მთავარისიახლეებიპოლიტიკა,, ეს არის ამ პარლამენტის სახე და სირცხვილი“ - ოპოზიცია დღეს პარლამენტში...

,, ეს არის ამ პარლამენტის სახე და სირცხვილი“ – ოპოზიცია დღეს პარლამენტში მომხდარ დაპირისპირებას ეხმაურება

Published on

პარლამენტის პლენარულ სხდომაზე მომხდარ დაპირისპირებას ოპოზიცია ეხმაურება.
 
ზურაბ ჭიაბერაშვილის განცხადებით, ის  რაც დღეს პარლამენტში მოხდა   ირაკლი კობახიძის  პირადი პასუხისმგებლობისა და  პირადი წარუმატებლობის შედეგია.
 
„ბატონო ირაკლი, თავდაპირველად, თქვენ მინდა მოგმართოთ იმიტომ, რომ რაც ახლა ამ დარბაზში მოხდა, ეს არის თქვენი პირადი პასუხისმგებლობისა და თქვენი პირადი წარუმატებლობის შედეგი. თქვენ პარლამეტში ახალისებთ იმ ქცევას, რაც ახლა ხდება ან თქვენს თანაგუნდელებს ვერ აკონტროლებთ, როდესაც დეპუტატი გამოდის და მას საუბარს არ აცდიან. მეორე მხრივ, თქვენი კომენტარებით პირიქით, ახალისებთ ისეთ ქმედებას, რომელსაც საბოლოო ჯამში მივყავართ იმ მდგომარეობამდე, რაც ამ პარლამენტში 5 წუთის წინ იყო“, – ასე მიმართა „ევროპული საქართველოს“ წევრმა ზურაბ ჭიაბერაშვილმა პარლამენტის თავმჯდომარეს ირაკლი კობახიძეს
 
„ევროპული საქართველოს“ წევრმა საპარლამენტო უმრავლესობის წევრ ნუკრ ქანთარიასაც მიმართა. ზურაბ ჭიაბერაშვილის განცხადებით, ნუკრი ქანთარიამ მადლობა მოძალადეებს გადაუხადა, რადგან საპრეზიდენტო არჩევნები ძალადობრივი გზით ჩატარდა.
 
„მინდა, შეგახსენოთ, რომ თქვენ ვალდებული ხართ, თქვენი სახე აჩვენოთ არამხოლოდ იმ ადამიანებს, ვისაც ბატონმა ნუკრი ქანთარიამ მადლობა გადაუხადა, არამედ ქვეყანაში 800 000 ადამიანს, რომელიც პირდაპირ გიცხადებთ „არა“-ს. ისინი ამბობენ, რომ უკმაყოფილოები არიან არამხოლოდ იმ ეკონომიკური გაჭირვებით, რაშიც ეს ქვეყანა ძალადობრივი ფონით ჩააგდეთ, იმ სიძულვილით და ზიზღით, რაც ქვეყანაში სწორედ თქვენი წახალისებითა და თქვენი პასუხისმგებლობით არის წახალისებული.
 
ბატონ ნუკრი ქანთარიას მინდა დავეთანხმო, რომ აქ პატარა მინიატურა გათამაშდა. ოღონდ, ბატონო ნუკრი, მინიატურა მთელ ქვეყანაში, „ქართული ოცნების“ მიერ საარჩევნო პერიოდში დიდი მასშტაბით თამაშდებოდა, განსაკუთრებით 1-ელი და მე-2 ტურის განმავლობაში. თქვენ მადლობა გადაუხადეთ მოძალადეებს იმიტომ, რომ ეს არჩევნები შეფასდა, როგორც ძალადობრივი გზით ჩატარებული არჩევნები, ის არ შეფასებულა, როგორც თავისუფალი და სამართლიანი არჩევნები და თქვენ მიერ ძალით გაყვანილ სალომე ზურაბიშვილს დემოკრატიული მანდატი არ აქვს“, – განაცხადა ჭიაბერაშვილმა.
 
ამბობთ, რომ მოგვიგეთ არჩევნები და ამიტომ ეს გარჩევები უნდა მოგვიწყოთ? დარწმუნებულები ხართ, რომ სულ გამარჯვებულების მხარეს იქნებით? – ამის შესახებ პლენარულ სესიაზე სიტყვით გამოსვლისას, „ევროპული საქართველოს“ დეპუტატმა გიგა ბოკერიამ განაცხადა. 
 
 „ამ თემაზე საუბარს არ ვაპირებდი, მაგრამ მომიწევს კიდევ ერთხელ დაბრუნება იმ ინციდენტის გამო, რაც აქ მოხდა. არსებობს ქცევის წესები. თუ ვინმე თვლის, რომ დეპუტატი ხელს უშლის სხვა დეპუტატს გამოსვლაში, ამისთვის არსებობენ მანდატურები, არსებობს სხდომის წამყვანი, რომ მიიღოს ზომები. მაგრამ საქმე ეს არ არის. თქვენ წყობიდან გამოდიხართ შინაარსის და ზოგიერთ შემთხვევაში ოპონენტების მანერების გამო და წესების მიხედვით მოქცევა კი არ გინდათ, არამედ ქუჩური გარჩევის მოწყობა და ძალის დემონსტრირება გინდათ. რადგან ბევრნი ხართ, ბევრი შეგიძლიათ იყვიროთ. თუ ვინმეს გამოსვლა ან მისი მანერები არ მოგწონთ, მერე ასეთ ფიზიკურ გარჩევებს აწყობთ. ეს არის ამ პარლამენტის სახე და სირცხვილი“, – განაცხადა ბოკერიამ.
 
მის გამოსვლას „ქართული ოცნების“ დეპუტატების მხრიდან რეპლიკები მოჰყვა, რის გამოც ბოკერიამ პარლამენტის თავმჯდომარეს შესაბამისი ზომების მიღებისკენ მოუწოდა.
 
„ახლა მაინც მიიღებთ ზომებს, რომ დააწყნაროთ თქვენი კოლეგები. ასეთი საქციელის გამო, როგორც ახლა თქვენ იქცევით, 20 წუთის წინ გაწევ-გამოწევა იყო. თქვენ იმიტომ ბედავთ, რომ ბევრნი ხართ? ეს არის თქვენი წესი? ამბობთ, რომ მოგვიგეთ არჩევნები და ამიტომ ეს გარჩევები უნდა მოგვიწყოთ? და რომ წააგებთ, მერე თქვენ უნდა გცემონ გარეთ, დერეფანში? ვერ გცემენ, იმიტომ რომ ჯანიანი ხარ? თუ იარაღი გაქვს? ზუსტად ამას გეუბნებით, ეს არის თქვენი თამაშის წესი. ძალიან გინდათ 90-იან წლებში დაბრუნება? დარწმუნებულები ხართ, რომ სულ გამარჯვებულების მხარეს იქნებით? ძალიან მაგრად ცდებით, მაგრამ სამწუხარო ის კი არ არის, რომ თქვენ დაისჯებით თქვენი უპასუხისმგებლობის გამო, ქვეყანა დაისჯება“, – განაცხადა ბოკერიამ.
 
რაც ჩვენ რამდენიმე წუთის წინ ვნახეთ, არის „ქართული ოცნების“ ხელისუფლების ლეგიტიმურობის კრიზისის პირდაპირი შედეგი, – ამის შესახებ „ევროპული საქართველოს“ წევრმა სერგი კაპანაძემ პარლამენტში მომხდარი დაპირისპირების შემდეგ განაცხადა.
 
მისივე თქმით, „ქართული ოცნების“ ხელისუფლების ლეგიტიმურობის კრიზისი მზარდია.
 
„ თქვენი მმართველი ოლიგარქის მიერ ხელდასმული კანდიდატი დღეს ფლობს ძალადობის მანდატს. ეს გაიგო ყველამ, მთელმა მსოფლიომ. პირველ რიგში, საქართველოს მოსახლეობამ დაინახა. ის რეალობა, რომელიც ბოლო რამდენიმე თვის განმავლობაში მიიღეთ არის ის, რომ თქვენ პირველ ტურში დამარცხდით, მეორე ტურში „გაიმარჯვეთ“, ოღონდ ძალადობის, ტერორისა და მოსყიდვის შედეგად“, – განაცხადა სერგი კაპანაძემ.
 
პარლამენტში დეპუტატებს შორის სიტყვიერი და ფიზიკური დაპირისპირება მოხდა. დაპირისპირება მას შემდეგ დაიწყო, რაც დეპუტატ ირმა ინაშვილს სიტყვით გამოსვლისას ადგილიდან გარკვეული რეპლიკებით „ნაციონალური მოძრაობის“ წევრი ნიკა მელია პასუხობდა. ირმა ინაშვილმა გამოსვლა შეწყვიტა, მივიდა მელიასთან და მათ შორის დაპირისპირება მოხდა. დაპირისპირებაში ზაზა პაპუაშვილიც მონაწილეობდა.
 
სიტუაციის განსამუხტად დაპირისპირებაში მანდატურის სამსახურის ჩარევა გახდა საჭირო.
 

სიახლეები

ოკუპანტებმა ქვემო ნიქოზის მიმდებარე ტერიტორიიდან საქართველოს 2 მოქალაქე გაიტაცეს

რუსეთის საოკუპაციო ძალების წარმომადგენლებმა, გორის მუნიციპალიტეტის სოფელ ქვემო ნიქოზის მიმდებარედ უკანონოდ დააკავეს საქართველოს ორი...

“ოცნებამ” ივანიშვილის პრეზიდენტის ინაუგურაციაზე ელჩები არ დაპატიჟა

შალვა პაპუაშვილი ადასტურებს, რომ ბიძინა ივანიშვილის მიერ დანიშნული პრეზიდენტის მიხეილ ყაველაშვილის ინაუგურაციაზე ელჩები დაპატიჟებულები...

ხელჩართული ჩხუბი პროფკავშირებში – ნაცემია სამი ადამიანი

ხელჩართული ჩხუბი პროფკავშირებში - ნაცემია სამი ადამიანი. ერთ-ერთ მათგანს კბილები აქვს ჩამტვრეული, მეორეს დაზიანება...

“ვგმობ მშვიდობიანი პროტესტის ძალადობრივი ფორმით დარბევას” – ადიგენის საკრებულოს აპარატის უფროსი

მორიგი საპროტესტო განცხადება საჯარო სექტორიდან. ადიგენის მუნიციპალიტეტის საკრებულოს აპარატის უფროსი მიხეილ ბუცხრიკიძე 28 ნოემბერს...