უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ თქვა, რომ მზადაა, პუტინსა და ტრამპს მოლაპარაკებებისთვის თურქეთში შეხვდეს. მისივე თქმით, “ლიდერებს შორის შეხვედრა აუცილებელია” და სურს, რომ პუტინსა და ტრამპს “შეხვდეს, როგორც გადაწყვეტილების მიმღებებს”.
ამის შესახებ ზელენსკიმ სტამბოლში CNN Türk-ისთვის მიცემულ ინტერვიუში ილაპარაკა.
ზელენსკიმ აღნიშნა, რომ ტექნიკური ჯგუფების მოლაპარაკებები შესაძლოა გარკვეულ სირთულეებს აწყდებოდეს, თუმცა ფიქრობს, რომ ლიდერებს შორის სამმხრივი შეხვედრის შემთხვევაში “არ არსებობს პრობლემა”, რომელსაც ნების გამოვლენით ვერ მოაგვარებენ.
“ეს ომი უნდა დასრულდეს. უნდა გავერთიანდეთ, სულ მცირე, ეს ომი ცხელი ფაზიდან დიპლომატიურში უნდა გადავიტანოთ. ამ ეტაპზე თურქეთის შუამავლობის იმედი მაქვს. პირადად მე ვფიქრობ, რომ ჩვენი ურთიერთობა პრეზიდენტთან [რედ. – ერდოღანთან] და ასევე მისი ურთიერთობები ტრამპთან და პუტინთან შესაძლოა სასარგებლო გამოდგეს. დღეს თურქეთში სამმხრივი ფორმატის შეხვედრის შესაძლებლობა ასევე იყო განხილული. რა თქმა უნდა, თუკი თურქეთი ამის მიღწევას შეძლებს, ჩვენ ამას დავთანხმდებით და მხოლოდ გაგვიხარდება. […]
თურქეთში ამ შეხვედრისთვის მზად ვართ. ამასთან დაკავშირებით თურქეთის პოზიცია გასაგებია. პრეზიდენტ ერდოღანის პოზიცია გასაგებია. თურქეთთან ახლო და კარგი ურთიერთობა გვაქვს. თურქეთი პრაქტიკული და რეალისტური შაუამვალი შეიძლება იყოს და შეხვედრის დროს რომელიმე მხარეს არ დაიჭერს – სრულ შუამავლად შეუძლია იმოქმედოს. […]
ტექნიკურ გუნდებს შეხვედრის დროს დასკვნის მიღწევაში გარკვეული სირთულეები შეიძლება შეექმნათ, მაგრამ არ მგონია, რომ არსებობდეს პრობლემა, რომელსაც ვერ მოვაგვარებთ, როდესაც ჩვენ, როგორც ლიდერები, ჩვენს ნებას გამოვავლენთ. ამიტომ მსურს, რომ შევხვდე მათ, როგორც გადაწყვეტილების მიმღებებს”. – თქვა ზელენსკიმ.
უკრაინის პრეზიდენტის თქმით, შეხვედრის დეტალები ანკარასთან უკვე განიხილა და საკითხზე თურქეთის პრეზიდენტს, რეჯეფ თაიფ ერდოღანს ორმხრივი შეხვედრის დროს ელაპარაკა.
“ახლა ვიცით, რომ პრეზიდენტი ერდოღანი ამ საკითხების რუსულ მხარესთან განიხილავს. დისკუსიის ფორმატი, მეთოდი და დაგეგმილი დრო, რა თქმა უნდა, პრეზიდენტმა უნდა შეარჩიოს”. – თქვა ზელენსკიმ.
ზელენსკიმ აბუ-დაბიში უკრაინის, რუსეთისა და აშშ-ს მოლაპარაკების ჯგუფების სამომავლო შეხვედრაც განიხილა და ხაზი გაუსვა, რომ რიგი საკითხების, მაგალითად, სრული ცეცხლის შეწყვეტის განსახილველად ლიდერების დონეზე შეხვედრა არის საჭირო.
“ჩვენი ტექნიკური გუნდები მოლაპარაკებებს ჩაატარებენ, თუმცა მიგვაჩნია, რომ ლიდერების შეხვედრა აუცილებელი წინაპირობაა. საკითხები, რომელთა განხილვაც ტექნიკურ ჯგუფებს შეუძლიათ, ნათლად არის განსაზღვრული. ზოგიერთი მათგანი, პირიქით, ლიდერების დონეზე უნდა განიხილებოდეს”. – თქვა ზელენსკიმ.
უკრაინის პრეზიდენტის თქმით, ტექნიკური მოლაპარაკებები, მათ შორის, ენერგეტიკულ ობიექტებზე ცეცხლის შეწყვეტას, საზღვაო ცეცხლის შეწყვეტას, პატიმართა გაცვლასა და ლიდერთა შორის შესაძლო შეხვედრისთვის მზადებას შეეხება.
ამასთან, ზელენსკიმ თქვა, რომ ლიდერების შეხვედრის მთავარი განსახილველი საკითხი “უპირობო და სრული ცეცხლის შეწყვეტის უზრუნველყოფა და ასევე მონიტორინგის მტკიცე მექანიზმის გამოყენებით მისი კონტროლი” უნდა იყოს. მისივე თქმით, ლიდერების შეხვედრაზე უკრაინის უსაფრთხოების გარანტიები და მისი აღდგენის გეგმა უნდა განიხილონ.
გარდა ამისა, უკრაინის პრეზიდენტმა ხაზი გაუსვა, რომ ტერიტორიული საკითხი “ძალიან დელიკატურია”. მანვე დაამატა, რომ რუსეთი ცდილობს, რიგი შუამავლების მეშვეობით გადასცეთ, რომ ოკუპირებული ტერიტორიების რუსეთის ნაწილად აღიარება სურს. უკრაინის პრეზიდენტის თქმით, “ეს ჯანსაღი და გონიერი” მიდგომა არ არის და უკრაინა ტერიტორიებზე უარს არ იტყვის.
“რა თქმა უნდა, ჩვენს ტერიტორიებზე უარს არ ვიტყვით. ჩვენს აღმოსავლეთ ტერიტორიებს, მათ შორის, ყირიმს, რომელიც რუსეთის დროებითი ოკუპაციის ქვეშ იმყოფება, რუსეთის ნაწილად ვერ ვაღიარებთ. ეს ჩვენი ღირსების, ჩვენი საზოგადოების ნებისა და ჩვენი კონსტიტუციის საწინააღმდეგო ნაბიჯი იქნებოდა.
რუსეთს ეს სურს და ცდილობს, ეს ჩვენ სხვადასხვა შუამავლების მეშვეობით გაგვაგებინოს. თუმცა, ეს ჯანსაღ და გონიერ მიდგომას არ წარმოადგენს. ამიტომ, ჩვენი პრიორიტეტი არსებულ ფრონტის ხაზზე ზავის უზრუნველყოფა და შემდგომ სხვა საკითხების განხილვაა”. – თქვა ზელენსკიმ.