ირაკლი ღარიბაშვილის საქმეზე წინასასამართლო სხდომა 19 ოქტომბერს, 11 საათზე გაიმართება.
დღევანდელ პროცესს არ ესწრებოდა ბრალდებული ექსპრემიერი.
ღარიბაშვილს წინასწარი შეთანხმებით ჯგუფის მიერ განსაკუთრებით დიდი ოდენობით ქრთამის აღებას ედავებიან. ამის შესახებ გუშინ ივანიშვილის გენერალური პროკურორის მოადგილე ამირან გულუაშვილმა განაცხადა. ბრალდება 11-დან 15 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.
“განსაკუთრებით დიდი ოდენობით ქრთამის აღება” – ღარიბაშვილს ახალი ბრალი წარედგინა
17 აგვისტოს ირაკლი ღარიბაშვილმა ციხიდან Facebook-ზე პოსტი გაავრცელა, სადაც წერდა, რომ ბიძინა ივანიშვილის დავალებით წერილი გაუგზავნეს და “სხვა გზა არ დაუტოვეს”, რომ წინ არ აღუდგეს “ღირსების შემლახავ ბოროტებას”.
18 აგვისტოს ექსპრემიერმა მორიგი წერილი გაავრცელა, რომლის მიხედვითაც, “კორუფციის წინააღმდეგ ბრძოლის” კამპანიის მთავარი მიზანი მისი ციხეში ჩასმა და პოლიტიკურად განადგურება იყო.
19 აგვისტოს ექსპრემიერის განცხადებებზე კომენტარი გააკეთა მამუკა მდინარაძემ. მისი თქმით, “პირადად მე და ხელისუფლების სხვა წარმომადგენლები ისე უკომპრომისოდ დავუპირისპირდით კორუფციას, ამისთვისაც მზად ვართ, რომ მსგავსი ბრალდებები, შეიძლება უარესიც, იყო, არის და იქნება”.
20 აგვისტოს ირაკლი ღარიბაშვილმა ციხიდან მორიგი წერილი გამოაქვეყნა. ის სატელევიზიო სივრცესა და სოციალურ მედიაში “აღვირახსნილ პროპაგანდას” უსვამს ხაზს და წერს, რომ “სულ ტყუილად წვალობთ. ეს წერილი მდინარაძემ თავისი ახლო მეგობრის ხელით გადასცა ჩემი ოჯახის წევრს… მას თუ არ სურს უდანაშაულო ადამიანების დაზიანება, შეეშვას სიცრუის ტირაჟირებას და აიღოს სრული პასუხისმგებლობა.”
ღარიბაშვილი “ხელისუფლებას მიმართავს” და ამბობს, რომ მას “არაკაცური მახე” დაუგეს. მისივე თქმით, ოჯახის “აწიოკება” და “საშინელი ტკივილი” ბიძინა ივანიშვილთან ოცწლიანი ურთიერთობის გამო “გულში დაიტია”.
“შედეგად, ხუთი წლის ვადით გამიშვით ციხეში, გუნდის შიგნით არსებული კონკრეტული ჯგუფის მიერ შექმნილი ცრუ აღქმების, წარმოსახვების, შურის, შიშებისა და ეჭვების გამო. აბსოლუტურად უმიზეზოდ გამიმეტეთ და გამწირეთ ციხისთვის…
ახლა ციხეშიც არ მასვენებთ, მომადექით ამ წერილით და ითხოვთ კორუფციული ბრალის აღიარებას იმ მიზეზით, რომ თქვენს მიერ შემოთვლილი ერთპროცენტიანი რისკიც დააზღვიოთ, რომ პოლიტიკას სამუდამოდ ჩამოვშორდე. ამ ყველაფერს თან ახლდა ამორალური შანტაჟი და ზეწოლა — უკვე მეორედ მინიშნება ჩემი სამოცდათხუთმეტი წლის მამის დაჭერასთან დაკავშირებით.” – წერს ღარიბაშვილი.
ექსპრემიერის თქმითვე, ის “ისევ ის ირაკლი ღარიბაშვილია” და “უსუსურად წვალობენ”, რომ მისგან ბიძინა ივანიშვილის მოღალატე გამოიყვანონ.
“რაც შეეხება თქვენს მიერ ორგანიზებულ უღირს და ცილისმწამებლურ კამპანიას სოციალურ ქსელებში თუ ტელევიზიაში, თქვენი ექსპერტების და სპიკერების ცრუ მოსაზრებებს და ნარატივებს, მე ერთს გეტყვით: ფრთხილად იყავით — მალე შეგრცხვებათ თქვენივე განცხადებების, როდესაც ჩემს სიმართლეს გაიაზრებთ. თქვენ ყველა კარგად მიცნობთ; მე ისევ ის ირაკლი ღარიბაშვილი ვარ, ვინც ვიყავი, ისევ იმ სუფთა გულით ვარ, რა გულითაც და როგორი ერთგულებითაც ვემსახურე ჩვენს სამშობლოს, თქვენ ყველასა და მთელ გუნდს. სულ ტყუილად და უსუსურად წვალობთ, რომ ჩემგან გამოიყვანოთ ქვეყნის, გუნდისა და ბიძინა ივანიშვილის მოღალატე. მე „ბილწთ არ შევეკვრი ზავითა”… არასოდეს წავსულვარ და არც წავალ ჩემი ქვეყნის წინააღმდეგ. ამიტომ გაჩერდით და დადუმდით!” – წერს ირაკლი ღარიბაშვილი.
ირაკლი ღარიბაშვილის ადვოკატის, ლილი გელაშვილის 22 აგვისტოს გაკეთებული განცხადებით, ექსპრემიერის ცოლისდის და ადვოკატის, ნათია თამაზაშვილის ქმარი სამსახურიდან გაათავისუფლეს. მოგვიანებით, ადვოკატმა TV პირველს უთხრა, რომ ლევან სანამაშვილი პრობაციის ეროვნულ სააგენტოში მუშაობდა.
12 იანვარს ირაკლი ღარიბაშვილთან საპროცესო შეთანხმება გაფორმდა და მას 5 წლით პატიმრობა განესაზღვრა.
მუხლი, რომლითაც ღარიბაშვილს ბრალი ჰქონდა წარდეგინილი 9-დან 12-წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებდა.
ღარიბაშვილს დამატებით სასჯელად დაეკისრა ჯარიმა 1 მილიონი ლარის ოდენობით, ჩამოერთვა დანაშაულებრივი საქმიანობის შედეგად მიღებული” და ჩხრეკისას ამოღებული თანხა. ღარიბაშვილის სახლიდან ჩხრეკის დროს ამოღებულია 6.5 მილიონი აშშ დოლარი