4 ოქტომბრის საქმეზე დაკავებულმა ალექსანდრე ჩილაჩავამ სასამართლო სხდომაზე საბოლოო სიტყვა თქვა.
დღეს სასამართლო ისმენს 14-პირიანი საქმიდან იმ ბრალდებულთა საბოლოო სიტყვებს, რომლებიც საპროცესო შეთანხმებას არ დასთანხმდნენ.
ჩილაჩავამ თქვა:
„ჩემი [აქციაზე] გამოსვლის მიზეზი იყო ირაკლი კობახიძე, როცა 2024 წელს მან უარი თქვა ევროპულ კურსზე და პირდაპირ განუცხადა საზოგადოებას, რომ არ აპირებს, მიჰყვეს ქართველი ხალხის არჩევანს.
რუსეთშიც მიცხოვრია, ევროპაშიც და ზუსტად ვიცი, რა ელოდება ამ ქვეყანას, თუ ასეთ რაღაცებზე უარს იტყვის ქვეყანა, კურსს გადაუხვევს და პირდაპირ წავა რუსეთის ხახაში.
პირველივე დღიდან გამოვედი ზუგდიდში, ერთი დღე არ გამიცდენია. ყოველ შემდეგ დღეს ვრწმუნდებოდი იმაში, რომ ყოველდღიურად გამოსვლა არა მარტო ჩემთვის – საქართველოს ყველა მოქალაქისთვის პირდაპირი ვალდებულება იყო. მე პირადად მინახავს, საქართველოს რეგიონები როგორ არის ასიმილირებული და შთანთქმული რუსეთის მიერ. გარდა ამისა, წამიკითხავს ისტორია, გარკვეულწილად ვიცნობ საქართველოს ისტორიას, იმას, თუ როგორ იბრძოდა ხალხი, რომ დღემდე მოსულიყო.
ბრძოლის ჟინი – ხშირად ისმება ეკითხვა, როგორ მოვიდა საქართველო აქამდე – ისეთი ხალხის ზურგზე, სისხლზე, ოფლზე გაიარა საქართველომ დღემდე, რომელიც არ ნებდებოდა და იბრძოდა. არ არსებობს რაციონალურად მოაზროვნე, ერთიანი საქართველოს მომავლით აჟიტირებული [მოქალაქე], რომელიც არ მიილტვოდა ცივლიზაციისკენ, დასავლეთისკენ, რომელიც არ იყო მოწოდებული იმისკენ, რომ ეს ქვეყანა დაეხსნა ამ საშინელი მეზობლისგან.
დაახლოებით ერთი წლის განმავლობაში ყოველდღიურად დავდიოდი აქციებზე. როგორც ჩემმა ადვოკატმა განაცხადა, ერთი დარღვევა, ძალადობის ერთი ფაქტი არ არსებობს, რომ ვინმესთვის შეურაცხყოფა მიმეყენებინა – იყო ყოველთვის მშვიდობიანი.
4 ოქტომბერს დაგეგმილ აქციას ყველანაირად მივესალმებოდი, რომ როგორმე შეგროვილიყო ხალხი და ამ არალეგიტიმურ მთავრობას შეეგნო, ეგრძნო ხალხის ძალა და კომპრომისზე წამოსულიყო. ეს კომპრომისი იყო არჩევნების ხელახლა დანიშვნა და სწორი კურსი. ეს იყო ჩვენი მოთხოვნა. თუნდაც მისვლა ყაველაშვილის სასახლესთან იყო იმისთვის, რომ ხალხის ძალა ეგრძნო მთავრობას. თვითონ ხალხსაც ენახა, იმ შენიშნებულ ხალხს, ის ძალა, რომელიც იბრძვის ხალხის გადარჩენისთვის.
იქ არანაირი წინაპირობა, შეთანხმება [..] არ ყოფილა.
მიუხედავად ამისა, ჩემი მისვლის დროს, ეს ყველაფერი ჩამონგრეული იყო. მიუხედავად ჩამონგრევისა, ხალხი ეჯაჯგურებოდა ჭიშკარს და რამდენად გასაკვირიც არ უნდა იყოს, ის ხალხი, რომელიც მთავრობის დამხობას აპირებდა თურმე, იქ არ შედიოდა. და რატომ?
თუ ამდენი ხალხი იყო, ათი ათასობით ადამიანი გამოსული, დამხობისთვის ორგანიზებული, ნუთუ მათ ვერ მოახერხეს დაცვის 20 პოლიციელის გარღვევა და სასახლის აღება? თუ ვინ უნდა აეღოთ სასახლეში, ამას ვერ ვხვდები.
ჯერ ერთი, გამოვდივართ იმიტომ, რომ ეს მთავრობა არალეგიტიმურია და ამ არალეგიტიმური მთავრობის არჩეული პრეზიდენტი გამოდის ქვეყნის სტრატეგიული მოღვაწე, რომელიც სტრატეგიულ შენობაში ცხოვრობს, რომლის აღების შემთხვევაში დაემხობა ეს ყველაფერი.
როდის იყო, ყაველაშვილს ვინმე რამეს ეკითხებოდა?
იმის შნო არ ჰქონდა, რომ ჩვეულებრივად გამოსულიყო და შეეწყალებინა ის უდანაშაულო ხალხი.
ან თუ მთავარსარდალია, როგორც კონსტიტუცია მიგვითითებს, დამდგარიყო, გამოსულიყო და ეთქვა ხალხისთვის, მოქცეულიყო, როგორც მთავარსარდალი. სად იყო? იქნებ დაენახა ხალხს, როგორც მთავარსარდალი და დაეჯერებინათ.
ცხრა აპრილის დროს იყო ეგეთი შემთხვევა: ჯოხს ურტყამდა კაცი ტანკს, ჯავშანტექნიკას. სამწუხაროდ, პროკურატურის თანამშრომლებმა არ იციან, ვინ არის ის კაცი, თორემ დაიჭერდნენ ტანკის გაფუჭებისთვის, რუსებს არ აწყენინებდნენ.
მე არც ციხის მეშინია, მე ამისთვის მზად ვიყავი, მზად ვიყავი იმიტომ კი არა, რომ რაღაცას ვაშავებ – ყოველდღე თუ არა, ყოველ ყოველ კვირა მაინც იყო მუქარა ან დაჭერის, ან კიდე რავიცი, ბევრი რამის.
მაგრამ ჩემს შეცოდებას არ ვაპირებ.
მე ამ მშვიდობიან პროტესტზე ჩემი ნებით წავედი, ჩემთვის შეურაცხმყოფელია, რომ ვიღაცამ მითხრას, რომ ვიღაცამ დამიძახა.
დიდი პატივისცემა ბატონ ბურჭულაძეს, ქვეყანა რომ ასახელა სიმღერით, მაგრამ ამ კაცს არ ვიცნობ რეალურად. აი აქ ვინც არის, ვისთან ერთადაც დაჭერილი ვარ, ამ ხალხსაც არ ვიცნობ, ერთი ვიდეო არ არსებობს – ორგანიზებას მედავებიან – თუნდაც ამათთან სადმე ვიდეოში ვიყო მოხვედრილი – ვიდეოც არ არსებობს – ჩემი ტელეფონი აქვთ და გადაემოწმებინათ, რომელიმე აქციის წევრთან, ან კიდევ ორგანიზატორობაში რომ დასდეთ ბრალი, იმათთან რამე კონტაქტი მქონდა. ერთი ვიდეო არ არსებობს, რომ მე რაღაცას ვამტვრევ, მაგრამ მაინც – 8 თვეა, [ციხეში] ვზივარ და ვეძებ სამართალს.
თან ამ სასამართლოზე სულ მესმის, სასამართლო დამოუკიდებელიაო, ბატონო მოსამართლევ, თქვენგანაც გამიგია. საყვედური, თქვენგან რაც მოვისმინე, ან ადვოკატების მიმართ არის, ან ჩვენ მიმართ. პროკურორის მიმართ ერთი საყვედურიც არ ყოფილა. ამის მერე ამბობთ, რატომ არის პრეტენზია და სასამართლო დამოუკიდებელი რატომ არ მგონია.
არ მგონია იმიტომ, რომ ჩვენი გამოსვლის ერთ-ერთი მიზეზიც იყო უსამართლო სასამართლოს პრობლემა. ზუსტად ამ უსამართლო სასამართლოს ბრალია, […]. თითო-ოროლა მოსამართლე გამოიძებნა და დაადასტურა, რომ რაღაც ჟონავდა – ვიღაცამ ეს გაბედა.
საბოლოო ჯამში, სასამართლო ხელისუფლება არ დგას სამართლის მხარეს, არ მიდის დათმობაზე. გამოსვლამდე ვფიქრობდი – აქ [გიორგი] რურუამ თქვა, თქვენი სასამართლო როგორ გადაწყვეტილებას გამოიტანს, ვნახავთო და თქვენ გაეცით ასეთი პასუხი, რომ ჩვენი არა, ყველას სასამართლოაო. სამწუხარო სწორედ ის არის, რომ თქვენიც არ არის ეს სასამართლო. არავისი არ არის, მხოლოდ ერთი კაცის არის ეს სასამართლო.
მე დღეს გამარჯვებულად ვგრძნობ თავს და თანამებრძოლებსაც ვეუბნები, გამარჯვებულები ვართ. უბრალოდ ერთი განსხვავება ის არის, რომ მთავრობა ამბობს, რომ აღიარეთო ჩვენი ლეგიტიმურობაო და ჩვენ მთავრობად გვარიაღეთო.
მე მივმართავ მთავრობას, რომ აღიაროს, რომ დამარცხდა და ჩაატაროს არჩევნები, ამას სხვა არაფერი არ შველის. პირდაპირ ქვეყნის მტრები ხართ. საუკუნეების განმავლობაში ვებრძვით რუსეთს. თავი როგორღაც დავაღწიეთ და თქვენ ისევ იქით ექაჩებით.
საერთოდ არ ვგრძნობ თავს დამნაშავედ. დამნაშავე კი არა, პირიქით, დიდი დანაშაული მიგიძღვით, რვა თვე რომ მაყურყუტებთ ციხეში. მაგრამ რვა წელიც რომ მომისაჯოთ, ამ ბრძოლას გამარჯვების გარდა სხვა ალტერნატივა არა აქვს.
მე არ მჭირდება სტენსილები და პლაკატები.
ეს მთავრობა ყველას აშავებს. თავის მოყვანასაც აშავებს, სხვისასაც. თურმე ერთი კაცი ყოფილა მხოლოდ მაგარი, ჩვენი მამა-მარჩენალი, ბატონი ბიძინა ივანიშვილი. ეგრე არ გამოვა, არ დავთმობთ ამას. მე 45 წლის კაცი ვარ და გამოვლილი მაქვს სამოქალაქო ომი, მინახავს რა იყო, გაჭირვება, როგორ ხოცავდა ერთმანეთს ქართველი ხალხი. მე პირდაპირ წინააღმდეგი ვარ ესეთი რამის – ძალადობის წინააღმდეგი ვარ. მაგრამ მშვიდობიანი პროტესტით, სიჯიუტით, პრინციპულობით, უკან არ დახევით, ჩვენ გამარჯვებას ძალიან მალე ვიზეიმებთ.
მადლობა სასამართლოს. იმედი მაქვს სასამართლო მიუკერძოებელია, იმედს ვიტოვებ. მაგრამ რა ვქნათ ეხლა, რაც არის, ის არის მოცემულობა, დიდი იმედი მაქვს გამამართლებელი განაჩენი გამოვა“.
4 ოქტომბრის საქმეზე დაკავებულმა ალექსანდრე ჩილაჩავამ სასამართლო სხდომაზე საბოლოო სიტყვა თქვა.
Published on