ზელენსკი ადასტურებს, რომ რუსეთიდან მოსალოდნელ ბალისტიკურ თავდასხმაზე პარტნიორებს უკრაინა არც გასულ ღამეს გაუფრთხილებიათ:
💬 “ისევ რუსული ბალისტიკური თავდასხმა რამდენიმე ტალღად მთელი ღამის განმავლობაში, და ისევ არანაირი გაფრთხილება პარტნიორებისგან. მიზანი კვლავ ენერგეტიკა და ინფრასტრუქტურა იყო, თუმცა დაზიანდა სამედიცინო კლინიკა, სკოლა, მეტროსადგური და ჩვეულებრივი საცხოვრებელი სახლები. საერთო ჯამში, რუსებმა 16 ბალისტიკური რაკეტა გამოიყენეს და ეს იყო მიზანმიმართული იერიში კიევსა და კიევის ოლქზე.
ასევე, მათ გამოიყენეს ორასზე მეტი სხვადასხვა ტიპის დრონი, მათ შორის რეაქტიული „შაჰედები“, ხარკოვისა და დნიპროპეტროვსკის ოლქებიდან ვოლინის, რივნესა და ოდესის ოლქებამდე. სამწუხაროდ, არის მსხვერპლი. ვუსამძიმრებ დაღუპულთა ოჯახებსა და ახლობლებს. დაშავებულებს შესაბამისი დახმარება უტარდებათ.
ღამით და გამთენიისას რუსეთი თავს დაესხა ენერგეტიკულ ობიექტებს ვინიცის, ვოლინის, კიროვოგრადის, კიევის, მიკოლაევის, ჟიტომირის, ხმელნიცკის, ხარკოვის, ტერნოპილის, ოდესისა და რივნეს ოლქებში. მხოლოდ ამ ერთ ღამეში დაზიანდა 10-ზე მეტი ენერგეტიკული ინფრასტრუქტურის ობიექტი და სულ მცირე 550 ათასი ოჯახი შუქის გარეშე დარჩა. სარემონტო ბრიგადები ადგილებზე მუშაობენ.
უკრაინას არასოდეს სდომებია ეს ომი და ჩვენ პოზიტიურად შევხვდით პარტნიორების ყოველ მცდელობას, რომ ეს ომი ღირსეულად დასრულებულიყო. ცეცხლის შეწყვეტის შესახებ თითოეულ წინადადებაზე ჩვენი პასუხი იყო დადებითი. რუსეთის პასუხი კი კვლავ და კვლავ ბალისტიკა, „შაჰედები“ და მკვლელობები.
პუტინს არა მარტო ამ ომის დასრულება, არამედ დეესკალაციისკენ მიმართული ნებისმიერი ნაბიჯის გადადგმაც კი არ სურს. თითოეული პარტნიორი პირადად შეეჯახა ამას, როდესაც რუსეთისგან უარი მოისმინა. ამიტომ ძალიან მნიშვნელოვანია, მოვლენებს თავისი სახელები დავარქვათ – აგრესორს ვუწოდოთ აგრესორი და დავეხმაროთ უკრაინას სიცოცხლის დაცვაში.
როდესაც უკრაინული საჰაერო თავდაცვისთვის რაკეტების მიწოდება იბლოკება, რუსეთი კი სანქციების შემსუბუქებას ან გადავადებას იღებს, ეს, სამწუხაროდ, პარტნიორების მხრიდან რეალობის უარყოფაა. რეალობა კი ისაა, რომ ომი გრძელდება და გრძელდება მხოლოდ რუსული დარტყმებისა და ომის გაჭიანურების რუსული სურვილის გამო. მადლობა ყველას, ვინც აღიარებს რეალობას და ეხმარება უკრაინას!“ ნათქვამია უკრაინის პრეზიდენტის განცხადებაში.
დღეს მედიაში წყაროებზე დაყრდნობით გავრცელდა ინფორმაცია, რომ უკრაინამ ვერც ამჯერად მიიღო წინასწარი გაფრთხილება ღამით მოსალოდნელ ბალისტიკურ საფრთხეზე.
ზელენსკი ადასტურებს, რომ რუსეთიდან მოსალოდნელ ბალისტიკურ თავდასხმაზე პარტნიორებს უკრაინა არც გასულ ღამეს გაუფრთხილებიათ
Published on