ორგანიზაცია სოციალური სამართლიანობის ცენტრის ცნობით, ადამიანის უფლებათა ევროპულმა სასამართლომ ე.წ. FARA-ს ანალოგთან და გრანტების კანონთან დაკავშირებით მათი საჩივრის არსებითი განხილვა დაიწყო.
“ევროპული სასამართლოს ინფორმაციით, საქართველოს მთავრობას გაეგზავნა კითხვები სოციალური სამართლიანობის ცენტრის, მისი დირექტორის, 6 ადვოკატისა და 3 ბენეფიციარის საჩივართან დაკავშირებით, რომელიც უკავშირდება 2025 წლის ზაფხულში ორგანიზაციის მიმართ განხორციელებულ მონიტორინგის პროცესს „გრანტების შესახებ“ კანონისა და „უცხოეთის აგენტების რეგისტრაციის აქტის“ (ე.წ. FARA) საფუძველზე.
ევროპულმა სასამართლომ აღნიშნულ საჩივარს მნიშვნელოვანი გავლენის მქონე საქმის სტატუსი მიანიჭა, რაც იმას ნიშნავს, რომ სასამართლო წინასწარ აფასებს, რომ აღნიშნულ საქმეს შეიძლება ჰქონდეს განსაკუთრებული გავლენა სასამართლოს პრაქტიკაზე, ეროვნულ კანონმდებლობასა და უფრო ფართო უფლებრივ და საზოგადოებრივ საკითხებზე”. – წერს ორგანიზაცია.
ორგანიზაცია წერს, რა კითხვებს უსვამს სტრასბურგის სასამართლო ივანიშვილის რეჟიმს. SJC-ის ინფორმაციით, კითხვებზე პასუხის წარდგენის ვადად 15 ოქტომბერი განისაზღვრა.
“სტრასბურგის სასამართლომ საქართველოს მთავრობისთვის გაგზავნილ კითხვებში, პრაქტიკულად, გაიმეორა ჩვენი მოთხოვნა და არგუმენტი. მათ შორის:
წარმოადგენდა თუ არა FARA-ს მიხედვით ინფორმაციის წარდგენისა და “უცხოური პრინციპალის აგენტის” იარლიყით ფუნქციონირების მოთხოვნები, ასევე გრანტების შესახებ კანონში შეტანილი ცვლილებებით ინფორმაციის წარდგენის ვალდებულებები (კონკრეტულად კი ანტიკორუფციული ბიუროს ბრძანება ინფორმაციის წარდგენის შესახებ) განმცხადებლების მე-8 მუხლით დაცულ უფლებაში ჩარევას. ჩარევის არსებობის შემთხვევაში სასამართლო დაინტერესდა, შესაბამისობაშია თუ არა ასეთი ჩარევა მე-8 მუხლის 2-ე პუნქტთან.
ხელყოფს თუ არა FARA და გრანტების შესახებ კანონში შეტანილი ცვლილებები – რეგისტრაციის, რეპორტინგის, ინფორმაციის წარდგენის, “უცხოური პრინციპალის აგენტის” იარლიყით ფუნქციონირების, გრანტის მიღების წინასწარი ნებართვის მოთხოვნები – შესაბამისი განმცხადებლების უფლებებს მე-10 და მე-11 მუხლების პირველი პუნქტების მიხედვით, და, თუ ხელყოფა დადასტურდება, შესაბამისობაშია თუ არა ასეთი ჩარევა მე-10 და მე-11 მუხლების მეორე პუნქტებთან.
სასამართლო კონკრეტულად დაინტერესდა:
აქვს თუ არა ორგანიზაციის „უცხო პრინციპალის აგენტად” რეგისტრაციის ვალდებულებას სტიგმის ეფექტი, ქართულ ენაში არსებული ლინგვისტური ნიუანსების გათვალისწინებით, და შესაძლოა თუ არა ამას ორგანიზაციის საქმიანობაზე დამაზიანებელი გავლენა ჰქონდეს;
აკმაყოფილებს თუ არა ქართული FARA-ით გათვალისწინებული „უცხო პრინციპალის” დეფინიცია მე-10 მუხლის 2-ე პუნქტითა და მე-11 მუხლის მეორე პუნქტით გათვალისწინებულ აუცილებლობის, რელევანტურობისა და დასაბუთებულობის მოთხოვნებს? კერძოდ, საკმარისად განსაზღვრავს თუ არა კანონი „აგენტობის ურთიერთობას” უცხოურ პრინციპალებსა და მათ ადგილობრივ აგენტებს შორის, რათა თავიდან იქნეს აცილებული ზედმეტად ფართო ან არაკეთილსინდისიერი ინტერპრეტაცია
შესაბამისობაშია თუ არა გრანტების შესახებ კანონში ცვლილებების მიხედვით უცხოური გრანტის მიღებისთვის წინასწარი ნებართვის მოთხოვნა მე-10 მუხლის მეორე პუნქტითა და მე-11 მუხლის მეორე პუნქტით გათვალისწინებულ აუცილებლობის, რელევანტურობისა და დასაბუთებულობის მოთხოვნებთან?
პროპორციულია თუ არა ქართული FARA-სა და გრანტების შესახებ კანონის დარღვევისთვის დაკისრებული სანქციები გადაცდომის სიმძიმესთან?
წარმოადგენდა თუ არა FARA-სა და გრანტების შესახებ კანონში შეტანილი ცვლილებების აღსრულება დისკრიმინაციულ მოპყრობას კონვენციის მე-14 მუხლის დარღვევით, მე-8, მე-10 და მე-11 მუხლებთან ერთობლიობაში;
ჰქონდათ თუ არა განმცხადებლებს ეფექტური შიდასახელმწიფოებრივი სამართლებრივი დაცვის საშუალება მათი საჩივრებისთვის მე-8, მე-10 და მე-11 მუხლების მიხედვით, როგორც ამას მოითხოვს მე-13 მუხლი;
გამოყენებული იყო თუ არა მე-8, მე-10 და მე-11 მუხლებით ნებადართული შეზღუდვები კონვენციით გათვალისწინებულისგან განსხვავებული მიზნებისთვის, მე-18 მუხლის დარღვევით.
სოციალური სამართლიანობის ცენტრი განმარტავს, თუ რაზე დავობენ სარჩელით.
“სტრასბურგის სასამართლოში წარდგენილ საჩივარში ვდავობთ, რომ ანტიკორუფციული ბიუროს მიერ ჩვენი ორგანიზაციის საქმიანობის, ფინანსებისა და ბენეფიციართა შესახებ ვრცელი ინფორმაციის წარდგენის მოთხოვნით დაირღვა ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის მე-10 (გამოხატვის თავისუფლება) და მე-11 (გაერთიანების თავისუფლება) მუხლები.
საჩივარში ასევე ვდავობთ, რომ ასეთი ჩარევა კონვენციის მე-8 მუხლით დაცული პირადი ცხოვრების ხელშეუხებლობის უფლებას ხელყოფს, როგორც სოციალური სამართლიანობის ცენტრის, როგორც უფლებადამცველი ორგანიზაციის, ისე მისი ადვოკატებისთვის, რადგან მსგავსი ინფორმაციის მოთხოვნით დაირღვა ადვოკატთა შესახებ კანონით დაცული ადვოკატისა და კლიენტის კონფიდენციალურობა. ამ უფლების დარღვევას ჩვენი ბენეფიციარების მიმართაც ვდავობთ, რადგან ანტიკორუფციული ბიუროს მიერ მოთხოვნილი ინფორმაციის წარდგენით, გამოაშკარავდებოდა მათი კავშირი ორგანიზაციასთან, ასევე ორგანიზაციაში დაცული მათი პერსონალური ხასიათის შემცველი ინფორმაცია.
ასევე, საჩივარში კრიტიკულად არის განხილული „უცხოეთის აგენტების რეგისტრაციის აქტის შესახებ“ (FARA) კანონი და „გრანტების შესახებ“ კანონში შეტანილი ცვლილებები და აღნიშნულია, რომ ორივე კანონი ხელყოფს სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციების გაერთიანებისა და გამოხატვის თავისუფლებას, რადგან FARA ორგანიზაციებსა და მათ თანამშრომლებს ავალდებულებს დარეგისტრირდნენ მასტიგმატიზირებელი იარლიყით და ეს სტატუსი მიუთითონ ყველა საჯარო კომუნიკაციაში”. – წერია ორგანიზაციის განცხადებაში.