ჟურნალისტი და მედიამენეჯერი მზია ამაღლობელი თავისუფალი მედიის პრემიით დააჯილდოვეს ნორვეგიულმა და გერმანულმა ორგანიზაციებმა – Fritt Ord Foundation და ZEIT Stiftung Bucerius. დაჯილდოების ღონისძიება გერმანიაში, ქალაქ ჰამბურგში გაიმართა.
მზია ამაღლობელმა თავისუფალი მედიის ჯილდო მიიღო “ჟურნალისტური კეთილსინდისიერებისა და ეთიკური სტანდარტებისადმი 25-წლიანი ერთგულებისთვის”.
“მინდა იცოდეთ, რომ ეს პრიზი მარტო მე კი არა, ეკუთვნის ჩემს კოლეგებს, ყველა იმ ქართველ ჟურნალისტს, რომლებიც რეპრესიების პირობებში იცავენ და იბრძვიან სიტყვის თავისუფლებისთვის“ – ბათუმელების ცნობით, ასეთია მზია ამაღლობელის მოკლე გზავნილი, რომელიც დაჯილდოების ცერემონიალზე წაიკითხეს.
ჯილდო გადაეცა ექვს მედიას/ჟურნალისტს აღმოსავლეთ და ცენტრალური ევროპიდან. თავისუფალი მედიის წლევანდელი ლაურეატები არიან:
მედიაპლატფორმა Gwara Media (უკრაინა)
ჟურნალისტი და მედიის დამფუძნებელი მზია ამაღლობელი (საქართველო)
საგამოძიებო ონლაინმედია Direkt 36 (უნგრეთი)
ფოტოგრაფი და ფოტოჟურნალისტი ალექსანდრა ასტახოვა (რუსეთი)
მედია არხი Belarusian Investigative Center (ბელარუსი)
ჟურნალისტი ნარგიზ აბსალამოვა (აზერბაიჯანი)
Free Media Awards ნორვეგიული The Fritt Ord Foundation-ის და გერმანული ZEIT STIFTUNG BUCERIUS-ის საერთო ჯილდოა, რომელიც გადაეცემა ჟურნალისტებსა და მედიებს დამოუკიდებელი ჟურნალისტიკის გაძლიერებისთვის.