4 ოქტომბრის საქმეზე მსჯავრდებულმა ნანა სანდერმა პროკურატურას საპროცესო შეთანხმების გაფორმების თხოვნით მიმართა. ამის შესახებ სააპელაციო სასამართლოში გამართულ სხდომაზე გახდა ცნობილი.
მსჯავრდებულის ადვოკატის, გოგა ბოგვერაძის თქმით, ბრალდების მხარესთან კომუნიკაციით შედგა შეთანხმება, რომ ნანა სანდერმა საპროცესო გარიგებით დატოვოს საპატიმრო. ადვოკატი ამბობს, რომ ნანა სანდერი აღიარებს და ინანიებს ბრალდებას.
“დიახ, ვაღიარებ ბრალს. ყველაფერში ვეთანხმები ჩემს ადვოკატს. თანახმა ვარ, 1 წელსა და 1 თვეზე გამიფორმონ საპროცესო შეთანხმება”, – ინტერპრესნიუსის ცნობით, განაცხადა მსჯავრდებულმა სასამართლო პროცესზე.
ნანა სანდერს 7-წლიანი პატიმრობა აქვს მისჯილი. ის დამნაშავედ ცნეს ჯგუფური ძალადობის ორგანიზებაში. ასევე, საქართველოს კონსტიტუციური წყობილების ძალადობით შეცვლისა და სახელმწიფო ხელისუფლების დამხობისკენ მოწოდებაში.