ქვემო ფონიჭალაში, სადაც საცხოვრებელ კორპუსში აფეთქება მოხდა, ნანგრევებში შვიდ ადამიანს ეძებენ. მათ შორის სამი მცირეწლოვანი ბავშვია.
როგორც ადგილზე მისულმა შინაგან საქმეთა მინისტრმა, სულხან თამაზაშვილმა განაცხადა, ამ დროისთვის ნანგრევებიდან ოთხი პირია ამოყვანილი და შესაბამის კლინიკებში გადაყვანილი.
მინისტრის ინფორმაციით, დაშავებულთაგან ერთის ჯანმრთელობის მდგომარეობა მძიმეა.
სულხან თამაზაშვილმა აფეთქების სავარაუდო მიზეზზეც ისაუბრა. მისი განცხადებით, დადგენილია, რომ აფეთქება საცხოვრებელ კორპუსში დამონტაჟებულმა გაზის გამათბობელმა გამოიწვია.
ადგილზე ამ დრომდე გრძელდება სამძებრო-სამაშველო ღონისძიებები
გვაქვს უბედური შემთხვევა, ადგილზე მობილიზებულია შინაგან საქმეთა სამინისტროს ყველა შესაბამისი დანაყოფი კომპეტენციის ფარგლებში,ასევე მუნიციპალური სამსახურები. პროაქტიურად მიმდინარეობს სამაშველო ღონისძიებები, 4 პირი გამოყვანილია ნანგრევებიდან და გადაყვანილია სამედიცინო დაწესებულებებში, მათგან ერთის მდგომარეობა სამწუხაროდ, მძიმეა, თუმცა, ყველა კონტაქტურია. ასევე, სამწუხაროდ, ნანგრევებშია 7 პირი, მათ შორის, 3 მცირეწლოვანი. შემთხვევის ადგილიდან მოსახლეობა ევაკუირებულია და ვაგრძელებთ აქტიურად სამაშველო ღონისძიებას. დაშავებულებს შორის ერთი არასრულწლოვანია, რომელსაც ყურის მიდამოში აქვს დაზიანება, თუმცა კონტაქტურია.
ნახევარი საათის წინ, გადმოიხარა საყრდენი კედელი, შესაბამისად, წინა მხრიდან სამაშველო ღონისძიებების პროცესი შეჩერდა და ბიჭები უკანა მხრიდან მუშაობენ აქტიურად. ნგრევის საფრთხე რეალურად არის. აფეთქების მიზეზი და კერა იდენტიფიცირებულია. ეს არის გაზის შედეგად მომხდარი, გამათბობლის მიზეზის გამო. მოქალაქე მეხუთე სართულზე ცდილობდა გამათბობლის ჩართვას. როგორც ის ამბობს, ღამე ჩავრთეო, შემდეგ გამოვრთე, დილით ვცადე ჩართვა და აფეთქება მოხდაო. ეს შემიძლია გითხრათ“, – განაცხადა შს მინისტრმა.
“უსინათლოთა დასახლებაში“ ამ წუთებში მეხანძრე-მაშველები, კინოლოგთა ჯგუფი, ასევე საპატრულო პოლიციის ეკიპაჟები და სასწრაფო სამედიცინო დახმარების ბრიგადები მუშაოებენ .
აფეთქება ქვემო ფონიჭალაში ცოტა ხნის წინ მოხდა – “უსინათლოთა დასახლებაში“ ხუთ სართულიანი კორპუსის სადარბაზო ჩამოინგრა. ბოლო ინფორმაციით, ნანგრევებიდან მაშველებმა 4 პირი გამოიყვანეს. ისინი კლინიკებში არიან გადაყვანილები.