ანი ნადარეიშვილი საქართველოს მესამე პრეზიდენტს მიხეილ სააკაშვილს მიმართავს და წერს, რომ ბევრმა ირწმუნა სიცრუე და არა ის პროგრესი, რაც მიხეილ სააკაშვილმა საქართველოს მოუტანა. ამასთან, ანი ნადარეიშვილი მესამე პრეზიდენტს მადლობას უხდის იმისთვის, რომ საქართველო ხელიდან გამოგლიჯა რუსულ იმპერიას:
„ბატონო პრეზიდენტო, ბევრმა ირწმუნა სიცრუე და პროპაგანდა და არა ის პროგრესი, რაც თქვენ მოუტანეთ საქართველოს.
მადლობა, რომ გააკეთეთ ის, რაც სხვამ ვერ გაბედა – საქართველო ხელიდან გამოგლიჯეთ რუსულ იმპერიას, ქვეყანას მიმართულება მიეცით, სახელმწიფო დაუბრუნეთ ქართველ ხალხს, დაგვაჯერეთ, რომ ჩვენ – ქართველები ვართ თავისუფალი, ევროპელი ხალხი, რომ ჩვენ თვითონ შეგვიძლია ჩვენი უკეთესი მომავალი შევქმნათ, ახალგაზრდებს მიეცით უნივერსიტეტებში სწავლის საშუალება ყველანაირი „ჩაწყობების” და „მოწყობების” გარეშე.
მადლობა, რომ შეგვაყვარეთ ჩვენი დროშა და ჰიმნი, მადლობა რომ ადამიანებს მიეცით საშუალება პირნათლად და მთელი გულით ემსახურათ თავიანთი ქვეყნისთვის.
დღეს მხოლოდ ერთს გისურვებთ – თავისუფლებას! იმ თავისუფლებას, რომელიც თქვენ სხვებისთვის მოიპოვეთ და დღეს თავად წაგართვეს.” – წერს ანი ნადარეიშვილი სოციალურ ქსელში.