უკრაინის წინააღმდეგ ომში რუსეთის შეიარაღებული ძალების 4-ე ცალკეული მოტომსროლელი ბრიგადის მეთაური, გენერალ-მაიორი ანტონ გრუნისი მოკვდა. ამის შესახებ რუსეთის პროპაგანდისტული სააგენტო Anna News-ი ბრიგადაში საკუთარ წყაროზე დაყრდნობით წერს. ინფორმაციას ასევე ავრცელებენ რუსული Telegram-არხი “სუვოროვსკოიე ბრატსტვო” და დამოუკიდებელი რუსული მედია ASTRA.
გრუნისის სიკვდილის ზუსტი თარიღი, ადგილი და გარემოებები ამ დროისთვის უცნობია.
გენერალ-მაიორის დაღუპვა მას შემდეგ გახდა ცნობილი, რაც მან რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმირ პუტინს დონეცკის ოლქის ქალაქ კონსტანტინოვკის სავარაუდო “დაკავების” შესახებ მოახსენა. რუსეთის გენშტაბი და თავად გრუნისი ივლისში აცხადებდნენ, რომ რუსულმა ძალებმა ქალაქზე სრული კონტროლი დაამყარეს. უკრაინის შეიარაღებული ძალების გენშტაბის წარმომადგენელმა ეს ინფორმაცია უარყო.
რუსეთის 4-ე ცალკეული მოტომსროლელი ბრიგადა კონსტანტინოვკისთვის ბრძოლებში უშუალოდ მონაწილეობს. რუსული ძალები ქალაქის დაკავებას 2025 წლის ოქტომბრიდან ცდილობენ.
28 აგვისტოს რუსეთის თავდაცვის სამინისტრომ გრუნისს “რუსეთის გმირის” უმაღლესი სახელმწიფო ჯილდო – ოქროს ვარსკვლავი – გადასცა. უწყების განცხადებით, ჯილდო მას “სამხედრო მოვალეობის შესრულებისას გამოვლენილი სიმამაცისა და გმირობისთვის” მიენიჭა.
გრუნისი 1996 წელს ყაზანის სუვოროვის სამხედრო სასწავლებელში სწავლობდა. ღია წყაროების მიხედვით, მას 17 წელი ჯერ არ შესრულებოდა, როდესაც სასწავლებელი დაამთავრა.
რუსი გენერალი მონაწილეობდა ჩეჩნეთის ომებში და საქართველოს წინააღმდეგ 2008 წლის აგვისტოს ომშიც.
2021 წელს გრუნისი რუსეთის შეიარაღებული ძალებიდან თადარიგში გავიდა, თუმცა უკრაინაში რუსეთის სრულმასშტაბიანი შეჭრის დაწყების შემდეგ სამხედრო სამსახურს დაუბრუნდა. მისი ხელმძღვანელობით რუსული ძალები, მათ შორის, ბახმუტისა და კონსტანტინოვკის მიმართულებებზე მოქმედებდნენ.
გრუნისის მეთაურობის ქვეშ მყოფი 4-ე ცალკე მოტომსროლელი ბრიგადა, სამხედრო ნაწილი 40318, 2014 წელს ჩამოყალიბდა ე.წ. ლუგანსკის სახალხო რესპუბლიკის უკანონო შეიარაღებული ფორმირებების ბაზაზე.
ბრიგადის შემადგენლობაში შედიოდა შეიარაღებული დაჯგუფება “პრიზრაკი”, რომელიც უკრაინული მხარის მიერ ტერორისტულ ორგანიზაციად არის მიჩნეული.
მოგვიანებით, ე.წ. ლსრ-ს შეიარაღებული ფორმირებების რუსეთის რეგულარულ არმიაში ინტეგრაციის შემდეგ, ბრიგადა რუსეთის შეიარაღებული ძალების მე-2 არმიის კორპუსის შემადგენლობაში შევიდა.
შემდეგ 4-ე ბრიგადა რუსეთის სამხრეთის სამხედრო ოლქის ახლად შექმნილ მე-3 გვარდიულ საერთო-საჯარისო არმიაში გაერთიანდა.
გრუნისის დაღუპვის შესახებ რუსეთის თავდაცვის სამინისტროს ოფიციალური განცხადება ამ დროისთვის არ გაუკეთებია.