ფონიჭალაში, სადაც გუშინ, საცხოვრებელი კორპუსის მეხუთე სართულზე ბუნებრივი აირის დაგროვების შედეგად აფეთქება მოხდა, საგამოძიებო მოქმედებები ამ დრომდე გრძელდება.
ადგილზე დილიდან იმყოფებიან სამართალდამცველები და მეხანძრე-მაშველები.
ოჯახები პირადი მოხმარების ნივთების გამოსატანად მიმდებარე კორპუსებში უსაფრთხოების ზომების დაცვით შედიან. მათ დახმარებას მეხანძრე-მაშველები უწევენ.
პარალელურად მიმდინარეობს ტერიტორიის გაწმენდითი სამუშაოები. ადგილზე, მერიის შესაბამისი სამსახურის წარმომადგენლებიც იმყოფებიან.
კვლავ გაშლილია საგანგებო სიტუაციებზე რეაგირების საგანგებო შტაბი.
ცნობისთვის, ფონიჭალაში, საცხოვრებელი კორპუსის მეხუთე სართულზე ბუნებრივი აირის დაგროვების შედეგად აფეთქება 19 ნოემბერს მოხდა. უბედური შემთხვევის შედეგად დაიღუპა 6 ადამიანი, 5 კი – დაშავდა.