მარნეულის მერის ძმა, ქენან ისმაილოვი, რომელიც მიმდინარე წლის აპრილში ძალადობის ბრალდებით დააკავეს, უკვე სახლში იმყოფება. ამის შესახებ სამირა ბაირამოვა სოციალურ ქსელში წერს.
მისი ინფორმაციით, გამთენიისას ის ნიღბიან ჯგუფთან ერთად მოქალაქეს თავს დაესხა და ჯგუფურად სცემა, რის შემდეგაც თავდამსხმელები შემთხვევის ადგილიდან მიიმალნენ.
ბაირამოვას განცხადებით, ეს მერის ძმის ხულიგნობის მესამე შემთხვევაა, რომელზეც გამოძიება დაიწყო. მისივე თქმით, უცნობია, რა ბედი ეწიათ შემთხვევასთან დაკავშირებულ სხვა პირებს.
6 აპრილს სამირა ბაირამოვამ გაავრცელა ინფორმაცია, რომ ქენან ისმაილოვი ძალადობის ბრალდებით დააკავეს. მაშინ იგი წერდა, რომ მარნეულში მერის ოჯახის წევრები და მათი გარემოცვის წარმომადგენლები ქაოსს ქმნიდნენ, ხოლო მერის ძმამ თანამოაზრეებთან ერთად მოქალაქე სასტიკად სცემა.