გაფართოების საკითხებში ევროკომისარი, მარტა კოსი საქართველოს ხელისუფლების გადაწყვეტილებას გამოეხმაურა.
საუბარია დაკავშირებადობის მინისტერიალზე ქართული მხარის არ დასწრების ფაქტზე.
კოსის თქმით, საქართველოს მტავრობას დაკავშირებადობის ღონისძიებებზე ჩამოსვლა იმიტომ არ უნდა, რომ უმაღლეს დონეზე არ არიან მიწვეულები:
მოხარული ვარ, რომ გუშინ გვყავდა დიდი რაოდენობით ახალგაზრდა წარმომადგენელი საქართველოდან. ვესაუბრე მათ და კვლავ სწამთ ქვეყნის ევროპული მომავლის. სწორედ ამიტომ აქვს ქვეყანას კანდიდატის სტატუსი. დიახ, ჩვენ ვთქვით, რომ მხოლოდ ქაღალდზეა. სანამ ქვეყანა არ წაიწევს წინ იმ სფეროში, რომელსაც ფუნდამენტურს ვუწოდებთ, გზას ვერ გავაგრძელებთ. არსებობს საბჭოს დასკვნა როგორ შეგვიძლია მაღალ დონეზე მუშაობა საქართველოსთან. ორჯერ თუ სამჯერ მოვიწვიეთ საქართველოს წარმომადგენლები დაკავშირებადობის ღონისძიებებზე, მაგრამ არასდროს ჩამოსულან. ჩვენ ვცდილობთ მათთან მუშაობას, ვიწვევთ, მაგრამ სურვილი არ აქვთ ჩამოსვლის, რადგან არ ვიწვევთ მათ უმაღლეს დონეზე”- აცხადებს კოსი “ევროსკოპის” თანახმად.
საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს განცხადებით, 16 ნოემბერს ბრიუსელში დაგეგმილ ღონისძიებებში და მათ შორის დაკავშირებადობის მინისტერიალში მონაწილეობის მისაღებად საქართველოს შესაბამის დონეზე მოწვევა არ მიუღია, შესაბამისად, აღნიშნულ შეხვედრაში მონაწილეობას საქართველოს წარმომადგენელი არ მიიღებს.
„ამასთან, საქართველო რჩება ევროკავშირთან კონსტრუქციული თანამშრომლობის ერთგული და მზად არის, მიიღოს მონაწილეობა შეხვედრებში შესაბამის დონეზე მოწვევის შემთხვევაში. აღნიშნული პოზიცია ცნობილია ბრიუსელისთვის“, — აცხადებს საგარეო უწყება.
გუშინ, 15 ნოემბერს, საქართველოს ელჩი ევროკავშირში ვახტანგ მახარობლიშვილმა “პუბლიკას” უთხრა, რომ 16 ნოემბერს დაკავშირებადობის მინისტერიალზე მონაწილეობას მიიღებდა:
„იდეაში, დაპატიჟებული ვარ; [აპირებთ, მიხვიდეთ?] კი, რატომაც არა. ვაპირებ, კი“, — თქვა მახარობლიშვილმა.