მთავარიUncategorizedშეიძლება იყოს ათამდე პარტია მცირე პარტიების ჩათვლით - კობახიძე პარტიების აკრძალვაზე

შეიძლება იყოს ათამდე პარტია მცირე პარტიების ჩათვლით – კობახიძე პარტიების აკრძალვაზე

Published on

ივანიშვილის პრემიერი ირაკლი კობახიძე ამბობს, რომ რამდენიმე დღეში გახდება ცნობილი ზუსტი სია, რომელი პარტიების აკრძალვას მოითხოვს ქართული ოცნება.

“სიას დავაკონკრეტებთ მოგვიანებით, მით უმეტეს, რომ მიმდინარეობს ახლაც მუშაობა სარჩელზე, ამიტომ ზუსტი სია გახდება ცნობილი რამდენიმე დღეში, როდესაც სარჩელი შევა უკვე ოფიციალურად საკონსტიტუციო სასამართლოში.

პრინციპი არის შემდეგი: 1) როდესაც პარტია შედგება იმ ადამიანებისგან, რომლებიც წარმოადგენდნენ სისხლიან რეჟიმს, რა თქმა უნდა, მათ შეეხება შესაბამისი სარჩელი. მარტივად რომ ვთქვათ, პირდაპირ ვინც იყვნენ ხელისუფლებაში, რომლებიც არიან დღეს კონკრეტული პარტიის ხელმძღვანელები, ეს არის ნაცმოძრაობა, ეს არის იგივე ახალი, არის რამდენიმე სხვა მცირე პარტია.

და მეორე კრიტერიუმია – ვინც ამ სისხლიან პარტიასთან, ძალასთან ერთად ჩართული იყო სახელმწიფოს წინააღმდეგ საბოტაჟში წლების მანძილზე განგრძობითად, რა თქმა უნდა, მათაც შეეხება ეს სარჩელი. თუმცა, ზუსტი სია ცნობილი გახდება რამდენიმე დღეში. არ ვიცით, შეიძლება იყოს ათამდე პარტია, ვნახოთ, მცირე პარტიების ჩათვლით” – ამბობს კობახიძე საზოგადოებრივი მაუწყებლის ეთერში.

კითხვაზე, ქართული პოლიტიკური სპექტრი ისედაც არ არ განებივრებული ბევრი პოლიტიკური ძალით, თუ ათამდე პარტია აიკრძალება, მაშინ ვინღა რჩება პოლიტიკურ სპექტრში, ივანიშვილის პრემიერი პასუხობს, რომ “ეს არის ერთადერთი გზა ქართული პოლიტიკური სპექტრის განებივრებისკენ”.

“დღეს არის ჩაკეტილი სივრცე, არის ერთ მხარეს ქართული ოცნება და მეორე მხარეს კოლექტიური ნაცმოძრაობა, უცხოური აგენტურა. როდესაც ასეთი ორპოლუსიანი სისტემაა ჩამოყალიბებული, არცერთ მესამე ძალას არ ეძლევა საშუალება, რეალურად, რესურსით შემოვიდეს პოლიტიკაში, რაც ჩაკეტილი წრეა ჩამოყალიბებული ხელოვნურად. ნახეთ, რა გააკეთეს 2012 წელს: თავსმოხვეული კოჰაბიტაციის საფუძველზე გააკეთეს ზუსტად ეს – ერთ მხარეს არის ქართული ოცნება და მეორე მხარეს არის დანაშაულებრივი პოლიტიკური ძალა მთელი თავისი სპექტრით უკვე, რომელიც გაიშალა 2012 წლის შემდეგ. და ამ კოლექტიურ ნაცმოძრაობას აქვს გარე მხარდაჭერა, ამ სისხლიან ძალადობრივ პოლიტიკურ ძალას და ასეთ პირობებში, როდესაც არის ხელოვნურად თავსმოხვეული ორპოლუსიანი სისტემა, არცერთ ძალას, რეალურ ჯანსაღ პოლიტიკურ ძალას არ აქვს საშუალება, რომ წარმატებას მიაღწიოს პოლიტიკურ სისტემაში, როგორც კი ეს ჩაკეტილი, მართლა ეშმაკისეული წრე გაირღვევა, მაშინვე გაჩნდებიან ახალი პოლიტიკური სუბიექტები.

ქართული ოცნება იღებს 12 წლის თავზე საპარლამენტო არჩევნებზე 54%-ს და 13 წლის თავზე თვითმმართველობის არჩევნებზე 82%-ს, რატომ ხდება ეს? იმიტომ, რომ მეორე მხარეს ჩვენი ალტერნატივა არის დანაშაულებრივი სისხლიანი პოლიტიკური ძალა უცხოური აგენტურა. აქ რომ იყოს მეორე მხარეს ჯანსაღი პოლიტიკური ძალა, ჩვენ შეიძლება 54% ვეღარ ავიღოთ, რადგან რეალური კონკურენცია გაჩნდება. ჩვენ რასაც ვაკეთებთ, ეს სუბიექტური ინტერესებიდან წამოსული ინიციატივა კი არ არის, ეს არის ობიექტური, ქვეყნის ინტერესებიდან წამოსული ინიციატივა, რომ გაჯანსაღდეს ერთხელ და სამუდამოდ ჩვენი პოლიტიკური სისტემა, რომ ვიღაცის მოსვლა ხელისუფლებაში, კოლექტიური ნაცმოძრაობის, არ ნიშნავდეს კატასტროფას ქვეყნისთვის” – ამბობს კობახიძე.

კითხვაზე, ვის მოიაზრებს ჯანსაღ პოლიტიკურ ძალად, ივანიშვილის პრემიერი პასუხობს, რომ “ახალი ძალები შეიძლება გაჩნდეს, შეიძლება, არსებულიდანაც აღმოცენდეს ჯანსაღი პოლიტიკური ძალა, შეიძლება, ახალი პოლიტიკური პარტიებიც გაჩნდეს, მაგრამ როგორც კი სივრცე გაიხსნება, ეს პროცესი ბუნებრივად დაიძვრება”.

გადაცემის წამყვანმა აღნიშნა, რომ ნაციონალური მოძრაობიდან წასულ წევრებსაც აქვთ დაარსებული პოლიტიკური პარტიები. კითხვაზე, “მაგალითად, კოალიცია ცვლილებისთვის ლიდერები არიან ნაციონალური მოძრაობის ყოფილი წევრები, ფედერალისტებში არიან ნაციონალური მოძრაობის ყოფილი წევრები, მათაც ემუქრებათ აკრძალვა?” – ირაკლი კობახიძე პასუხობს – “ჩვენი ლოგიკით აქეთკენ მივდივართ, რაც შეეხება პოლიტიკური პარტიების ჩამონათვალს, თქვენი ნებართვით, რამდენიმე დღეში დავაზუსტებთ”.

კითხვაზე, რამდენად თავსებადია კონსტიტუციასთან პარტიასთან დაკავშირებული პირების პოლიტიკური საქმიანობის აკრძალვაც, ივანიშვილის პრემიერს მაგალითად ბაჩო ახალაია მოჰყავს.

“ის იყო ძალოვანი სტრუქტურის წარმომადგენელი და ვერ იქნებოდა პარტიის წევრი, მაგრამ ყველას კარგად ესმის, რომ ბაჩო ახალაია არის ნაცმოძრაობის განუყოფელი ნაწილი, არ შეიძლება, რაღაცა ფორმალობის გამო, ასეთი ადამიანი არ შევიყვანოთ… ერთი არის პარტიის წევრები და მეორეა, პარტიასთან დაკავშირებული პირები. ამაზე გადაწყვეტილებას იღებს საკონსტიტუციო სასამართლო, საკონსტიტუციო სასამართლომ დეტალურად უნდა დაასაბუთოს, ვინ არის დაკავშირებული და ვინ არა, ეს მისი პრეროგატივაა და აქ თვითნებობის არავითარი რისკი არ არსებობს…

რეალურად, მაქსიმალურად დაზუსტებულია ის ჩანაწერი, რომელიც შედის კანონში და დანარჩენი არის საკონსტიტუციო სასამართლოს გადასაწყვეტი სარჩელის საფუძველზე” – ამბობს კობახიძე.

საზოგადოებრივი მაუწყებლის წამყვანმა ლელოსა და გახარიას პარტიაზეც ჰკითხა – ივანიშვილის პრემიერმა თქვა, რომ ისინი არიან “კოლექტიური ნაცმოძრაობის დღის წესრიგის განუყოფელი ნაწილი”.

“… კანდიდატის სტატუსთან დაკავშირებით ისინი ბოლომდე იყვნენ ჩართულები საბოტაჟში. ეს იყო მათი საერთო დღის წესრიგი, რომლითაც მოქმედებდნენ ეს პოლიტიკური ძალები, მათ შორის, საბოტაჟთან დაკავშირებით, რომელიც არის ჩვენი სარჩელის ერთ-ერთი მთავარი საყრდენი, ამაზეა აგებული ჩვენი პრეტენზია კონკრეტული პარტიების არაკონსტიტუციურობასთან დაკავშირებით.

4 ოქტომბრის გეგმას ერთადერთი გახარია გაემიჯნა, ლელო – არა. ლელომ თქვა, რომ 20:00 საათამდე მიდიოდნენ არჩევნებზე და შემდეგ უერთდებოდნენ დამხობის აქციას. ბოლოს ისინიც გაემიჯნენ, მას შემდეგ, რაც ჩავარდა მათი გეგმა, ისევე როგორც გაემიჯნენ სოფო ჯაფარიძე და სალომე ზურაბიშვილი.

ერთადერთი – გახარიას პარტია იყო, რომელიც გაემიჯნა, მაგრამ ის მთელი ამ წლების განმავლობაში არ გაემიჯნა გამუდმებულ საბოტაჟს ჩვენი ქვეყნისა და სახელმწიფო ინსტიტუტების წინააღმდეგ. მეტიც, გახარიას პარტიას ჰქონდა შექმნილი კოალიცია “ნაცმოძრაობასთან” 4 წლის განმავლობაში, რამდენიმე მუნიციპალიტეტში. მათ დღის წესრიგს მიჰყვებოდნენ. როცა ქმნი კოალიციას თავისი არსით არაკონსტიტუციურ პარტიასთან, ეს უტყუარად ნიშნავს შენს არაკონსტიტუციურობასაც. აქედან გამომდინარე, მე ვფიქრობ, ყველაფერი ცხადია, თუმცა ჩვენ უნდა დაველოდოთ საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილებას,”- განაცხადა კობახიძემ.

ქართული ოცნების მომზადებული კანონპროექტის მიხედვით, “მოქალაქეთა პოლიტიკური გაერთიანებების შესახებ” კანონის 36-ე მუხლს მე-2 პუნქტი დაემატება, რომლის მიხედვით საკონსტიტუციო სასამართლოს შეეძლება აკრძალოს პარტია, რომლის გაცხადებული მიზანი, საქმიანობის არსი და შემადგენლობა “არსებითად იმეორებს” სასამართლოს მიერ აკრძალული პარტიის გაცხადებულ მიზანს, საქმიანობის არსსა და პერსონალურ შემადგენლობას.

როგორც ივანიშვილის წარმომადგენელმა, არჩილ გორდულაძემ განაცხადა, საკანონმდებლო ცვლილებებით, თუ კონკრეტული პარტია იკრძალება, მის წევრებს და მასთან დაკავშირებულ პირებს არ ექნებათ შესაძლებლობა, ისარგებლონ პასიური საარჩევნო უფლებით, ანუ მათ აღარ შეეძლებათ იყვნენ არჩეულები, მაგალითად – საქართველოს პარლამენტსა და მუნიციპალიტეტებში. ამავდროულად, მათ შეეზღუდებათ კონსტიტუციაში დასახელებული ორგანოების ხელმძღვანელი თანამდებობების დაკავების უფლება, ვეღარ შეძლებენ, გახდნენ სხვა პარტიის წევრები. ასევე, ვერ გახდებიან სხვა პარტიების შემომწირველები.

მისივე თქმით, პარტიას, რომელიც ასეთ პირს თავის რიგებში გააწევრებს და შესაბამისად, საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილებას არ შეასრულებს, “სისხლის სამართლის კოდექსით“ გათვალისწინებული პასუხისმგებლობა დაეკისრება – ჯარიმა, ხოლო თუ კონკრეტული პარტიის მნიშვნელოვნად მეტი ადამიანი ახალ პარტიაში გაწევრიანების შემდეგ გადაწყვეტილების მიმღები იქნება, ამ შემთხვევაში, ამ კონკრეტული პარტიის აკრძალვა არის შესაძლებელი, როგორც ე.წ. მემკვიდრე პარტიის.

სიახლეები

შეკრება-მანიფესტაციებთან დაკავშირებული ახალი ანტიდემოკრატიული პაკეტი დამტკიცებულია

პარლამენტმა დაჩქარებული წესით განიხილა და 80-ხმით, ერთხმად - მესამე მოსმენით დაამტკიცა საკანონმდებლო პაკეტი, რომლის ამოქმედების...

უკრაინამ რუსეთის სიღრმეში “ლუკოილის” ნავთობქარხანას დაარტყა

რუსეთში, კსტოვოში, უკრაინიდან 800 კილომეტრის მოშორებით უკრაინულმა კამიკაძე დრონებმა „ლუკოილის“ კუთვნილი “ნიჟნეგოროდნეფტეორგსინთეზის” ნავთობგადამამუშავებელ ქარხანას...

არქიმანდრიტ დოროთეს კრებაზე გამოუცხადებლობისთვის “მკაცრი გაფრთხილება” მისცეს და ხელახლა დაიბარეს

საქართველოს საპატრიარქოს მცხეთა-თბილისის ეპარქიული კომისიის დასკვნის თანახმად, არქიმანდრიტ დოროთე ყურაშვილს კომისიაზე „არასაპატიო მიზეზით არგამოცხადებისთვის“ მკაცრი...

ქართველ მებრძოლს რუსეთის სასამართლომ 14 წლით პატიმრობა დაუსწრებლად მიუსაჯა

რუსეთის სასამართლომ უკრაინაში მებრძოლ აკაკი ბერიანიძეს 14 წლით კოლონიაში პატიმრობა დაუსწრებლად მიუსაჯა. ის უკრაინაში...