“ოლე ოლას” სიმღერის ვიდეოს გამოქვეყნებისთვის მომღერალი სოფო ბათილაშვილი 3 000 ლარით დააჯარიმეს.
გადაწყვეტილება მოსამართლე კობა ჩაგუნავამ მიიღო.
“1 წლის წინ ისიც სიგიჟე იყო, რომ ტროტუარზე დგომის გამო ადამიანებს დაიჭერდნენ, მაგრამ მოვედით იქამდე, სადაც ყველაფრის გამო იჭერენ, რის გამოც სურთ, თუ ეს ადამიანი წინააღმდეგობას გამოხატავს ან პროტესტს გამოხატავს ან სოლიდარობას მათ მიმართ ვინც პროტესტშია. მოვედით მაქამდე, სადაც სიმღერების სია შეიძლება შემოგვთავაზონ, უკვე დაიწყეს, რომელი სიმღერებიც არ შეიძლება რომ შესრულდეს. ცენზურასთან გვაქვს საქმე უკვე მუსიკოსებს.” – განაცხადა სოფო ბათილაშვილმა სხდომის შემდეგ ჟურნალისტებთან.
აღნიშნული ვიდეო ბათილაშვილმა სოციალურ ქსელში 8 ოქტომბერს დადო.
“სიმღერის გამო სასამართლოში ხალხის დაბარება დაიწყეს. დიახ, სწორად კითხულობთ. ტექნიკურად, დღეს დაიწყო სხდომები.
ჰოდა, რადგან 2026 წლის საქართველოში ადამიანებს ამ სიმღერის გამო, ვიმეორებ, სიმღერის გამო, ასამართლებთ, მე, რომელსაც ოლეოლები კაი ხნის მობეზრებული მქონდა და რახანია წაღიღინების სურვილიც კი არ გამჩენია, აგერ, უცებ, ინებეთ.
ვპოსტავ სიმბოლურად 22:00-ზე, მაშინ, როცა აქციაზე ჩემი თანამებრძოლები ამ სიმღერას ყურში ჩამკივიან ხოლმე. მინდოდა დამეწერა, მღერიან მეთქი, მაგრამ მერე ფრჩხილებში მომიწევდა მიმეთითებინა: “ავად თუ კარგად”, “რა დროსაც მე ყურსასმენებს ვიკეთებ”, ან რამე ეგეთი და უნდა მეხარჯა ზედმეტი სიტყვები. მიხარია რომ არ დავწერე.
(ჩვენში დარჩეს, არ გამოვრიცხავ, მაგ ნიშნით შეედგინათ ზოგზოგიერთებისთვის ოქმები, მაგრამ საინტერესოა, რომელი პოლიციელი გამომივიდა მარინა ბერიძე და მაგათ თავი ჯეოსტარში ხო არ ჰგონიათ?)
ამ პოსტშივე გამოვუცხადებ სოლიდარობას @kordzmusic -ს:)
და პოსტის მიწურულს დავწერ ამას: ვიცი, რამდენი რამეც განორმალურდა, ისიც ვიცი, როგორ გიპირისპირდებიან, თუ ხმას იღებ, მაგრამ უნდა შევიხსენოთ, რომ არაა ნორმალური როგორც ექცევიან ადამიანებს და რომ ჯერ ისევ გვაქვს ერთმანეთის ზურგი. სხვანაირად უბრალოდ აზრი არ აქვს და ოდესმე თქვენც აღმოჩნდებით იქ, სადაც მიხვდებით, რომ სხვანაირად აზრი არ აქვს.” – წერდა მომღერალი Facebook-ზე.