მთავარისიახლეებისამართალიჭავჭავაძის გამზირზე, ქვეითთა გადასასვლელთან, ე.წ. კანონიერი ქურდის ძმა დაცხრილეს - დეტალები

ჭავჭავაძის გამზირზე, ქვეითთა გადასასვლელთან, ე.წ. კანონიერი ქურდის ძმა დაცხრილეს – დეტალები

Published on

თბილისში, ჭავჭავაძის 9-სთან ახლოს, ქვეითთა გადასასვლელთან დაცხრილეს 58 წლის კაცი, რომელიც ლევან ჯანგველაძე აღმოჩნდა – 62 წლის ე.წ. კანონიერი ქურდის, კრიმინალურ სამყაროში კარგად ცნობილი მერაბ ჯანგველაძის (მერაბ სოხუმსკი) ძმა, რომელიც ბოლო დროს ბიზნესით იყო დაკავებული (საერთო ფოტოზე მარცხნიდან პირველი მერაბ ჯანგველაძე, მარჯვნიდან პირველი – ლევან ჯანგველაძე).

 

თვითმხილველთა ინფორმაციით, კილერმა, რომელიც სავარაუდოდ, მსხვერპლს ახლოს ელოდებოდა, მას რამდენჯერმე ესროლა. აღსანიშნავია, რომ ლევან ჯანგველაძეს თან ახლდა პირადი დაცვა, ასე რომ სროლას ანალოგიური პასუხი მოჰყვა, თუმცა, კილერმა მანამდე ლევან ჯანგველაძის სასიკვდილოდ დაჭრა მოასწრო და გაქცევაც მოახერხა.

თვითმხილველებმა სულ 9 გასროლის ხმა გაიგეს. ბრმა ტყვიით ფეხში დაიჭრა შემთხვევითი გამვლელი, რომელიც სასწრაფო დახმარების ბრიგადამ კლინიკაში გადაიყვანა. დაჭრილი სასწრაფო დახმარების მანქანაში თავად ავიდა, მის სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება.

თავდასხმის შედეგად ადგილზე დაიღუპა ლევან ჯანგველაძე. მას რამდენიმე ტყვია აქვს მოხვედრილი და მათგან ყველა – სასიკვდილო აღმოჩნდა, რაც აძლიერებს ვარაუდს, რომ “კანონიერი ქურდის ძმა დაქირავებული მკვლელის სამიზნე გახდა.

როგორც ირკვევა, ლევან ჯანგველაძე, რომელსაც ისევე კარგად იცნობენ კრიმინალურ სამყაროში, როგორც მის ძმას, თბილისში, ახლობლის გასვენებაზე რამდენიმე დღით იყო ჩასული. ლევან ჯანგველაძე, ისევე როგორც მისი ძმა, საქართველოში არ ცხოვრობდა, ძმების სამოქმედო არეალი ბოლო დროს იტალია და საფრანგეთი იყო.

სავარაუდოდ, კილერისთვის წინასწარ იყო ცნობილი როგორც ლევან ჯანგველაძის თბილისში ჩასვლის, ასევე მისი გადაადგილების მარშრუტის შესახებ. მკვლელმა ისეთი მომენტი შეარჩია, როცა ლევან ჯანგველაძე თბილისის ცენტრში, ხალხმრავალ ადგილას, დაცვის თანხლებით გადაადგილდებოდა.

კილერი მას სავარაუდოდ, სწორედ იქ ელოდებოდა, სადაც ჯანგველაძე გამზირის გადაკვეთას აპირებდა. თავდასხმა სწორედ ზებრა გადასასვლელის დასაწყისში, დღის შუქზე მოხდა. მკვლელმა კარგად გამოიყენა მოულოდნელობის ეფექტი, რაც მას მიმალვაშიც დაეხმარა.

თვითმხილველები მიანიშნებენ კაცზე, რომელსაც კაპიუშონიანი ზედა სამოსი ეცვა. სროლის შემდეგ, როცა უამრავი ცნობისმოყვარე შეიკრიბა, მან ხალხმრავლობით ისარგებლა და სწრაფი ნაბიჯებით გაეცალა მკვლელობის ადგილს.

გავრცელდა ვიდეო (ტვ “ფორმულა”), სადაც ისმის სროლის ხმა და ჩანს, როგორ გარბის ხალხი. ქუჩის სათვალთვალო კამერების სხვა ჩანაწერი ჯერჯერობით, არ გავრცელებულა.

აღსანიშნავია, რომ ლევან ჯანგველაძის ძმა, მერაბი კრიმინალური სამყაროს ვერტიკალის ისეთ თვალსაჩინო წარმომადგენლებთან იყო დაპირისპირებული, როგორებიც იყვნენ “დედ ჰასანი (ასლან უსოიანი), “იაპონჩიკი” (ვიჩესლავ ივანკოვი) და “შაქრო მალადოი” (ზახარ კალაშოვი). ცნობილია, რომ მერაბ ჯანგველაძე, წლებია ტარიელ ონიანთან მეგობრობს და მის მარჯვენა ხელადაა მიჩნეული (მომდევნო ორ ფოტოზე: მერაბ ჯანგველაძე)

ლევან ჯანგველაძის მკვლელობა, სავარაუდოდ, კრიმინალურ სამყაროში კიდევ ერთი დიდი დაპირისპირების მიზეზი გახდება, თუმცა, უკვე გავრცელებული მოსაზრებების საწინააღმდეგოდ, ნაკლებად მოსალოდნელია, ამ მკვლელობამ საქართველოში მიმდინარე შიდა პროცესებზე სერიოზული გავლენა მოახდინოს, რადგან შესაძლო დაკავშირებული პირების აბსოლუტური უმრავლესობა საქართველოს ფარგლებს გარეთ, უმეტესწილად საფრანგეთში, იტალიაში, თურქეთსა და საბერძნეთში ცხოვრობს.

სიახლეები

“იმედი მაქვს სანქციები არ დაიგვიანებს!” – სინდისის პატიმარი, ირაკლი ქერაშვილი EU საელჩოებს წერილით მიმართავს

სინდისის პატიმარი, ირაკლი ქერაშვილი ევროპული ქვეყნების საელჩოებს წერილით მიმართავს. გლდანის საპყრობილეში გამოკეტილი, ოლიგარქის რეჟიმის...

ნარკოდანაშაულში ბრალდებულ სამ პირს ზუგდიდის სასამართლომ პატიმრობა მიუსაჯა

ზუგდიდის რაიონულმა სასამართლომ სრულად გაიზიარა პროკურატურის მიერ წარდგენილი მტკიცებულებები და განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული...

სენატში MEGOBARI აქტის განხილვა 27 მარტს გაიმართება – რაუფოღლუ

აშშ-ის სენატის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტი MEGOBARI Act-ს27 მარტს განიხილავს - ამის შესახებ სოციალურ ქსელში...

რა ადგილი ეჭირა “მერაბ სოხუმსკის” ცხოვრებაში ძმას და რა შეიძლება მოჰყვეს ლევან ჯანგველაძის მკვლელობას

"თაიმერი" ვრცელ სტატიას აქვეყნებს, სადაც განხილულია თბილისში, ჭავჭავაძის გამზირზე გუშინდელი თავდასხმა ლევან ჯანგველაძეზე, რომელიც...