საკონსტიტუციო სასამართლოში, სადაც ოპოზიციური პარტიების გაუქმებასთან დაკავშირებული სარჩელის განხილვა მიმდინარეობს, „კოალიცია ცვლილებისთვის“ ლიდერს, ნიკა გვარამიასა და „ქართული ოცნების“ წარმომადგენლებს შორის დებატები გაიმართა.
მმართველი გუნდის წევრები დაინტერესდნენ, ცნობს თუ არა ოპოზიციონერი სახელმწიფო ინსტიტუტების, პარლამენტისა და მიხეილ ყაველაშვილის ლეგიტიმურობას.
ნიკა გვარამიას განცხადებით, მისთვის არც მოქმედი პარლამენტი და არც ამ პარლამენტის მიერ არჩეული პრეზიდენტი ლეგიტიმური არ არის, თუმცა ეს კანონების დაუმორჩილებლობას არ ნიშნავს. ოპოზიციონერი ლიდერი განმარტავს, რომ ლეგიტიმაცია უმთავრესად პოლიტიკური შეფასების საკითხია და ხელისუფლების არაღიარება სახელმწიფოსა და კონსტიტუციური წყობილების უარყოფას არ უდრის.
პარლამენტს არ მივიჩნევ ლეგიტიმურად, რაც ჩემი პოლიტიკური შეფასებაც არის. ლეგიტიმაცია არ არის მხოლოდ სამართლებრივი ნაწილი, არის უმთავრესად პოლიტიკური. ვაღიარებ თუ არა ჩემს მთავრობად? – ეს არანაირად არ უკავშირდება იმას, ვასრულებ თუ არა კანონებს, მათ შორის, მათ მიერ მიღებულსაც. ეს ერთმანეთთან კავშირში არაა, თუმცა დიახ, ვასრულებ და დიახ, არ ვაღიარებ. არ მგონია, რომ ამ საკონსტიტუციო სასამართლოში რომელიმე წევრი იყოს არჩეული ამ პარლამენტის მიერ. ეს ფორმალური საფუძველიც მაქვს, რომ არ დავუკავშირო ეს პარლამენტი, ამ სასამართლოს. ვეთანხმები, მიმაჩნია თუ არა სამართლებრივად და ა.შ. ეს მეორე საკითხია. მე არ ვეთანხმები ბევრ გადაწყვეტილებას, მათ შორის განსაკუთრებულად საერთო სასამართლოებისას გადაწყვეტილებებს, მაგრამ ეს არ ნიშნავს იმას, რომ არ ვემორჩილები. ეს სხვადასხვა რამეა.
ის, რომ, როგორც იურისტსაც მქონდეს ჩემი დამოკიდებულება მათ შორის, უკიდურესად ნეგატიური კონკრეტული სასამართლოების მიმართ, ეს განსხვავებული საკითხია. როგორც პოლიტიკოსი მიმაჩნდეს, რომ სასამართლო არის მმართველი რგოლის გაგრძელება, ესეც ჩემი პოლიტიკური შეფასების საკითხია.
მგონია, რომ ლეგიტიმაციის საკითხი მოსარჩელეს არ ესმის იმგვარად, როგორიც არის დოქტრინასა და სამართლებრივ წარმოებებში, სხვადასხვა ქვეყნის სასამართლოებისა და ევროპის სასამართლოს მიერ. ეს არის უმეტესწილად, პოლიტიკური საკითხი, ამიტომ ვერ გახდება წინაპირობა კონსტიტუციით განსაზღვრული მკაფიოდ სამართლებრივი საკითხისა, რომელიც კონსტიტუციური წყობილების დამხობას უკავშირდება. კვლავ გავიმეორებ, ხელისუფლება არ არის სახელმწიფო და არც მისი კონსტიტუციური წყობილება“, – განაცხადა ნიკა გვარამიამ.
გვარამიას ამ პოზიციას „ქართული ოცნების“ წარმომადგენლების, თორნიკე ჭეიშვილისა და არჩილ გორდულაძის რეპლიკები მოჰყვა. მათ ოპოზიციონერ ლიდერს შეახსენეს, რომ საკონსტიტუციო სასამართლოს მოქმედ შემადგენლობაში მიხეილ ყაველაშვილის მიერ დანიშნული ორი მოსამართლეა. მმართველი გუნდის წევრები დაინტერესდნენ, რამდენად ლოგიკურია სასამართლოს ლეგიტიმურად ცნობა მაშინ, როცა მისი წევრების დამნიშნავი პირი არალეგიტიმურად ცხადდება.
ნიკა გვარამიამ საპასუხოდ აღნიშნა, რომ პრეზიდენტის არალეგიტიმურობა ავტომატურად არ აუქმებს მის მიერ გამოცემულ აქტებს და პარალელი შეწყალების პროცესთან გაავლო.
„ყაველაშვილს ჰყავს ხალხიც შეწყალებული, მე არ მიმაჩნია, რომ ისინი არალეგიტიმურად შეიწყალეს და უკან უნდა შებრუნდნენ ციხეში, იმიტომ, რომ ყაველაშვილი არ არის ლეგიტიმური. აქ ვდგავარ იმიტომ, რომ მიმაჩნია, საკონსტიტუციო სასამართლო – ჩემი შეფასება მაქვს შინაარსთან დაკავშირებით, ასეა თუ ისეა – არის ლეგიტიმური სასამართლო ორგანო“, – უპასუხა გვარამიამ „ქართული ოცნების“ წარმომადგენლებს.
ოპოზიციონერი ლიდერის თქმით, მიუხედავად იმისა, რომ საერთო სასამართლოების სისტემას „მძიმედ დაზიანებულად“ მიიჩნევს, ის ყველა სასამართლოს წინაშე ცხადდება, გარდა საპარლამენტო კომისიისა, რომელსაც ანტიკონსტიტუციურად აფასებს.