მთიან ყარაბაღში მიმდინარე მოვლენებს განსაკუთრებული ინტერესით აკვირდებიან აფხაზეთში. აფხაზი მოსახლეობა შიშობს, რომ მსგავსი სცენარი შეიძლება განმეორდეს ქართულ-აფხაზური კონფლიქტის მიმართულებითაც. ამასთან დაკავშირებით სრულიად განსხვავებული მოსაზრებები გამოითქმის აფხაზი და რუსი ექსპერტებისა და პოლიტიკოსების მხრიდან აფხაზურ მედიაშიც. ,,საქართველოს ახლანდელი მმართველი პარტია ,,ქართული ოცნება’’, რომელსაც საკმაოდ ადექვატური კურსი აქვს აღებული საგარეო პოლიტიკის სფეროში, დღითიდღე სუსტდება, ამავე დროს სულ უფრო მყარდება და ძლიერდება სააკაშვილის ,,ერთიანი ნაციონალური მოძრაობის’’ პოზიციები. ამ ძალას აქვს უნარი შექმნას დაძაბულობის კერები საგარეო პოლიტიკაში თუნდაც თვითპიარის მეშვეობით. ეს, რასაკვირველია, არ კმარა იმისათვის, რომ მათ შეძლონ გააჩაღონ ომის ახალი ხანძარი აფხაზეთში, მაგრამ თუ ამ ყველაფერს განვიხილავთ კომპლექსში სხვა ხელსაყრელ პირობებთან, რომელთა შექმნა ახლა დაჩქარებული ტემპით მიმდინარეობს, ყველაფერი შეიძლება მოხდეს და არაფერია გამორიცხული''- ასკვნის ჟურნალისტი სტელა ადლეიბა პოლიტიკოსებთან და ექსპერტებთან საუბრის საფუძველზე სტატიაში ,,ომი ყარაბაღში: როგორ აისახება ეს აფხაზეთზე ?" , რომელიც სააგენტო sukhum-moscow.ru -ს ვებგვერდზეა გამოქვეყნებული. გთავაზობთ ამ სტატიის თარგმანს მცირე შემოკლებით (თარგმანში ავტორის მიერ გამოყენებული ტერმინოლოგია დაცულია)
,,აფხაზეთის ე.წ. პარლამენტის დეპუტატი რობერტ იაილიანი წერს, რომ ყარაბაღის სცენარის განმეორება აფხაზეთთან მიმართებაში ჯერჯერობით ძნელი წარმოსადგენია. ,,ეს შეუძლებელია, რამდენადაც საქართველო აფხაზეთის მიმართ ატარებს პოლიტიკას, რომელსაც შეიძლება ეწოდოს ,,თანამშრომლობა აღიარების გარეშე''. განსხვავება ამ ორ კონფლიქტს შორის ძალზე სერიოზულია, კერძოდ, აფხაზებსა და ქართველებს შორის დაპირისპირებაში არ არსებობს რელიგიური ფაქტორი. გარდა ამისა, კონფლიქტის მწვავე ფაზის დასრულების შემდეგ რეგიონში შემოყვანილ იქნა რუსეთის სამშვიდობო ძალები, რომლებიც აფხაზეთის აღიარების შემდეგ ჩაანაცვლეს რუსულმა ჯარებმა. რუსეთის სამხედრო ბაზების არსებობა და შეიარაღებულ ძალთა გაერთიანებული დაჯგუფების შესახებ სახელმწიფოთაშორისი ხელშეკრულება აფხაზეთს უქმნის უსაფრთხოებისა და მშვიდობიანი განვითარების გარანტიებს მრავალი წლის მანძილზე’’ – აცხადებს იაილიანი. დეპუტატის თქმით, სომხეთ – აზერბაიჯანის კონფლიქტი თავისი არსით უფრო სასტიკი და სისხლისმღვრელია, ვიდრე ქართულ- აფხაზური.
მართლაც, მთიანი ყარაბაღის შემთხვევაში არ მოხდარა დაპირისპირებულ მხარეთა დაშორიშორება სამშვიდობო ძალების მიერ, ამასთან აზერბაიჯანს არასოდეს დაუცავს ცეცხლის შეწყვეტის რეჟიმი. სამხედრო ექსპერტები და პოლიტიკოსები თვლიან, რომ ამჯერად მთიან ყარაბახში სიტუაციის გამწვავება მესამე მხარის – თურქეთის ჩარევის შედეგად მოხდა. ეს უკანასკნელი უკიდურესად რთულ მდგომარეობაშია ჩავარდნილი რუსეთთან ოთხი თვის მანძილზე მიმდინარე კონფლიქტის გამო და გადაწყვიტა კიდევ ერთი სამხედრო კონფლიქტი გააჩაღოს რუსეთის საზღვრების სიახლოვეს. ,,თურქებმა ისარგებლეს ქვეყანაში პრეზიდენტ ალიევის არყოფნით და მოახდინეს სიტუაციის გამწვავების პროვოცირება მთიანი ყარაბაღის საზღვრებთან , თუმცა შესანიშნავად ესმით, რომ კონფლიქტის გადაჭრა სამხედრო გზით შეუძლებელია. თურქეთისთვის მთავარია არა ეს, არამედ რუსეთის ჩათრევა კავკასიურ ომში, რათა მომავალში, თუნდაც მოვლენები აზერბაიჯანისათვის სავალალოდ განვითარდეს, მიაღწიოს რუსეთის წამოსვლას მასთან რაიმენაირ დიალოგზე და ,,ურთიეთქმედებას კონფლიქტის გადაწყვეტის მიზნით’’ – აცხადებს იაილიანი.
სრულიად განსხვავებულია ამ საკითხში აფხაზეთის პარლამენტის დეპუტატის თემურ გულიას თვალსაზრისი. იგი კატეგორიულად არ ეთანხმება კოლეგას და თვლის, რომ მსგავსი სცენარი სავსებით შესაძლებელია განვითარდეს აფხაზეთშიც.
,, . ჩემს ბოლოდროინდელ გამოსვლებში ეს ვარაუდი არაერთხელ გამომითქვამს. და ახლაც, როგორც აფხაზეთის რესპუბლიკის პარლამენტის თავდაცვისა და ეროვნული უსაფრთხოების კომიტეტის წევრმა, მინდა განვაცხადო – ჩვენ ძალზე გვაღელვებს ეს საკითხი. გვერწმუნეთ, რომ სიტუაცია ძალიან სერიოაზულ სახეს იძენს – საქართველოს შეიარაღებული ძალები რეგულარულად გადიან წვრთნებს საბრძოლო მზადყოფნის ასამაღლებლად. მათ შეიარაღებას ემატება ახალი სახეობები, ამასთან ისეთიც, რაც საქართველოს აქამდე არ ჰქონია – თანამედრიოვე ტანკსაწინააღმდეგო და ხომალდსაწინააღმდეგო სისტემები. ქართული არმიამ პრაქტიკულად დაასრულა ნატო-ს სტანდარტებზე გადასვლის პროცესი, ამიტომ მიაჩნია, რომ ჩვენ მზად უნდა ვიყოთ მოვლენათა განვითარების ნებისმიერი, მათ შორის ძალადობრივი ვარიანტისთვისაც’’ – ამბობს გულია. იგი ამავე დროს რიგ პარალელს ავლებს აფხაზეთსა და მთიან ყარაბაღს შორის.
,,, მთიანი ყარაბაღი ჩვენი მეგობარი ქვეყანაა და ერთმანეთთან მეგობრობის მრავალი წელი გვაკავშირებს. ჩვენს ქვეყნებს შორის მჭიდრო საპარლამენტთაშორისო კავშირებია ჩამოყალიბებული.
ბევრი რამ აზებაიჯანისა და სომხეთის კონფლიქტში ზედმიწევნით ემთხვევა ჩვენს კონფლიქტს საქართველოსთან. პირველ რიგში, ეს არის მთიანი ყარაბაღის ხალხის სწრაფვა თავისუფლებისა და დამოუკიდებლობისაკენ, მაგრამ არის არსებითი განსხვავებებიც – აფხაზეთი აღიარებულია რუსეთის მიერ, რომელიც ჩვენი სტრატეგიული პარტნიორი და ჩვენი დამოუკიდებლობისა და უსაფრთხოების გარანტია.
ჩვენ არაერთგზის გამოვსულვართ და გამოვდივართ წინადადებით ძალის გამოუყენებლობის შეთანხმების შესახებ, მაგრამ ქართული მხარე ნებისმიერი საბაბით ცდილობს თავი აარიდოს ამ დოკუმენტის ხელმოწერას, რაც ფაქტობრივად უტოვებს მას საკითხის ძალადობრივი გზით გადაჭრის შესაძლებლობას, და ეს, რა თქმა უნდა, ჩვენი შეშფოთების საგანია. საქართველოს საზოგადოებაში პერიოდულად ისმის მოწოდება რევანშისაკენ 2008 წლის აგვისტოს მოვლენების გამო. ამასთან ჩვენთვის ასევე ცნობილია საქართველოსთვის წაყენებული ერთერთი პირობა, რომლის თანახმად, სანამ არ გადაწყვეტს აფხაზეთთან და სამხრეთ ოსეთთან დაკავშირებულ პრობლემას, იგი დასავლეთის კარს ვერ შეაღებს. ამიტომ საქართველოს რჩება ორი გზა – ან ძალის მეთოდით გადაწტყვიტოს პრობლემა ან აღიაროს აფხაზეთის რესპუბლიკისა და სამხრეთ ოსეთის რესპუბლიკის სუვერენიტეტი, მესამე გზა უბრალოდ არ არსებობს.
რაც შეგვეხება ჩვენ, საბედნიეროდ 2014 წელს ხელმოწერილი გვაქვს ხელშეკრულება სტრატეგიული პარტნიორობისა და გაერთიანებული შეიარაღებული ძალების შესახებ, რომლის ლოგიკური გაგრძელებაა ჩვენი დღევანდელი ურთიერთობები რუსეთის ფედერაციასთან, გაიხსენეთ, რა დისკუსია მოყვა ჩვენს საზოგადოებაში ამ ხელშეკრულების განხილვას ხელმოწერამდე და მის შემდგომ ახლო პერიოდშიც , მაგრამ დრომ და დღევანდელმა სიტუაციამაც დაადასტურა ჩვენი ხელმძღვანელობის შორსმჭვრეტელობა. ვამბობდი და ვამბობ, რომ საზოგადოების შიგნიდან გახლეჩის მცდელობის ნაცვლად ჩვენ უნდა გავერთიანდეთ გარედან მომავალი რეალური საფრთხის წინაშე’’. – აცხადებს გულია.
მთიან ყარაბაღში მიდინარე პროცესებს უკიდურესი შეშფოთებით ადევნებს თვალს აფხაზეთის საგარეო საქმეთა სამინისტრო. იგი მოუწოდებს კონფლიქტის მხარეებს შეიარაღებული დაპირისპირების შეწყვეტისა და პოლიტიკური დიალოგის დაწყებისაკენ კრიზისიდან გამოსვლის მშვიდობიანი გზების მოძიების მიზნით.
საქართველომ გააკეთა განცხადება იმის შესახებ, რომ მზად არის თავის თავზე აიღოს მედიატორის როლი სომხეთისა და აზერბაიჯანის ურთიერთობების დარეგულირებაში მთიან ყარაბაღში მიმდინარე პროცესებთან დაკავშირებით.
სომხეთის პრეზიდენტმა სერჟ სარგისიანმა 4 აპრილს განაცხადა, რომ თუ საბრძოლო მოქმედებები ყარაბაღის კონფლიქტის ზონაში არ შეწყდება და სრულმასშტაბიან ხასიათს მიიღებს, სომხეთი აღიარებს მთიანი ყარაბაღის დამოუკიდელობას. მართლაც სამხედრო მოქმედებების შემდგომი გამწვავებამ შეიძლება მიგვიყვანოს გაუთვალისწინებელ და შეუქცევად შედეგებამდე, თვით სრულმასშტაბიან ომამდეც კი. ეს კი ბუნებრივია, ზეგავლენას მოახდენს უსაფრთხოებასა და სტაბილურობაზე არახოლოდ ამიერკავკასიიის რეგიონში, არამედ მთელ ევროპის კონტინენტზეც.
პოლიტოლოგი ევგენი კრუტიკოვი ამტკიცებს, რომ ყარაბაღის სცენარის განმეორება ქართულ -აფხაზურ კონფლიქტში გამორიცხულია.
,, რა თქმა უნდა საქართველოში, ისევე როგორც აზერბაიჯანში, რევანშიზმი პოლიტიკური ,,გონის’’ გამოვლენის მყარი, მდგრადი ფორმაა და ძნელია წარმოიდგინო ვითარების იმგვარად შეცვლა, რომ ქართულმა პოლიტიკურმა კულტურამ თავი დააღწიოს არასრულფასოვნების კომპლექსის დამთრგუნველ ზეგავლენას, მაგრამ პრაქტიკული თვალსაზრისით ახლა თბილისი ფიზიკურად ვერ შეძლებს წავიდეს არათუ მსხვილმასშტაბიანი საომარი მოქმედებების განახლებაზე, არამედ წვრილ პროვიკაციაზეც კი’’ -აცხადებს კრუტიკოვი.
პოლიტოლოგი თვლის, რომ ახლა ქართული შეიარაღებული ძალები პრაქტიკულად არარსებობს და ლაპარაკიც ზედმეტია იმაზე, რომ თბილისს არც მესამე ქვეყნებისაგან რაიმე სახის დახმარების იმედი შეიძლება ჰქონდეს. აზერბაიჯანი კი ათეული წლების მანძილზე ზრდიდა თავის სამხედრო პოტენციალს და მხოლოდ ნავთობზე ფასების კონიუნქტურამ აიძულა წლეულს წასულიყო სამხედრო ხარჯების ცალკეული მუხლების შეკვეცაზე, თუმცა ამან დააზარალა მარტოდენ ეროვნული სამხედრო მრეწველობისა და საერთაშორისო თანაშრომლობის განვითარებაზე მიმართული სამომავლო პროგრამები და არ შეხებია არმიის ძირითად დაფინანსებას. ბაქო ბოლო თვეებში ახდენდა ახალი ტექნიკის დაჯგუფებას საზღვრისპირა ზონაში, გამალებით აყალიბებდა ახალ ბრიგადებს და აშენებდა სამხედრო ქალაქებს.
ქართულ – აფხაზური კონფლიქტის სასაზღვრო ზონისაგან განსხვავებით, ომის ფრონტი ყარაბაღში ძალიან გრძელია, სავსეა საინჟინრო ნაგებობებით და მეტისმეტად რთულია ადგილობრივი რელიეფის თვალსაზრისით. აზერბაიჯანის არმიის სამხედრო მოქმედებები ამჯერად ატარებს სპონტანურ, ბოლომდე გაუაზრებელ ხასიათს და მიმდინარეობს მოძველებული ტაქტიკის გამოყენებით. ეს თავალსაჩინო ილუსტრაციია იმისა, რომ ფული და რიცხოვნება სამხედრო საქმეში ყოველთვის როდია გადამწყვეტი ფაქტორი.
მთიანი ყარაბაღის რესპუბლიკა თვით სომხეთთანაც კი არ არის დაკავშირებული რაიმე სახის სამხედრო შეთანხმებით ( ახლა ეს საკითხი დაჩქარებული წესით განიხილება ერევანსა და და სტეფანაკერტში), აფხაზეთს კი აქვს სავსებით რეალისტური და ქმედითი შეთანხება რუსეთთან ერთობლივი სამხედრო მშენებლობის სფეროში. ანუ, თუ ბაქო მხოლოდ უკანა რიცხვით ცდილობს კონფლიქტში ჩართოს თავისი ,,უფროსი ძმა’’ – თურქეთი, აფხაზეთმა წინასწარ იზრუნა და დაცულია რუსული იარაღით, რაც საფუძველშივე გამორიცხავს სოხუმის პოლიტიკური ან სამხედრო იზოლაციის შესაძლებლობას მის მიმართ აგრესიული მოქმედების მცდელობის ნებისმიერ შემთხვევაში.
საქართველოს ახლანდელ პოზიციას თბილისში შექნილი პოლიტიკურ ძალთა განლაგება განსაზღვრავს – ნატოში შესვლის სტრატეგიული კურსი მხოლოდ თვითშთაგონება და პიარია, ნატოს წარმომადგენლები გამუდმებით უსვამენ ხაზს, რომ ეს ძალზე შორეული (თუ საერთოდ არალეალური) პერსპექტივაა, რამდენადაც თბილისს ბევრი რამა აქვს შესაცვლელი თავის თავში, რომ ფორმალურად მაინც მიუახლოვდეს ნატო-ს კრიტერიუმებს.
,,ახლა ძნელია ხელისუფლებაში სააკაშვილის დაბრუნება ან კიდევ ერთი მისებრ არაადექვატური მმართველის მოსვლა, მიუხედავად იმისა, რომ ქართულ პოლიტიკურ ფენას აქვს ამგვარი პერსონაჟების გენერირების უნარი. თუმცა მოვლენათა ესოდენ მოულოდნელი განვითარების შემთხვევაშიც კი, რეგიონში არსებული სიტუაცია არ მისცემს თბილისს მსხვილმასშტაბიანი ომის დაწყების შესაძლებლობას აფხაზეთის მიმართულებით'' – აცხადებს კრუტიკოვი.
ამ ექსპერტს შეიძლება ბევრ რამეში დაეთანხმო, მაგრამ ვხედავთ იმასაც, რომ ახლანდელი მმართველი პარტია ,,ქართული ოცნება’’, რომელსაც საკმაოდ ადექვატური კურსი აქვს აღებული საგარეო პოლიტიკის სფეროში, დღითიდღე სუსტდება, ამავე დროს სულ უფრო მყარდება და ძლიერდება სააკაშვილის ,,ერთიანი ნაციონალური მოძრაობის’’ პოზიციები. ამ ძალას აქვს უნარი შექმნას დაზაბულობის კერები საგარეო პოლიტიკაში თუნდაც თვითპიარის მეშვეობით. ეს, რასაკვირველია, არ კმარა იმისათვის, რომ მათ შეძლონ გააჩაღონ ომის ახალი ხანძარი, მაგრამ თუ ამ ყველაფერს განვიხილავთ კომპლექსში სხვა ხელსაყრელ პირობებთან, რომელთა შექმნა ახლა დაჩქარებული ტემპით მიმდინარეობს, ყველაფერი შეიძლება მოხდეს და არაფერია გამორიცხული
მასალა მოამზადა სტელა ადლეიბამ
sukhum-moscow.ru