ისტორიული გადაწყვეტილება მიღებულია – შეერთებულ შტატებში რუსეთის წინაააღმდეგ, ახალი, ყველაზე მძიმე სანქციების შემოღებას დაუჭირეს მხარი.
დამტკიცებულია ლინდსი გრემის სანქციების სახელით ცნობილი კანონი. დოკუმენტი რუსეთის, ირანის და ჩინეთისთვის დამატებითი შეზღუდვებისა და ტარიფების შემოღებას ითვალისწინებს.
მკაცრდება იმ ქვეყნების კონტროლიც, რომლებიც რუსეთთან და ირანთან ვაჭრობენ და მათ სანქციების გვერდის ავლაში ეხმარებიან.
კანონპროექტი ხელმოსაწერად აშშ-ის პრეზიდენტ დონალდ ტრამპს გადაეგზავნა.
კანონპროექტი წელიწად-ნახევრის წინ სენატორმა ლინდსი გრემმა წარადგინა. კანონპროექტს, რომელსაც სამხრეთ კაროლინის რესპუბლიკელი სენატორის პატივსაცემად ეწოდა „ლინდსი ო. გრემის 2026 წლის აქტი რუსეთისა და ირანის სანქცირების შესახებ“, სენატმა გასულ თვეში დაუჭირა მხარი.
წარმომადგენელთა პალატამ კანონპროექტი 262 ხმით 159-ის წინააღმდეგ მიიღო. კანონპროექტს მხარი დაუჭირა 58-მა დემოკრატმა, რომლებიც პარტიის ლიდერების პოზიციას დაუპირისპირდნენ და რესპუბლიკელებს შეუერთდნენ. კანონპროექტს, შვიდის გარდა, ყველამ დაუჭირა მხარი.
როგორც მედია წერს, კანონმდებლობა მიზანში იღებს რუსეთის ენერგეტიკისა და თავდაცვის ინდუსტრიებს, ასევე ე.წ. ჩრდილოვან ფლოტს – ტანკერების ქსელს, რომელიც მოქმედი სანქციებისთვის თავის არიდებას ცდილობს. კანონპროექტის მიღების მიზანია, მოსკოვს შეუმცირდეს იმ ფინანსური რესურსების მიღების შესაძლებლობა, რომლითაც უკრაინის წინააღმდეგ ომს აფინანსებს.