საქართველოდან მოსკოვში მიმავალი ავტობუსის ავარიას ექვსი ადამიანი ემსხვერპლა — სავარაუდოდ, რეისი თბილისიდან სრულდებოდა
რუსეთში, სტავროპოლის მხარეში, საქართველოდან მოსკოვში მიმავალი სამგზავრო ავტობუსის ავარიის შედეგად დაღუპულთა რაოდენობა ექვსამდე გაიზარდა.
ავარია 30 აგვისტოს ღამით, სტავროპოლის მხარეში, ქალაქ ჟელეზნოვოდსკთან, დასახლება ინოზემცევოს რაიონში, ფედერალური ავტომაგისტრალ „კავკაზის“ მე-3 კილომეტრზე მოხდა.
საქართველოდან მოსკოვისკენ მიმავალი Setra-ს მარკის სამგზავრო ავტობუსი წინ მოძრავ KamAZ-ს შეეჯახა, რის შემდეგაც გზის სავალი ნაწილიდან გადავარდა.
ბოლო ინფორმაციით, ხუთი ადამიანი შემთხვევის ადგილზე დაიღუპა, კიდევ ერთი დაშავებული კი მოგვიანებით საავადმყოფოში გარდაიცვალა.
„ოდიშინიუსის“ მიერ მოპოვებული ინფორმაციით, ექვსი დაღუპულიდან ორი ავტობუსის მძღოლია, ერთი — მძღოლის თანაშემწე, ხოლო სამი — მგზავრი. დაღუპულთა მოქალაქეობის შესახებ ოფიციალური ინფორმაცია ამ დროისთვის არ გავრცელებულა.
წინასწარი ინფორმაციით, ავტობუსში რამდენიმე ათეული მგზავრი იმყოფებოდა.
დაშავებულები პიატიგორსკის საავადმყოფოებში გადაიყვანეს. მათ შორის ბავშვებიც არიან. რუსეთის საგამოძიებო კომიტეტმა მომხდარზე სისხლის სამართლის საქმე აღძრა.
🚍 რომელი რეისი მოყვა ავარიაში
რუსეთის ოფიციალური უწყებები ჯერჯერობით მიუთითებენ მხოლოდ მარშრუტს — „საქართველო–მოსკოვი“ და არ ასახელებენ არც საქართველოს ქალაქს, საიდანაც ავტობუსი გავიდა, და არც გადამზიდავ კომპანიას.
„ოდიშინიუსის“ მიერ მოძიებული ინფორმაციის მიხედვით, სავარაუდოდ, ეს არის თბილისიდან 29 აგვისტოს, 11:00 საათზე მოსკოვის მიმართულებით გასული რეისი. ამ ეტაპზე ეს ინფორმაცია ოფიციალურად დადასტურებული არ არის.
თავდაპირველად არსებობდა ვარაუდი, რომ ავარიაში შესაძლოა სენაკიდან მოსკოვისკენ 29 აგვისტოს გასული ავტობუსი მოყოლილიყო, თუმცა ამ რეისის ერთ-ერთი მგზავრის ოჯახის წევრმა „ოდიშინიუსს“ დაუდასტურა, რომ მას ავარიის შემდეგ ესაუბრა — სენაკიდან გასული ავტობუსი იმ დროს კვლავ გზაში იყო და მგზავრები მშვიდობიანად აგრძელებდნენ მგზავრობას.