Georgian Airways-ის სამეთვალყურეო საბჭოს წევრმა თამაზ გაიაშვილმა РБК-სთან ინტერვიუში განაცხადა, რომ 2026 წელს რუსეთში ფრენებზე ავიაკომპანიამ $8 მილიონი იზარალა. მისი თქმით, ზარალი რუსეთის აეროპორტების დაუგეგმავმა დახურვამ და საწვავის გაძვირებამ გამოიწვია.
ცნობისთვის, სექტემბრიდან ავიაკომპანიამ თბილისი-მოსკოვის რეისების რაოდენობა დღეში სამიდან ორამდე შეამცირა. კომპანიის მიხედვით, ღამით აეროპორტების დახურვის გამო საღამოს თითქმის ყველა რეისს სათადარიგო აეროპორტში უწევდა დაშვება, ზოგჯერ კი თვითმფრინავები მოსკოვში შემოვლითი გზით, ურალის გავლითაც მიფრინავდნენ.
გაიაშვილის თქმით, სათადარიგო აეროპორტებში დაშვების შემდეგ მგზავრებს ზოგჯერ თვითმფრინავიდან დიდხანს არ უშვებდნენ. იყო შემთხვევებიც, როცა მგზავრები ტერმინალში გადაიყვანეს, თუმცა, ბორტზე დაბრუნების უფლება აღარ მისცეს.
ინტერვიუში გაიაშვილი განმარტავს, რომ რუსეთის საავიაციო უწყებები ფრენის გაგრძელებას შიდა რეისად მიიჩნევდნენ, რომლის შესრულების უფლებაც ქართულ ავიაკომპანიას არ აქვს. ამის გამო, მგზავრებს მოსკოვში სხვა რეისით ან მატარებლით უწევდათ ჩასვლა.
ამის მიუხედავად, Georgian Airways რუსეთში ფრენებს გააგრძელებს, თუმცა, გაიაშვილის თქმით, აეროპორტების მუშაობის სტაბილიზაციამდე ახალ მიმართულებებს აღარ დაამატებს. ავიაკომპანიამ რუსეთში ფრენები 2023 წლის მაისში განაახლა და რეისებს მოსკოვში, სანქტ-პეტერბურგსა და ნოვოსიბირსკში ასრულებს.