იტკიებსო. კვარჭიას მრავალწლიან შრომას პატივს ვცემ და ვაფასებ, მაგრამ, არა მგონია, პრინციპული მნიშვნელობა ჰქონდეს, რას ვუწოდებთ ჩვენს ქალაქს – ოჩამჩირას თუ აჩამჩირას. და საერთოდ, აუცილებელია ჯერ ხალხს დაეკითხონ. პირადად ჩემთვის ეს გულით საყვარელი ქალაქია, ბავშვობის ქალაქი და არ მესმის, რატომ უნდა გადავარქვათ სახელი, რა აუცილებლობას წარმოადგენს ეს. ძველი დასახელების შემთხვევაშიც მშვენივრად ვგრძნობ აქ თავს!’’
დაურ თარბა: კატეგორიულად ვეწინააღმდეგები ქალაქისთვის სახელის გადარქმევას. არსებობს ისტორიულად დამკვიდრებული სახელი და ერთი ასო-ბგერა არაფერს წყვეტს. ქალაქი ოჩამჩირა და მისი ისტორია, მისი სახელი ჩვენთვის, ყველასთვის მშობლიურია, გულით საყვარელი და ისევე უნდა ჟღერდეს, როგორც აქამდე ჟღერდა. მე უკვე ვესაუბრე ამაზე ქვეყნის ხელმძღვანელობას. მიმაჩნია, რომ ნააჩქარევი დასკვნები არაფერში გვჭირდება, ეს ძალიან აღიზიანებს ხალხს. უნდა დავსხდეთ და დინჯად განვსაჯოთ, დავეკითხოთ მოქალაქეებს, გავიგოთ მათი აზრი, რანდენადაც ვიცი, ოჩამჩირელთა დამოკიდებულება ამ შესაძლო ცვლილებისადმი უკიდურესად ნეგატიურია. ''