საქართველოს მესამე პრეზიდენტი, მიხეილ სააკაშვილი ნიკა მელიას განცხადებას ვრცელი Facebook პოსტით პასუხობს.
ენმ-ს ლიდერი ამბობს, რომ ახლა დაპირისპირების დრო არ არის და ქვეყანა გადასარჩენია.
სააკაშვილი განმარტავს, რომ 2 ნომბერს გამოქვეყნებულ Facebook სტატუსში, რომელიც დაპირისპირების მიზეზი გახდა, არც ნიკა მელიას და არც ნიკა გვარამიას არ ეხებოდა.
რაც შეეხება ნიკა მელიას განცხადებას, ჩემს 2 ნოემბრის პოსტში ის არც ნახსენებია და არც ნაგულისხმები, იქ არაფერი მსგავსი რაზეც ნიკა საუბრობს არ წერა.
იგივე ეხება ჩემს მეორე მეგობარ ნიკა გვარამიას, ძალიან ვაფასებ ორივე ნიკას მრავალწლიან ბრძოლას, რომლისთვისაც ფასი გადაიხადეს ორჯერადი პოლიტპატიმრობის სახით. ბოლოჯერ იმის გამო მოხვდნენ ციხეში, რომ ღალატის კომისიასთან დაკავშირებით დაიკავეს ღირსეული პოზიცია.
წითელი ხაზი, ამ დროს როცა საერთო მტერია დასამარცხებელი არაფერ შუაშია, ზოგადად ამ რთულ მომენტში მხოლოდ უპირობო ერთიანობა გადაგვარჩენს და ნამდვილად დიდი შეცდომა იქნებოდა ერთმანეთზე თავდასხმა.
ქვეყანაა გადასარჩენი და პირად ემოციებზე აყოლას და ეგოების შეჯიბრს, ამ კრიტიკულ მომენტში, ისტორია არ გვაპატიებს.
ჩემი სამი კვირის წინანდელი პოსტი ეძღვნებოდა გილაურების კლანის ან ნებისმიერი სხვა სახის ივანიშვილთან დაკავშირებული “ბიზნესმენების” პოლიტიკასთან არ მიშვებას და მე მყარად ვდგავარ ამ პოზიციაზე. გამარჯვების შემდეგ, უნდა მივიღოთ კანონი ოლიგარქების პოლიტიკაში არ დაშვების შესახებ ( ასეთი მიღებული კანონის ერთ-ერთი თანაავტორი ვარ უკრაინაში).
მთლიანობაში, კიდევ ერთხელ მინდა გავუსვა ხაზი, რომ ერთიანობას უბრალოდ არ აქვს ალტერნატივა, ვარდების რევოლუციამ გაიმარჯვა სწორედ განსხვავებული ლიდერების ერთობით. კარგია, რომ პარტიების წარმომადგენლებმა ძალიან თავშეკავებული კომენტარი გააკეთეს ამ ამბავზე.
ისე ჩემო ნიკა, 1 ჰექტარზე კი არა, ერთი საკნის დაშორებით ვიმყოფებით, საპყრობილის მე-3 სართულზე და შეგვეძლო აქაც გაგვერკვია ნებისმიერი გაუგებრობა.
თავისუფლება ნიკა მელიას და ყველა პოლიტპატიმარს!” – წერს მიხეილ სააკაშვილი.
ცნობისთვის, განსასჯელის სკამიდან ნიკა მელია, გუშინ, დაპირისპირებაში მიხეილ სააკაშვილთან შევიდა. დაპატიმრებულმა ოპოზიციონერმა ლიდერმა წითელი ხაზები გაავლო და დაასახელა პოლიტიკოსი, ვინც ბიძინა ივანიშვილის მსგავსად მისთვის მიუღებელია და ვისთანაც თანამშრომლობას არ აპირებს.
მელიას ეს განცხადება საქართველოს მესამე პრეზიდენტის მიერ რამდენიმე კვირის წინ გამოქვეყნებულ განცხადებას მოჰყვა, სადაც სააკაშვილმა პარტია “ახალის” ლიდერები ივანიშვილთან გარიგებაში დაადანაშაულა.