თბილისის საქალაქო სასამართლოს მოსამართლე ფიქრია სიქტურაშვილმა ე.წ. საბოტაჟის საქმეზე ლელოს ლიდერებს მამუკა ხაზარაძეს და ბადრი ჯაფარიძეს მილიონ-მილიონი ლარის გირაო შეუფარდა.
მათ გირაოს გადასახდელად 30-დღიანი ვადა მისცეს.
საქმეში ბრალდებული დანარჩენი ოპოზიციონერი პოლიტიკოსების: მიხეილ სააკაშვილის, ნიკა მელიას, ნიკა გვარამიას, ელენე ხოშტარიას და ზურაბ ჯაფარიძის წინასასამართლო სხდომის თარიღად 25 დეკემბერი, 13:00 საათი განისაზღვრა.
- საბოტაჟის, უცხო ქვეყნისთვის მტრულ საქმიანობაში დახმარების, საქართველოს კონსტიტუციური წყობილების და ეროვნული უშიშროების საფუძვლების წინააღმდეგ მიმართული საქმიანობის დაფინანსების და საქართველოს კონსტიტუციური წყობილების ძალადობით შეცვლისაკენ, ან სახელმწიფო ხელისუფლების დამხობისკენ მოწოდების ბრალდებით სისხლისსამართლებრივი დევნა დაიწყო მიხეილ სააკაშვილის, გიორგი ვაშაძის, ნიკა გვარამიას, ნიკა მელიას, ზურაბ ჯაფარიძის, ელენე ხოშტარიას, მამუკა ხაზარაძის და ბადრი ჯაფარიძის მიმართ. განცხადება ივანიშვილის გენერალურმა პროკურორმა, გიორგი გვარაკიძემ გააკეთა.
პროკურატურამ 8 თებერვალს ერთიანი ნეიტრალური საქართველოს განცხადების საფუძველზე “საბოტაჟის მცდელობის და საქართველოს სახელმწიფო ინტერესების ხელყოფის მიზნით, უცხოეთის ორგანიზაციისათვის და უცხოეთის კონტროლს დაქვემდებარებული ორგანიზაციისათვის მტრულ საქმიანობაში დახმარების ფაქტებზე” გამოძიება დაიწყო.
იმავე საქმის ფარგლებში, 27 აგვისტოს თბილისის საქალაქო სასამართლომ დააკამყოფილა პროკურატურის შუამდგომლობა “საბოტაჟის, დამამძიმებელ გარემოებაში საბოტაჟის მცდელობის, უცხოეთის ორგანიზაციისათვის და უცხოეთის კონტროლს დაქვემდებარებული ორგანიზაციისათვის მტრულ საქმიანობაში დახმარების და საქართველოს კონსტიტუციური წყობილების და ეროვნული უშიშროების საფუძვლების წინააღმდეგ მიმართული საქმიანობისთვის” ფინანსების მობილიზების ფაქტზე მიმდინარე გამოძიების ფარგლებში, ცალკეული არასამთავრობო ორგანიზაციების საბანკო ანგარიშებზე ყადაღების დადების თაობაზე.
იქამდე, დაწყებული გამოძიების ფარგლებში 17 მარტს, პროკურატურამ რამდენიმე ფონდის ანგარიში დააყადაღა – უწყების განცხადებით, დაყადაღებულია: – ნანუკას ფონდი, ფროსფერითი, ფონდი ერთმანეთისთვის 24/7, სირცხვილია, თბილისის ადამიანის უფლებათა სახლი.