მთავარისიახლეები4 ოქტომბრის საქმე - მურთაზ ზოდელავა და ლაშა ბერიძე საპროცესოს ითხოვენ

4 ოქტომბრის საქმე – მურთაზ ზოდელავა და ლაშა ბერიძე საპროცესოს ითხოვენ

Published on

4 ოქტომბრის საქმეზე მსჯავრდებულები: მურთაზ ზოდელავა, ლაშა ბერიძე და გური ჟვანია საპროცესო შეთანხმებას ითხოვენ. ინფორმაციას ინტერპრესნიუსი და TV იმედი ავრცელებენ.

ინტერპრესნიუსის ცნობით, საპროცესო შეთანხმებასთან დაკავშირებით მოთხოვნა მსჯავრდებულებმა სააპელაციო სასამართლოში, პროცესზე დააყენეს. მათი ამ განცხადებების შემდეგ, სასამართლო სხდომა 13 ოქტომბრამდე გადაიდო.

ტაბულა დეტალებისთვის პროკურატურასა და დაცვის მხარესთან დაკავშირებას ცდილობს.

თბილისის საქალაქო სასამართლომ მურთაზ ზოდელავა და ლაშა ბერიძე 4 ოქტომბრის საქმეზე ჯგუფური ძალადობის ორგანიზებაში დამნაშავედ 7 მაისს ცნო და 7-7 წელი მიუსაჯა. რაც შეეხება გური ჟვანიას, მას 5 წელი აქვს მისჯილი – ჯგუფურ ძალადობაში მონაწილეობისთვის.

გასული წლის 4 ოქტომბერს, რუსთაველის გამზირზე შეკრება მოქალაქეებმა 16:00 საათიდან დაიწყეს. 18:00 საათზე, პაატა ბურჭულაძემ თავისუფლების მოედანზე მისი განცხადებით, “ეროვნული კრების დეკლარაცია” წაიკითხა და თქვა, რომ “ამიერიდან ძალაუფლება ეკუთვნის ხალხს”.

ამის შემდეგ მოქალაქეებს მურთაზ ზოდელავამ მიმართა და მოუწოდა, ათონელის რეზიდენციისკენ წასულიყვნენ – ” მხოლოდ და მხოლოდ მამაკაცური ძალა ვიკრიბებით ბარათაშვილის პარკისკენ და ვიწყებთ მოძრაობას, რათა ქართველმა ხალხმა დაიწყოს საკუთარი სახელისუფლებო ცენტრების დაბრუნება” – თქვა მან.

მოქალაქეთა ნაწილმა პრეზიდენტის რეზიდენციის ეზოში ჯებირები მოარღვია, გდდ-მ მომიტინგეთა წინააღმდეგ სპეცსაშუალებები გამოიყენა და ათონელის სასახლის ეზო დაატოვებინა.

მომიტინგეთა ნაწილი ათონელის ქუჩაზე დარჩა, ნაწილი რუსთაველის გამზირსა და თავისუფლების მოედანზე. გდდ-მ აქციის მონაწილეთა წინააღმდეგ, რამდენჯერმე გამოიყენა წიწაკის სპრეი და გაზი, ასევე წყლის ჭავლი.

ცოტა ხანში ივანიშვილის შს მინისტრის მოადგილემ , ალექსანდრე დარახველიძემ განაცხადა, რომ “თბილისში მიმდინარე აქციის ორგანიზატორების და მონაწილეების მიერ განხორციელებულ კანონსაწინააღმდეგო ძალადობრივ ქმედებებთან დაკავშირებით” გამოძიება სსკ-ს 4 მუხლით: 317-ე, 187-ე, 222-ე და 225-ე დაიწყო.

რამდენიმე საათში გახდა ცნობილი, რომ 4 ოქტომბრის საორგანიზაციო კომიტეტის ხუთივე წევრი – პაატა ბურჭულაძე, მურთაზ ზოდელავა, ირაკლი ნადირაძე, პაატა მანჯგალაძე და ვაჟა ბერიძე დააკავეს. მომდევნო 2 კვირის მანძილზე აიყვანეს აქციის კიდევ 57 მონაწილე. მათგან მხოლოდ სამს შეუფარდეს აღკვეთის ღონისძიებად გირაო, დანარჩენებს – პატიმრობა.

რამდენიმე თვეში, 2026 წლის თებერვალში, პროკურატურამ განცხადება გაავრცელა, რომლის მიხედვითაც, ბრალდების მხარე საპროცესო შეთანხმებაზე ისაუბრებდა მხოლოდ იმ ბრალდებულებთან, “რომლებიც თავად მომართავენ ასეთი თხოვნით პროკურატურას და რომლებიც ამავდროულად, აღიარებენ და გულწრფელად მოინანიებენ ჩადენილ ქმედებას”. ამის შემდეგ ცნობილი გახდა, რომ საპროცესო შეთანხმება 4 ოქტომბრის საქმეზე ბრალდებულ 20-ზე მეტ პირს გაუფორმდებოდა.

ათთვიანი პატიმრობის შემდეგ, პაატა ბურჭულაძემ გაავრცელა განცხადება, რომლითაც 4 ოქტომბრის საქმეზე დაკავებულებს მოუწოდებდა, “ყველას” მიეღო საპროცესო შეთანხმება.

ბოლო ინფორმაციით, 4 ოქტომბრის საქმეზე საპროცესო შეთანხმებით დაახლოებით 40 პირი გათავისუფლდა.

სიახლეები

რუსთავის მე-6 ციხეში გიორგი დავითაძის სოლიდარობის გამო პატიმრებს ხელკეტებით სცემეს-ადვოკატი

„პატიმარ ლაშა ჩაჩანიძეს მე-6 დაწესებულებაში ბადრაგებმა ხელკეტებით სასტიკად სცემეს იმის გამო, რომ მან გიორგი...

რეფორმების შესრულებისთვის ევროკავშირმა მოლდოვას დამატებით €157 მილიონი გადაურიცხა

ევროკავშირის ეკონომიკური ზრდის გეგმის ფარგლებში ევროკომისიამ მოლდოვას დამატებით €157 მილიონი გადაურიცხა. თანხის გამოყოფის შესახებ გადაწყვეტილება...

რამდენიმე სტუდენტს აღენიშნა ალკოჰოლური თრობის შედეგად გამოწვეული შეუძლოდ ყოფნა-CU

კავკასიის უნივერსიტეტი Welcome Party-ზე რამდენიმე სტუდენტის მოწამვლის ფაქტს ეხმაურება. მათი განცხადებით, სტუდენტების სავარაუდო მოწამვლის...

ინგირში 24 წლის ბიჭის დაჭრაში ბრალდებული პოლიციამ დააკავა

13 სექტემბერს, ზუგდიდის მუნიციპალიტეტ სოფელ ინგირში მომხარ სისხლიან დაპირისპირებასთან დაკავშირებით, მიმალვაში მყოფი ელგუჯა ძაძუა...