აშშ-ს პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ირანის წინააღმდეგ “ეკონომიკური ოპერაციის დაწყება” გამოაცხადა და აღნიშნა, რომ ნებისმიერი ქვეყანა, რომელიც ირანთან ბიზნესსაქმიანობას ეწევა “უშველებელი უარყოფითი ეკონომიკური შედეგების” წინაშე აღმოჩნდება.
“ირანის ისლამური რესპუბლიკისთვის არავის მიუცია იმაზე მეტი შესაძლებლობა, ვიდრე – მე. მათთვის ტრაგიკულად, ეს შესაძლებლობა ვერ გამოიყენეს. მაშასადამე, დღეს ყველაზე დამანგრეველ ეკონომიკურ ოპერაციას ვაცხადებ, რაც ნებისმიერი ქვეყნის წინააღმდეგ ოდესმე დაწყებულა!” – დაწერა ტრამპმა Truth Social-ზე.
მისი თქმით, ოპერაცია მოიცავს ირანის რეჟიმის წინააღმდეგ “უპრეცედენტო დონეზე ეკონომიკურ ომსა და იზოლაციას”.
“აღარ არსებობს მათი საზღვაო ძალები, საჰაერო ძალები, მათი სამხედრო ქარხნებისგან ნანგრევებია დარჩენილი, მათი ვალუტა არაფრად ღირს და მათი ქვეყანა ბეწვზე ჰკიდია.” – წერს აშშ-ს პრეზიდენტი და ამატებს, რომ ოპერაციის ფარგლებში “ნებისმიერი ქვეყანა, რომელიც ნებას დართავს საკუთარ ფინანსურ ინსტიტუტებს, ბიზნესებს, აეროპორტებსა და სამთავრობო სუბიექტებს, ნებისმიერი სახის დახმარება გაუწიონ ირანს, თავადვე აღმოჩნდებიან უშველებელი უარყოფითი ეკონომიკური შედეგების წინაშე.”
აშშ-ს პრეზიდენტის თქმით, ირანის რეჟიმი სასოწარკვეთილი მდგომარეობაშია და მათ წინააღმდეგ გამოცხადებული “ისტორიული ზომები” დაასუსტებს ისლამურ რესპუბლიკასა და მათ უნარს, რომ მსოფლიოში ტერორი განავრცონ.
“ეს იქნება ეკონომიკური ოპერაცია და გვესაჭიროება, რომ ჩვენი მოკავშირეები აშშ-ს გვერდით იდგნენ, რათა მოხდეს ირანული საფრთხის იზოლირება და დამარცხება.” – განმარტა ტრამპმა.