ადამიანის უფლებათა ევროპულმა სასამართლომ 2019 წლის 20-21 ივნისის მოვლენებისას დაკავებული გელა ჭიღლაძის საქმეზე გადაწყვეტილება გამოაქვეყნა. სასამართლომ დაადგინა ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის მე-3 მუხლის პროცედურული ნაწილის დარღვევა, რაც სამართალდამცავების მხრიდან სავარაუდო ძალადობის ფაქტების არაეფექტიან და გაჭიანურებულ გამოძიებას უკავშირდება.
სტრასბურგის სასამართლოს გადაწყვეტილებით, სახელმწიფომ გელა ჭიღლაძეს კომპენსაციის სახით 1 800 ევრო უნდა გადაუხადოს, ხოლო სასამართლო ხარჯების ასანაზღაურებლად — 2 000 ევრო.
გელა ჭიღლაძე 2019 წლის 21 ივნისს, გამთენიისას, პარლამენტის მიმდებარე ტერიტორიაზე დააკავეს. მას პოლიციელებისთვის შეურაცხყოფის მიყენებას ედავებოდნენ. მაშინ იგი 1 000 ლარით დააჯარიმეს.
დაკავების ოქმსა და სამედიცინო ცნობებში ჭიღლაძეს სხეულის სხვადასხვა დაზიანება ჰქონდა დაფიქსირებული, მათ შორის სისხლჩაქცევები და ნაკაწრები. მისი თავდაპირველი განცხადებით, პოლიციელებმა იგი ხელკეტებით სცემეს, შემდეგ კი გაიტაცეს.
ევროპული სასამართლოს განმარტებით, ვინაიდან დაკავებისას ჭიღლაძეს დაზიანებები აღენიშნებოდა, ხელისუფლება ვალდებული იყო, საკუთარი ინიციატივით დაუყოვნებლივ დაეწყო გამოძიება. თუმცა გამოძიება მხოლოდ რამდენიმე თვის შემდეგ დაიწყო.
დაგვიანების გამო, სამართალდამცავებმა ვერ შეძლეს შემთხვევის ადგილზე არსებული სათვალთვალო კამერების ჩანაწერების მოპოვება — ისინი წაშლილი ან ტექნიკური პრობლემების გამო დაკარგული აღმოჩნდა. ამასთან, საქმის მთავარი მოწმეები მომხდარიდან თითქმის ორი წლის შემდეგ დაკითხეს.
მიუხედავად იმისა, რომ სასამართლომ გამოძიება არაეფექტიანად მიიჩნია, მან არ დაადგინა კონვენციის მე-3 მუხლის არსებითი ნაწილის დარღვევა, რაც უშუალოდ წამების ან არაადამიანური მოპყრობის ფაქტის დადასტურებას გულისხმობს.
სასამართლოს შეფასებით, გამოძიების ხარვეზებისა და მომჩივნის ჩვენებაში არსებული შეუსაბამობების გამო, შეუძლებელი გახდა გონივრულ ეჭვს მიღმა იმის დადგენა, რომ პოლიციამ ჭიღლაძეს მის მიერ აღწერილი ფორმით გაუსწორდა.
ასევე, სასამართლომ არ დააკმაყოფილა საჩივარი სამართლიანი სასამართლოს უფლების დარღვევასთან დაკავშირებით.