რუსეთიდან საქართველოში შემომსვლელთა რაოდენობის ზრდის ფონზე, უსაფრთხოების ექსპერტები შესაძლო რისკებზე საუბრობენ. მათი შეფასებით, მგზავრთა დიდ ნაკადთან ერთად ქვეყანაში შესაძლოა შემოვიდნენ არა მხოლოდ რუსეთის სპეცსამსახურებთან დაკავშირებული პირები, არამედ სამხედრო ინფრასტრუქტურასთან, ჰიბრიდულ ოპერაციებსა და საინფორმაციო კამპანიებთან დაკავშირებული მოქალაქეებიც.
დაზვერვის სამსახურის ყოფილი უფროსი შალვა ლომიძე ამბობს, რომ ამ პირთა გამოვლენასა და მონიტორინგს შესაბამისი რესურსი სჭირდება.
არა მარტო აგენტების და სპეცსამსახურის კლასიკურ ოფიცრებზე ან მათთან დაკავშირებულ პირებზეა საუბარი ამ შემთხვევაში, შეიძლება იყოს ხალხი, ვინც სამხედრო ინფრასტრუქტურასთან რაიმე ფორმით არიან დაკავშირებული. შესაძლოა, სხვადასხვა ტიპის ჰიბრიდულ ოპერაციებთან დაკავშირებული პირები, საინფორმაციო კამპანიებთან დაკავშირებული პირები შემოვიდნენ. გააჩნია რა ტიპის მოქალაქეს ამოწმებ და რა ტიპის ინფორმაცია არსებობს ამ ადამიანთან დაკავშირებით. თუ საუბარი არის სპეცსამსახურების კლასიკური გაგებით ოფიცერზე, მისი შემოწმება და მისი საქმიანობის მონიტორინგი მოიცავს გაცილებით მეტ დანახარჯებს და გაცილებით მეტ წვალებას პროფესიული გაგებით. თუ საუბარია რიგით მოქალაქეზე, რომელიც საქართველოში მართლა თავშესავფრის მაძიებლად იმყოფება, მაშინ სულ სხვა რესურსებია საჭირო, – ამბობს დაზვერვის სამსახურის ყოფილი უფროსი შალვა ლომიძე.
საერთაშორისო ურთიერთობებისა და უსაფრთხოების საკითხების ექსპერტი ნიკა ჩიტაძე კი რუსეთის მხრიდან შესაძლო პროვოკაციების საფრთხეზე საუბრობს. მისი შეფასებით, მოსკოვმა შესაძლოა საქართველოში შექმნილი ე.წ. „რუსოფობიის“ თემაც გამოიყენოს ჰიბრიდული ოპერაციებისთვის, რის გამოც ექსპერტი რუსეთიდან შემომსვლელთა ეფექტიანი ფილტრაციის მექანიზმების აუცილებლობაზე მიუთითებს.
რუსეთი აწარმოებს საქართველოსთან გარდა საოკუპაციო ომისა, ჰიბრიდულ ომსაც, რაც შეიძლება გამოყენებული იყოს სპეცსამსახურების გარკვეული ღონისძიების გასატარებლად, რაც შეიძლება გამოყენებული იყოს იმ ფონზე, რა ფონიც მთავრობამ შექმნა, ე.წ. რუსოფობიის ფონი და ამ ფონზე რაღაც პროვოკაციები მოაწყონ ამ მოქალაქეებმა, რომკებიც სპეცსამსახურების დავალებით მოქმედებენ. ამიტომ მნიშვნელოვანია, შემუშავებული იყოს გარკვეული ღონისძიებები ფილტრაციის ამის ან სხვა თემები, რომელიც ამდენ შემოსვლას შეაჩერებს, – ამბობს საერთაშორისო ურთიერთობებისა და უსაფრთხოების საკიტხების ექსპერტი ნიკა ჩიტაძე.
რუსეთის ფედერალური საბაჟო სამსახურის ინფორმაციით, საქართველოსთან საზღვარზე მდებარე ზემო ლარსის გამშვებ პუნქტზე მგზავრთა რეკორდული ნაკადი დაფიქსირდა. უწყების ცნობით, სასაზღვრო გამშვები პუნქტი ერთ დღეში 20 000-ზე მეტმა მგზავრმა გადაკვეთა.
რუსული მხარე წერს, რომ ტურისტების მაღალ ნაკადს თან ახლავს სამგზავრო მანქანების რეკორდული რაოდენობა. მათივე თქმით, საბაჟო და სასაზღვრო სამსახურები იღებენ ყველა საჭირო ზომას მანქანების შეუფერხებელი გავლისთვის.