„ქართული ოცნება“ თვითმმართველობის არჩევნების წინაც ისევ უკრაინის ომის კადრებს იყენებს. მმართველმა პარტიამ წინასაარჩევნო საიმიჯო კლიპში ერთმანთს “ვაკის პარკის” შადრევანი და რუსეთის მიერ დანგრეული უკრაინის ქალაქები დაუპირისპირა.
რამდენიმე საათია, სოციალურ ქსელებში გამოჩნდა მმართველი პარტიის საარჩევნო რგოლი, რომლებზეც, ომისა და მშვიდობის საჩვენებლად, მარცხენა მხარეს უკრაინის დაბომბილი ქალაქებია გამოსახული, მეორე მხარეს კი ფოტოები საქართველოდან, სადაც “ოცნება” გარემონტებული ფასადებით, პარკებითა და გზებით იწონებს თავს.
ვიდეო-რგოლში გამოყენებული ის შადრევანი, სადაც 2022 წლის 13 ოქტომბერს 13 წლის მარიტა მეფარიშვილს დენმა დაარტყა და მოკლა. ცბობილია, რომ წინა დღით კახა კალაძემ პარკი საზეიმოდ გახსნა.
საქმეზე მალევე თბილისის მერიის გარემოს დაცვის საქალაქო სამსახურის უფროსის მოადგილე გიორგი ვახტანგაშვილი დააკავეს, მას სამსახურებრივ გულგრილობას ედავებოდნენ. საბოლოოდ, გიორგი ვახტანგაშვილს 3-წლიანი საპატიმრო სასჯელი შინაპატიმრობით შეუცვალეს. მერიის სამსახურის ყოფილმა მაღალჩინოსანმა ციხე დაკავებიდან წელიწადსა და 3 თვეში დატოვა.
“აირჩიე მშვიდობა” – დედაქალაქის მერის არჩევნებში “ოცნების” მთავარი სლოგანია.
კახა კალაძის მერიის მიერ თბილისისთვის მიძღვნილ სლოგანებს შორის იყო „სიცოცხლით სავსე ქალაქი“, რომელიც დროთა განმავლობაში ოპოზიციამ და მოქალაქეებმა „სიკვდილით სავსე ქალაქად“ გადააკეთეს.
მიზეზი კი მოზარდების ტრაგიკულად დაღუპვა გახდა:
2023 წელს, 15 წლის კალათბურთელი დათუნა ჟღენტი, წყნეთის ერთ-ერთ სკვერში დენის დარტყმის შედეგად გარდაიცვალა. საქმეზე გამოძიება ამ დრომდე მიმდინარეობს.
2025 წლის 25 იანვარს, „რიყის დოქების“ ტერიტორიაზე 16 წლის იოსებ ადეიშვილი, წყლით სავსე თხრილში ჩავარდა და დაიღუპა. დედაქალაქის მუნიციპალიტეტმა მაშინ თქვა, რომ ტრაგედია კერძო ტერიტორიაზე დატრიალდა;
2025 წლის 11 აპრილს, ავჭალაში, ე.წ. „ტიტანიკის“ კორპუსში 13 წლის ნიკოლოზ კოკოშაშვილი ლიფტის შახტში ჩავარდა და დაიღუპა. ამ შემთხვევაშიც მერიაში თქვეს, რომ მოსახლეობა ავარიული კორპუსიდან არ გამოდიოდა;
2025 წლის 14 ივლისს ვაგზლის მოედანთან საცხოვრებელი კორპუსის ფასადი ჩამოინგრა, რამაც ორი ადამიანის სიცოცხლე შეიწირა; ჯაკაძემ მედიასთან თქვა, რომ მოსახლეობა ავარიული სახლიდან არ გამოვიდა.