თალი ჯოპუა ფილოლოგიის მეცნიერებათა კანდიდატია, ამასწინათ იგი დე ფაქტო აფხაზეთის პრეზიდენტმა რაულ ხაჯიმბამ დანიშნა თავის თანაშემწედ სახელმწიფო ენობრივი პოლიტიკის საკითხებში. სააგენტო sukhum-moscow.ru– სთვის მიცემულ ინტერვიუში იგი აცხადებს, რომ აფხაზეთში არსებობს აფხაზურ ენასთან უშუალო და პირდაპირი შეხების მქონე საკმაოდ ბევრი ორგანიზაცია, ფონდი, ინსტიტუტი, უნივერსიტეტი, მიღებულია კანონი აფხაზური ენის შესახებ, მაგრამ აქამდე არ შექმნილა სტრუქტურა, რომელიც მოახდენდა ყველა ამ დასწესებულების საქმიანობის კოორდინირებას. მისი თქმით, ეს დანიშვნა ამ ხარვეზის შევსების მცდელობაა.
კითხვაზე, რას მოელის მისგან პრეზიდენტი, იგი პასუხობს, რომ აფხაზური ენა ბოლოს და ბოლოს უნდა ამუშავდეს და მისი ხედვა ამ მხრივ სრულ თანხმობაშია პრეზიდენტის მისწრაფებასთან. მისი აზრით, ახლა საჭიროა აფხაზური ენის განვითარებაზე მიმართული პროექტები, რომელთა განხორციელებისთვის ბიუჯეტიდან სადღეისოდ გამოყოფილი სახსრები ოდნავადაც არ არის საკმარისი. აუცილებელია უსწრაფესად განხორციელდეს პროგრამა მინიმუმი – გამოიცეს ორთოგრაფიული ლექსიკონი, ტერმინოლოგიური ლექსიკონები, ცნობარები. ეს ყველაფერი მზად არის, მაგრამ ლექსიკოგრაფთა უჯრებშია ჩაკეტილი და პრობლემა მხოლოდ მათ გამოცემაში ან ელექტრონულ საიტებზე განთავსებაშია. ჩვენ ბევრი შრიფტი გვაქვს, მაგრამ საჭიროა შევთანხმდეთ ერთიან სტანდარტზე, რასაც დღემდე ვერ მივაღწიეთ, არის სხვა შემაფეხებელი გარემოებებიც, რომელთა დიდი ნაწილი თითქოს წვრილმანია, მაგრამ მათი მოგვარების გარეშე საქმე ადგილიდან ვერ დაიძვრება. ძალიან მნიშვნელოვანია ენის შემსწავლელი კურსების საკითხიც, მაგრამ შესარჩევია ახალი მეთოდიკა,რომელიც აფხაზეთის რეალობას მოერგება. წლეულს ვგეგმავთ სახელმწიფო ენის შესახებ კანონის რეალიზაციის პროგრამის შემუშავებას – აცხადებს იგი.
–ახლა მთელ მსოფლიოში მიმდინარეობს მცირე ენების ქრობის პროცესი, სავაჭრო ურთიერთობები, ერთა შორის კომუნიკაცია უფრო პოპულარულ – ინგლისურ, არაბულ, ჩინურ, რუსულ ენებზე ხდება, ახალგაზრდა თაობა კარგავს ინტერესს მშობლიური ენისადმი, რომელიც ობიექტურად ვერ უზრუნველყოფს ინფორმაციის მიღებას. არა აქვს მნიშვნელობა, აქ რჩებიან ახალგაზრდები საცხოვრებლად თუ უცხოეთში გეგმავენ გადასვლას, სამწუხაროდ, ორივე შემთხვევაში მათმა უმეტესობამ არ იცის მშობლიური ენა. როგორ გინდა აუხსნა მათ, რომ მშობლიური ენა არის რაღაც უფრო დიდი, ვიდრე ეს ფინანსური საკითხების გადაჭრის ინსტრუმენტია?
–რთულია საკითხია, მაგრამ ვფიქრობ ჩვენ შევძლებთ ამის ახსნას. უფრო რთული იქნებოდა ენა რომ აღარ გვქონდეს, მაგრამ ჩვენი ენა ჯერაც ცოცხალია და შესაბამისად მისი ცოდნის აუცილებლობის ახსნაც შესაძლებელი. თქვენ იცით, რომ მე მთელი ომი გავიარე როგორც ჯარისკაცმა პირველიდან ბოლო დღემდე. ამ დროს მე ზრდასრული ადამიანი ვიყავი და ვიცოდი რისთვის წავედი ომში – უნდა შემენარჩუნებინა საკუთარი თავი, დამეცვა ჩემი ენა, ჩემი კუტურა. მაგრამ თუ ადამიანს ფულის გარდა არაფერი აინტერესებს, ვერაფერს გახდები.
ჩვენთვის უფრო მარტივი იქნებოდა სხვა ქვეყანაში ცხოვრება, მაგრამ გვინდა შევინარჩუნოთ ჩვენი ეთნოსი, ჩვენი სახელმწიფოებრიობა. ადამიანი ღირებულია, თუკი მას აქვს თავისი სახე. ენა ეს ისტორიაა, კულტურა, ამის გარეშე ჩვენ არ წარმოვადგენთ ფასეულობას. ენის გარეშე ჩვენ არავინ არა ვართ. ჩვენმა წინაპრებმა ათასწლეულები გამოიარეს და, მიუხედავად ძნელბედობისა, აქამდე მოიტანეს მშობლიური ენა, რატომ უნდა დავკარგოთ ახლა? ამის უფლება არა გვაქვს. პრობლემა დღეს არ წარმოქმნილა – იყო მაჰაჯირობა, როცა ხალხს მშობლიური ადგილებდან ასახლებდნენ. 40 – 50-იან წლებში აფხაზურ ენას უბრალოდ კრძალავდნენ, ხურავდნენ სკოლებს, ადამიანებს არ აძლევდნენ აფხაზურ ენაზე საუბრის უფლებას. მაგრამ ენა მაინც გადარჩა. ბევრი ყვებოდა, როგორ ცემდნენ მშობლიურ ენაზე საუბრისათვის, დღევანდელი სიტუაცია იმდროინდელი პოლიტიკის შედეგია. მაგრამ ეს უნდა დავძლიოთ. ჩვენ სხვა გზა არა გვაქვს
– ბევრი მშობელი მასწავლებლებს ადანაშაულებს იმაში, რომ ბავშვებმა აფხაზური არ იციან, მაგრამ პრობლემა თავად მათშიც არის, მშობლებში, რომელნიც შინ აფხაზურად არ ლაპარაკობენ. ასეა თუ ვცდები?
-არავითარ შემთხვევაში – ეს საერთო თემაა და საერთო პრობლემა. მარტოდენ მასწავლებელი ვერ მისცემს ბავშვს სათანადო ცოდნას. ენა მოთხოვნადი უნდა იყოს. უნდა გვქონდეს სრულფასოვანი აფხაზური სკოლა. არ არის აუცილებელი, დღესვე შემოვიღოთ აფხაზურ სკოლებში ყველა საგნის აფხაზურად სწავლება, მაგრამ ამისკენ უნდა ვისწრაფვოდეთ. ჩვენ ვგეგმავთ შევქმნათ ექსპერიმენტული აფხაზური სკოლა და დავაკვირდეთ, რა გამოვა აქედან.
-თუ არსებობს აფხაზური ენის სწავლების წარმატებული პრაქტიკა, რომელიც დაადასტურებდა მის ეფექტიანობას და ენის დაუფლების შესაძლებლობას მისცემდა ადამიანების რამდენადმე მნიშვნელოვან რაოდენობას? ეს საკითხი აქტუალურია იმდენად, რამდენადაც, ცოტანი არიან ისინი, ვისაც დაწყებითი განათლება აფხაზურ ენაზე არ მიუღიათ, მაგრამ ასეა თუ ისე შეუძლიათ ისაუბრონ მასზე.
– მეთოდიკა ბევრია, მათზე საუბარი შორს წაგვიყვანდა, მაგრამ მენდეთ, არის უმრავი მაგალითი იმისა, რომ არააფხაზი სტუდენტები აფხაზური ენის ბრწყინვალე ცოდნას ავლენდნენ საუნივერსიტეტო გამოცდებზე. ეს ახალგაზრდები აფხაზურს არა მხოლოდ ლექციებზე, არამედ კერძო მასწავლებლებთანაც სწავლობდნენ. ეს თითქოს გასაკვირია, მაგრამ მათ ჰქონდათ ამის სურვილი და, რაც მთავარია, ნებისმიერი ენის ცოდნის წყურვილი.
–როცა ჩვენში სახელმწიფო ენის სწავლებაზე ლაპარაკობენ, მხედველობაში ჰყავთ აფხაზები, რომელთაც სუსტად ან საერთოდ არ იციან აფხაზური ენა და მათი შესწავლა მართებთ. თქვენი აზრით, რით საზრდოობს შეხედულება, რომლის თანახმად სახელმწიფო ენის ცოდნა ქვეყანაში მცხოვრებ სხვა ეთნოსის წარმომადგენლებს არ მოეთხოვებათ. ისინი თითქოს ამ პროცესს მიღმა არიან. რატომ ხდება ასე?
– ეს დიდი შეცდომაა. ჩვენ ამით ადამიანებს არათანაბარ მდგომარეობაში ვაყენებთ. თუკი ადამიანი აფხაზეთში ცხოვრობს, მისთვის სახელმწიფო ენის ცოდნა სავალდებულოა. რუსი იქნება ეს, სომეხი, ბერძენი თუ ქართველი, უნდა იცოდეს აფხაზური ენა. ეს მათთვისვეა მომგებიანი. ჩვენ ყველანი თანასწორნი უნდა ვიყოთ და ამ თანასწორობას სწორედ ენა გვანიჭებს. მაგრამ ჩვენი ხალხი ამ საკითხს თავდაპირველად ძალიან დელიკატურად მოეკიდა და ამიტომ დავაგვიანეთ. ოცი წლის წინათ რომ დაგვეწყო ამ მიმართულებით მუშაობა, დღეს ენასთან დაკავშირებული სიტუაცია სულ სხვაგვარი იქნებოდა. გასაგებია, მაშინ სხვა პრობლემები გვქონდა, მაგრამ ახლა არის შესაძლებლობა, არის საფუძველი აფხაზური ენის შესწავლისათვის და ამ შესაძლებლობით უნდა ვისარგებლოთ.
ესაუბრა დიმიტრი სტატეინოვი