მთავარისიახლეებიPOG- ნიკო კვარაცხელიას მკვლელობის შეკვეთის ბრალი ძმებ კაკულიებსა და ბუსა ჟვანიას წარედგინათ

POG- ნიკო კვარაცხელიას მკვლელობის შეკვეთის ბრალი ძმებ კაკულიებსა და ბუსა ჟვანიას წარედგინათ

Published on

საქართველოს პროკურატურის განცხადებით, ნიკო კვარაცხელიას შეკვეთით, ჯგუფურად განზრახ მკვლელობის ორგანიზების საქმე გახსნეს.

კვარაცხელიას შეკვეთით ჯგუფურად განზრახ მკვლელობის ორგანიზების ფაქტზე ბრალდება წარედგინათ გურამ კაკულიას, დავით კაკულიას და ბესარიონ ჟვანიას.

გურამ და დავით კაკულიები სხვა სისხლისსამართლის საქმეზე არიან მსჯავრდებულები და სასჯელს პენიტენციურ დაწესებულებაში იხდიან. რაც შეეება ბესარიონ ჟვანიას, მის მიმართ ძებნა გამოცხადდება.

პროკურატურის ცნობით ბრალდებულ ბესარიონ ჟვანიასთვის აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობის შეფარდების თაობაზე სასამართლოს კანონით დადგენილ ვადაში მიმართავენ.

“შსს-ში ჩატარებული გამოძიებით, დადგინდა, რომ ძმებმა კაკულიებმა ე.წ. კანონიერი ქურდის გია კვარაცხელიაზე შურისძიების და კრიმინალურ სამყაროში მათი ავტორიტეტის გამყარების მიზნით, ამ უკანასკნელის შვილის, ნიკოლოზ კვარაცხელიას შეკვეთით მკვლელობა განიზრახეს. ძმები კაკულიების მამა ე.წ. კანონიერი ქურდი დავით კაკულია 2001 წლის 25 აგვისტოს ქალაქ მოსკოვში მოკლეს, რაზეც კრიმინალურ სამყაროში ასევე საზოგადოებაში ვრცელდებოდა ინფორმაცია, რომ დავით კაკულიას მკვლელობის დამკვეთი თითქოსდა გია კვარაცხელია იყო.

გურამ და დავით კაკულიებმა ნიკოლოზ კვარაცხელიას შეკვეთით მკვლელობის განზრახვა, მათ მეგობარს, ბესარიონ ჟვანიას გაანდეს და შეთანხმდნენ მოეხდინათ ნიკოლოზ კვარაცხელიას მკვლელობის ორგანიზება. ბესარიონ ჟვანიამ დაიწყო დანაშაულის აღმსრულებლის მოძიება, რა მიზნითაც იგი მის ნაცნობებს ალეკო ჭელიძესა და გიორგი კავილაძეს დაუკავშირდა, შესთავაზა მათ ძმები კაკულიების შეკვეთით მოეხდინათ ნიკოლოზ კვარაცხელიას ჯგუფური მკვლელობა, რაზედაც ისინი დათანხმდნენ. ალეკო ჭელიძე და გიორგი კავილაძე ბესარიონ ჟვანიას ორგანიზებით, 2021 წლის ივლისსა და აგვისტოში სომხეთის რესპუბლიკაში რამდენჯერმე გაემგზავრნენ ამავე ქვეყანაში მყოფი მკვლელობის შემკვეთებთან გურამ და დავით კაკულიებთან შესახვედრად, სადაც ისინი მკვლელობის ორგანიზებისათვის აუცილებელ მითითებებს გასცემდნენ.

განზრახ მკვლელობის ორგანიზების და ხელმძღვანელობის გამარტივების მიზნით, დავით და გურამ კაკულიებმა 2021 წლის სექტემბრის დასაწყისში უკანონოდ გადმოკვეთეს საქართველოს სახელმწიფო საზღვარი, რაც ცნობილი იყო ბესარიონ ჟვანიასთვის, რომელმაც ისინი ილია ჭავჭავაძის გამზ. N78-ში მდებარე მისივე ოჯახის საკუთრებაში არსებულ სახლში დააბინავა. აღნიშნულ საცხოვრებელ სახლში სისტემატურად მიდიოდნენ ალეკო ჭელიძე და გიორგი კავილაძე. მათ, ძმებმა კაკულიებმა დანაშაულებრივი მოქმედების დროს მათთან კომუნიკაციისათვის განკუთვნილი “რედმის” მოდელის მობილური ტელეფონი გადასცეს.

ალეკო ჭელიძემ და გიორგი კავილაძემ თავის მხრივ, მართლსაწინააღმდეგოდ შეიძინეს დანაშაულის ჩასადენად განკუთვნილი ცეცხლსასროლი იარაღი და ვაზნები. ასევე, დაადგინეს ნიკოლოზ კვარაცხელიას საცხოვრებელი სახლის მისამართი და ყოველდღიური თვალთვალით სწავლობდნენ მისი გადაადგილების დეტალებს.

2021 წლის 14 სექტემბერს გიორგი კავილაძემ და ალეკო ჭელიძემ იქირავეს “ჰიუნდაი ელანტრას” მარკის ავტომობილი და დანაშაულის ჩასადენად მოემზადნენ.

2021 წლის 15 სექტემბერს, დაახლოებით 16 საათზე და 20 წუთზე, გიორგი კავილაძე და ალეკო ჭელიძე დაქირავებული „ჰიუნდაი ელანტრას“ მარკის ავტომობილით მივიდნენ თბილისში, ანჯაფარიძის ქუჩის მიმდებარე ტერიტორიაზე და პირად საქმეზე მყოფ ნიკოლოზ კვარაცხელიას ჩაუსაფრდნენ. შემთხვევის ადგილზე ალეკო ჭელიძემ ცეცხლსასროლი იარაღიდან რამდენჯერმე ესროლა ნიკოლოზ კვარაცხელიას. ნიკოლოზ კვარაცხელია თავდამსხმელისგან თავის დაღწევის მიზნით გაქცევას შეეცადა, თუმცა ალეკო ჭელიძე დაედევნა მას და კვლავ განაგრძო მისი მიმართულებით სროლა, რითაც სიცოცხლისათვის სახიფათო ჯანმრთელობის მძიმე დაზიანებები მიაყენა. სროლის დასრულების შემდეგ ალეკო ჭელიძე და გიორგი კავილაძე შემთხვევის ადგილიდან მიიმალნენ ამ უკანასკნელის მართვის ქვეშ მყოფი ავტომობილით. შემთხვევის ადგილზე შეკრებილმა პირებმა ნიკოლოზ კვარაცხელია საავადმყოფოში გადაიყვანეს, მაგრამ მიღებული დაზიანებების შედეგად იგი იმავე დღეს გარდაიცვალა.

დანაშაულებრივი ქმედების შესრულებისთანავე ალეკო ჭელიძემ და გიორგი კავილაძემ მკვლელობის შემკვეთებს, გურამ და დავით კაკულიებს ტელეფონით აცნობეს მომხდარის შესახებ, რის შემდეგაც ძმებმა რამდენიმე წუთში დატოვეს მათი დროებითი საცხოვრებელი, ბესარიონ ჟვანიას ოჯახის საკუთრებაში არსებული სახლი, ასევე, გიორგი კავილაძე ტაქსის მძღოლის მობილური ტელეფონით დაუკავშირდა ბესარიონ ჟვანიას და საუბრის დროს მიანიშნა ნიკოლოზ კვარაცხელიას მკვლელობის შესახებ”. – ნათქვამია უწყების განცხადებაში.

გურამ კაკულიას, დავით კაკულიას და ბესარიონ ჟვანიას ბრალდებას საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 25, 109-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ე“ და მე-3 ნაწილის „გ“ ქვეპუნქტით წარუდგენს, (2021 წელს მოქმედი რედაქციით) რაც სასჯელის სახედ და ზომად 20 წლამდე, ან უვადო თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

შგახსნებთ, ალეკო ჭელიძე და გიორგი კავილაძე კვარაცხელიას ჯგუფურად განზრახ მკვლელობის, ჯგუფურად ცეცხლსასროლი იარაღისა და საბრძოლო მასალის მართლსაწინააღმდეგოდ შეძენა, შენახვის და ტარების ფაქტებზე მსჯავრდებულები არიან და 17 და 16 წლით თავისუფლების აღკვეთა აქვთ მისჯილი.

ნიკო კვარაცხელიას შეკვეთით ჯგუფურად განზრახ მკვლელობის ორგანიზების ფაქტზე ბრალდებულები გურამ და დავით კაკულიები მსჯავრდებულები არიან და პენიტენციურ დაწესებულებაში იმყოფებიან სხვა სისხლის სამართლის საქმეზე. საზოგადოებას შევახსენებთ, რომ ძმებმა კაკულიებმა 2022 წელს არაყიშვილის ქუჩაზე, განზრახ მოკვლის მიზნით ცეცხლსასროლი იარაღიდან რამდენჯერმე გასროლის შედეგად ერთი პირი დაჭრეს და აღნიშნულ ფაქტზე 9-9 წლით თავისუფლების აღკვეთა აქვთ შეფარდებული.

22 წლის ნიკო კვარაცხელია 2021 წლის 15 სექტემბერს, თბილისში მოკლეს. შსს-ს ცნობით, 2000 წელს დაბადებულმა აკო ჭელიძემ კვარაცხელიას ცეცხლსასროლი იარაღიდან 10-ზე მეტი ტყვია ესროლა და შემთხვევის ადგილიდან 1999 წელს დაბადებულ გიორგი კავილაძესთან ერთად, ნაქირავები ავტომანქანით მიიმალა. მკვლელობაში ბრალდებულები 7 ოქტომბერს, წყნეთში დააკავეს. მათ 17 და 16 წლით პატიმრობა მიესაჯათ.

ნიკო კვარაცხელიას ოჯახი მიიჩნევს, რომ მკვლელობას დამკვეთი ჰყავდა და საქმის ამ მიმართულებით გამოძიებას ითხოვს.

სიახლეები

ჭარბწონიანობა მავნე [წინა] ხელისუფლებამ და მათმა პოლიტიკამ მოიტანა – ყაველაშვილი

სპორტის განვითარება "ოცნების" ხელისუფლების პრიორიტეტად სახელდება, თუმცა პარლამენტში გამოსვლისას მიხეილ ყაველაშვილმა აქცენტი წინა ხელისუფლების...

სტივენ დოუთი-საქართველოს მთავრობის კანონმდებლობა მიზანში იღებს NGO-ებს, ოპოზიციას

გაერთიანებული სამეფოს სახელმწიფო მინისტრი, სტივენ დაუთი სამეფოს თემთა პალატის წევრის, იან დანკან სმიტის კითხვის...

ამჯერად, ვიღაცას ეყო პოლიტიკური ნება და გადაწყვიტა საქმის გახსნა-ნიკო კვარაცხელიას დედა

ქართული ოცნების პროკურატურის მიერ ნიკო კვარაცხელიას მკვლელობიდან 5 წლის შემდეგ საქმის გახსნილად გამოცხადების მერე,...

უცხო ქვეყნის 57 მოქალაქე საქართველოდან გააძევეს

ბოლო დღეების განმავლობაში, უცხო ქვეყნის 57 მოქალაქე საქართველოდან გააძევეს - ინფორმაციას შინაგან საქმეთა სამინისტრო...