დავით და გიორგი ფეიქრიშვილების დედა, ნინო აბრამიშვილი „ქართული ოცნების“ დამფუძნებელს, ბიძინა ივანიშვილს მიმართავს და პენიტენციურ დაწესებულებაში შვილების მიმართ განხორციელებული ფიზიკური ანგარიშსწორებისა და ტერორის შეჩერებას ითხოვს.
როგორც ნინო აბრამიშვილი „ტვ პირველის“ პირდაპირ ეთერში აცხადებს, ციხეში შვილებისთვის „ქურდული „რაზბორკების“ მოწყობა და ძალადობა ხელისუფლების პასუხისმგებლობაა.
„მივმართავ ბატონ ივანიშვილს, ბატონო ბიძინა, დამეხმარეთ — შვილები არ მომიკვდეს მე კამერაში. დააყენეთ ფეხზე თქვენი პარლამენტი, პრემიერ-მინისტრი, ვინც კი არიან, მიხედონ ამ საქმეს. შვილები არ მომიკვდეს მე ციხეში, თორემ ძალიან ცუდი იქნება ეს პირველ რიგში თქვენთვის და მთავრობისთვის“, — აცხადებს დავით და გიორგი ფეიქრიშვილების დედა.
მისი თქმით, შესაძლოა შვილების მიმართ განხორციელებული ძალადობა ერთ-ერთი მათგანის მობილურ ტელეფონში შენახულ შესაძლო მტკიცებულებებსა და კომპრომატებს უკავშირდებოდეს, რომლის გახსნასაც გამოძიება ცდილობს.
საქმის კონტექსტი და დეტალები:
დაკავება: 40 წლის ტყუპები — გიორგი და დავით ფეიქრიშვილები, ასევე მათი პირადი მცველი ალექსანდრე ჩაფოძე 22 სექტემბერს დააკავეს.
ბრალდებები: გიორგი ფეიქრიშვილს დიდი ოდენობით თანხის გამოძალვას ედავებიან, ხოლო დავით ფეიქრიშვილსა და ალექსანდრე ჩაფოძეს — ჯგუფურ ხულიგნობას. გარდა ამისა, 2 ოქტომბერს პროკურატურამ ძმებს 10 მილიონი ლარის „გათეთრების“ მუხლით ახალი ბრალდებაც წარუდგინა.
ფიზიკური ძალადობა ციხეში: ადვოკატის ინფორმაციით, დავით ფეიქრიშვილს გლდანის ციხეში ფიზიკურად გაუსწორდნენ (აქვს სახის ძვლები ჩამტვრეული), რის შემდეგაც ძმებმა პროტესტის ნიშნად ვენები გადაიჭრეს. თავდასხმაში სახელდება რამდენიმე პირი, მათ შორის ვატო ყიფიანი და ავთანდილ ბილანიშვილი.