აშშ-ის საჰაერო ძალების Boeing C-17 Globemaster III სამხედრო-სატრანსპორტო თვითმფრინავი მოსკოვის ვნუკოვოს აეროპორტში დაეშვა. ამის შესახებ ინფორმაციას РБК Flightradar24-ის მონაცემებზე დაყრდნობით ავრცელებს.
Flightradar24-ის ინფორმაციით, თვითმფრინავი მერილენდის შტატში მდებარე ენდრიუსის ავიაბაზიდან 23 აგვისტოს აფრინდა, თავდაპირველად ის რიგაში ჩაფრინდა, სადაც ორი დღე გაატარა, შემდეგ კი პირდაპირ მოსკოვისკენ გაემართა.
ამერიკული თვითმფრინავის მოსკოვში ჩაფრენის მიზეზი ამ დროისთვის უცნობია.
ენდრიუსის ავიაბაზა ცნობილია, როგორც აშშ-ს პრეზიდენტის სამთავრობო თვითმფრინავების ერთ-ერთი მთავარი ბაზა – Air Force One.
ცნობისთვის, Boeing C-17 Globemaster III არის მძიმე სამხედრო-სატრანსპორტო თვითმფრინავი, რომელიც შექმნილია კონტინენტთაშორისი სატვირთო რეისებისთვის. მაგალითად, ასეთმა თვითმფრინავმა ჩინეთში დონალდ ტრამპის ჯავშან-ლიმუზინი 2026 წლის მაისში მიიტანა სი ძინპინთან შეხვედრის დროს.
ეს კონკრეტული თვითმფრინავი კი ჟენევის აეროპორტში შენიშნეს ვლადიმერ პუტინისა და აშშ-ის ყოფილი პრეზიდენტის, ჯო ბაიდენის სამიტამდე რამდენიმე დღით ადრე. იტყობინებოდნენ, რომ მას სამიტისთვის მანქანები, პერსონალი ან აღჭურვილობა გადაჰქონდა.
კონტექსტი:
მოსკოვი ბოლო თვეებში რამდენჯერმე აცხადებდა, რომ აშშ-ს პრეზიდენტის სპეციალური წარმომადგენლის, სტივ უიტკოფის, და დონალდ ტრამპის სიძის, ჯარედ კუშნერის, მოსკოვში ვიზიტი იგეგმებოდა. ორივე მათგანი უკრაინის ომის საკითხზე მოლაპარაკებებში მონაწილეობს.
პუტინისა და ტრამპის 4 ივლისის საუბრის შემდეგ, იური უშაკოვმა განაცხადა, რომ ამერიკელი მომლაპარაკებლები მზად იყვნენ მოსკოვში „მოსახერხებელ დროს“ ჩასულიყვნენ.
13 აგვისტოს რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილემ სერგეი რიაბკოვმა თქვა, რომ რუსეთს უიტკოფისა და კუშნერის მისაღებად საჭირო ღონისძიებების სწრაფად ორგანიზება შეუძლია, თუმცა მათი ვიზიტის კონკრეტულ ვადებზე გავრცელებულ ინფორმაციას “საჯარო ინსინუაციები” უწოდა.
მეორე დღეს საგარეო საქმეთა მინისტრმა სერგეი ლავროვმა განაცხადა, რომ პუტინი მზად არის უიტკოფსა და კუშნერს შეხვდეს, თუმცა მოსკოვისთვის მნიშვნელოვანია, “რით ჩამოვლენ” ამერიკელი წარმომადგენლები.
18 აგვისტოს უშაკოვმა განაცხადა, რომ ვიზიტთან დაკავშირებით კონკრეტული ინფორმაცია არ არსებობდა. 20 აგვისტოს კრემლის პრესსპიკერმა დმიტრი პესკოვმა დაადასტურა, რომ ვიზიტის თარიღები შეთანხმებული არ იყო, თუმცა უიტკოფსა და კუშნერს პუტინის “სასურველი” თანამოსაუბრეები უწოდა.
აშშ-ის საჰაერო ძალების სამხედრო-სატრანსპორტო თვითმფრინავი მოსკოვის აეროპორტში დაეშვა
Published on