მთავარისიახლეებისალომე ზურაბიშვილმა, კამპანიის „ჩვენი ხმა ევროპას“ ფარგლებში, ევროკავშირის ქვეყნებში მცხოვრები ქართული დიასპორის...

სალომე ზურაბიშვილმა, კამპანიის „ჩვენი ხმა ევროპას“ ფარგლებში, ევროკავშირის ქვეყნებში მცხოვრები ქართული დიასპორის წარმომადგენლებთან ტელეხიდი გამართა

Published on

საქართველოს პრეზიდენტმა, სალომე ზურაბიშვილმა ევროპული კამპანიის – „ჩვენი ხმა ევროპას“ ფარგლებში ევროკავშირის ქვეყნებში მცხოვრები ქართული დიასპორის წარმომადგენლებთან ტელეხიდის საშუალებით შეხვედრა გამართა.

პრეზიდენტის პრესსამსახურის ინფორმაციით, შეხვედრა საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაციის უფროსმა, ნათია სულავამ გახსნა და საზღვარგარეთ, 40-ზე მეტ ქალაქში მცხოვრებ ქართული დიასპორის წარმომადგენლებს შეხვედრაში მონაწილეობისა და ევროინტეგრაციის პროცესში ჩართულობისათვის მადლობა გადაუხადა.

როგორც საქართველოს პრეზიდენტმა განაცხადა, ხელმოწერების ევროპული კამპანია თითოეული ქართველის კამპანიაა, მათი, ვისაც ევროპა უნდა.

„ეს არის ძალიან საინტერესო და ყოვლისმომცველი შეხვედრა, რადგან თქვენ პრაქტიკულად ყველა ის მიზეზი ჩამოთვალეთ, რატომაც შეიძლება, ჩვენ, თქვენ და, ზოგადად, საქართველოს ევროპაში გაწევრიანება უნდოდეს. ეს არის ასეთი კავშირის პირველი ჩვენი მცდელობა და ძალიან ბედნიერი ვარ, რომ გამოგვივიდა, რაც იმას ნიშნავს, რომ ჩვენ ამას გავაგრძელებთ. „ჩვენი ხმა ევროპას“ – ეს არ არის პრეზიდენტის კამპანია. მე ინიციატორი ვარ, რადგან ეს სადღაც უნდა დაწყებულიყო, მაგრამ ეს, რეალურად, თითოეული თქვენგანის კამპანიაა, მათი, ვისაც ევროპა უნდა.

ძალიან მნიშვნელოვანია, რომ 8 ნოემბრის შემდეგ სასახლეში ბევრი სხვადასხვა ღონისძიება ჩატარდა. აქ იყვნენ სხვადასხვა სფეროს წარმომადგენლები: კულტურა, სპორტი, მედია, მედიცინა, არასამთავრობო ორგანიზაციები, ეთნიკური უმცირესობები, შშმ პირები და სხვა. ძალიან ბევრი სხვადასხვა სფერო იყო წარმოდგენილი იმისთვის, რომ გვეჩვენებინა სრულყოფილი სურათი საქართველოს საზოგადოებისა, რომელიც მეტი თავისუფლების, მეტი დამოუკიდებლობის, მეტი უსაფრთხოების მისაღებად ევროპისკენ მიისწრაფვის. ეს კამპანია ქვეყნის ზოგიერთ რეგიონზეც გავრცელდა: ზუგდიდზე, გორზე, ყვარელზე, დუისზე. სამწუხაროდ, ყველგან ვერ შევძელით ჩასვლა, მაგრამ სადაც ჩავედით, ყველა რეგიონი მიუერთდა კამპანიას.

არ შეიძლებოდა, რომ ეს კამპანია გაზიარებული არ ყოფილიყო თქვენ მიერ, ჩვენი დიასპორის მიერ, რომელიც ჩვენი საზოგადოების ძალიან დიდ ნაწილს წარმოადგენს: თქვენ ევროპაში ხართ, თქვენი ხმა ევროპიდანაა და თქვენ თქვენი გამოცდილებით ზუსტად იცით, რას ნიშნავს ევროპა თავისი პლუსებით და მინუსებით. არაფერია იდეალური, მაგრამ ის, რაც იქაა – სწორედ ეს უსაფრთხო ცხოვრება, ადამიანის ღირსების პატივისცემა – ის, რაც ჩვენ გვინდა, ძალიან კარგად გრძნობთ თქვენ, რატომაცაა საჭირო ჩვენს ქვეყანაში, რათა თქვენც შეძლოთ ან დაბრუნება, ან იმ ადგილიდან, სადაც იქნებით, ამ ცხოვრების ჩვენთან გაზიარება. თავისუფლება რეალურად სწორედ ის მთავარი ღირებულებაა, რაც გვაერთიანებს და გვაძლევს საშუალებას, გვინდოდეს ევროპა. თქვენი ეს „ევროპული ხმა“ ასევე იქნება მიტანილი ევროპამდე.

13 დეკემბერს, ორ-სამ დღეში აქ მოვა დიპლომატიური კორპუსის ყველა წარმომადგენელი ევროკავშირის ქვეყნებიდან, რომლებმაც საქართველოს შესახებ 14-ში თუ 15-ში მთავარი გადაწყვეტილება უნდა მიიღონ და მე მათ [ამ კამპანიის ფარგლებში] შეგროვილ ხელმოწერებს გადავცემ, გადავცემ ჩვენს ხმას, საზოგადოების ხმას, მათ შორის, თქვენს ხმასაც, რათა მათმაც დაინახონ, რომ ის ემიგრაცია, რომელიც დღეს მათ ქვეყნებში ცხოვრობს როგორც უცხოელი ან მათი ქვეყნის მოქალაქე, ისინიც გაერთიანებულნი არიან ამ საყოველთაო კამპანიაში. მე მგონი, ამ ღონისძიებას ასევე დაესწრებიან (და ესეც გზავნილია), ყოველ შემთხვევაში, ამის იმედი მაქვს, რადგან მოწვეულია საქართველოს ხელისუფლების ყველა წარმომადგენელი, დღევანდელი, გუშინდელი და გუშინწინდელი: პრემიერები და საგარეო საქმეთა მინისტრები, რომლებიც მონაწილეობდნენ საქართველოს ევროპისკენ სვლაში. ეს არის ის კონსენსუსი, ის დეპოლარიზაცია და ის ერთობა, რაც ჩვენ გვჭირდება, რათა ჩვენი ევროპული გზა წარმატებული იყოს.

ეს არ ნიშნავს იმას, რომ უცებ, რაღაც ჯადოსნური ჯოხით ყველა ერთ აზრზე შეჯერდება – არა! ეს იმას ნიშნავს, რომ ჩვენ შეგვიძლია ერთმანეთის პატივისცემა იმ დონეზე, რომ მთელი საზოგადოების მიერ გაზიარებული ამ კონკრეტული გეგმის ირგვლივ ერთმანეთს კი არ შევეჯიბროთ ვინ მეტი თუ ვინ ნაკლები გააკეთა, ვინ დააშავა თუ ვინ არ დააშავა, ცოტა ხნით, თუნდაც ამ საახალწლო პერიოდში, გავჩუმდეთ და შევირგოთ ალბათ დადებითი გადაწყვეტილება, ყოველ შემთხვევაში, ესაა ჩვენი რწმენა, ჩვენი იმედი, ჩვენ ამაზე არ გვაქვს სხვა წვდომა, რადგანაც ეს არის ევროპული საბჭოს წევრი, თითოეული თავისუფალი ქვეყნის გადაწყვეტილება. ჩვენც ვისურვებდით, რომ ძალიან მალე იმ მაგიდის ირგვლივ დავმსხდარიყავით და იქაც – ევროპაშიც გვქონოდეს ჩვენი ხმა. ძალიან დიდი მადლობა ყველას დღევანდელი დღისთვის.

მინდა, გითხრათ, მე არ ვაპირებ, რომ ასეთ შეხვედრას ერთჯერადი ხასიათი ჰქონდეს. იმედი მაქვს, ეს კამპანია ბუნებრივი დასასრულით დასრულდება, მაგრამ ეს არ ნიშნავს იმას, რომ ჩვენი ევროპული გზა ასე დამთავრდება, ეს 15 დეკემბერს რეალურად იწყება. მომავალ წელს ჩვენ ბევრი გვექნება გასაკეთებელი და ამ პროცესში თქვენი როლი ძალიან დიდია. მართალია, ზუსტი თარიღი შესათანხმებელი იქნება, მაგრამ უკვე წინასწარ მინდა, გითხრათ, რომ იანვრის ბოლოს ისევ შევხვდეთ ცოტა სხვა ფორმატში: მეტი კითხვით და მეტი პასუხით და შევხვდეთ, პირველ რიგში, საკითხზე, რომელიც ბევრს აწუხებს – მოქალაქეობის საკითხზე. შემდეგ უკვე გვექნება კიდევ ერთი შეხვედრა საარჩევნო უფლებებზე. ეს ის ორი თემაა, რომლებზეც გვექნება ორი შეხვედრა იანვრის ბოლოს და თებერვლის დასაწყისში. დანარჩენი თემები თქვენი გადასაწყვეტია, და არა მხოლოდ თქვენი, ვინც დღეს აქ ხართ შეკრებილი, არამედ ეს არის გზავნილი მთლიანად დიასპორისათვის. ვისაც რაიმე ინტერესი და სურვილი აქვს, მონაწილეობა მიიღოს ამ შეხვედრებში, მოგვმართონ, ჩვენს ვებგვერდზე შეიძლება გზავნილების დატოვება და ყველას გავითვალისწინებ.

წინასწარ გილოცავთ დამდეგ შობა-ახალ წელს, რომელსაც, იმედი მაქვს, ევროპისკენ ერთი ნაბიჯით წინ გავატარებთ!“ – განაცხადა საქართველოს პრეზიდენტმა.

სიახლეები

ოკუპანტებმა ქვემო ნიქოზის მიმდებარე ტერიტორიიდან საქართველოს 2 მოქალაქე გაიტაცეს

რუსეთის საოკუპაციო ძალების წარმომადგენლებმა, გორის მუნიციპალიტეტის სოფელ ქვემო ნიქოზის მიმდებარედ უკანონოდ დააკავეს საქართველოს ორი...

“ოცნებამ” ივანიშვილის პრეზიდენტის ინაუგურაციაზე ელჩები არ დაპატიჟა

შალვა პაპუაშვილი ადასტურებს, რომ ბიძინა ივანიშვილის მიერ დანიშნული პრეზიდენტის მიხეილ ყაველაშვილის ინაუგურაციაზე ელჩები დაპატიჟებულები...

ხელჩართული ჩხუბი პროფკავშირებში – ნაცემია სამი ადამიანი

ხელჩართული ჩხუბი პროფკავშირებში - ნაცემია სამი ადამიანი. ერთ-ერთ მათგანს კბილები აქვს ჩამტვრეული, მეორეს დაზიანება...

“ვგმობ მშვიდობიანი პროტესტის ძალადობრივი ფორმით დარბევას” – ადიგენის საკრებულოს აპარატის უფროსი

მორიგი საპროტესტო განცხადება საჯარო სექტორიდან. ადიგენის მუნიციპალიტეტის საკრებულოს აპარატის უფროსი მიხეილ ბუცხრიკიძე 28 ნოემბერს...