შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრის (NAEC) ცნობით, 2026 წელს ერთიანი ეროვნული გამოცდების შედეგების საფუძველზე, პროფესიულ საგანმანათლებლო პროგრამებზე სწავლის გაგრძელების უფლება 3 141-მა აბიტურიენტმა მოიპოვა.
NAEC-ის მიერ დღეს, 25 აგვისტოს გამოქვეყნებული ინფორმაცით, მათგან 1 322 გამოსაცდელი სახელმწიფო პროფესიულ სასწავლებელში, ხოლო 1 819 კერძო პროფესიულ სასწავლებელში ჩაირიცხა.
2026 წელს, უმაღლეს და პროფესიულ საგანმანათლებლო დაწესებულებებში სწავლის უფლება, საერთო ჯამში, 34 150-მა აბიტურიენტმა მოიპოვა.
შეგახსენებთ, რომ უმაღლესი განათლების რეფორმის ფარგლებში, წელს აბიტურიენტებს ჰქონდათ შესაძლებლობა, მათთვის სასურველი რაოდენობის უმაღლეს საგანმანათლებლო პროგრამებთან ერთად, პროფესიული საგანმანათლებლო პროგრამებიც აერჩიათ.