მთავარისიახლეებიმსოფლიოტრამპმა ვენესუელის ხელისუფლება ტერორისტულ ძალად გამოაცხადა

ტრამპმა ვენესუელის ხელისუფლება ტერორისტულ ძალად გამოაცხადა

Published on

დონალდ ტრამპის თქმით, ვენესუელაში “სანქცირებულ ნავთობის ხომალდების” შესვლაზე ბლოკადას აწესებს. მისივე თქმით, ნიკოლას მადუროს რეჟიმი გამოცხადებულია ტერორისტულ ორგანიზაციად.

ტრამპის თქმით, ვენესუელის გარშემო საზღვაო ძალების რიცხვი გაიზრდება, თუ მადუროს რეჟიმი აშშ-ს “არ დაუბრუნებს” ნავთობს, მიწას და სხვა სახის აქტივებს. გაურკვეველია თუ რას გულისხმობს ტრამპი სიტყვა “დაბრუნებით” და რა სახის პრეტენზია აქვს აშშ-ს ამ ჩამონათვალზე.

“ვენესუელა სრულად გარშემორტყმულია უდიდესი არმადით, რომელიც სამხრეთ ამერიკის ისტორიაში შეუკრებიათ. ის მხოლოდ გაიზრდება და მათი შოკი იქნება ისეთი, როგორიც აქამდე არ უნახავთ, მანამ, სანამ ამერიკის შეერთებულ შტატებს არ დაუბრუნებენ მთელ ნავთობს, მიწას და სხვა აქტივებს, რომლებიც მათ აქამდე ჩვენგან მოიპარეს.

მადუროს არალეგიტიმური რეჟიმი ნავთობის საბადოებიდან მოპარულ ნავთობს იყენებს საკუთარი თავის დასაფინანსებლად, ნარკოტერორიზმისთვის, ადამიანთა ტრეფიკინგისთვის, მკვლელობისთვისა და გატაცებებისთვის. ჩვენი აქტივების მოპარვისთვისა და სხვა მრავალი მიზეზის გამო, მათ შორის ტერორიზმისთვის, ნარკოტიკების კონტრაბანდისთვისა და ადამიანთა ტრეფიკინგისთვის, ვენესუელის რეჟიმი გამოცხადებულია უცხოურ ტერორისტულ ორგანიზაციად. შესაბამისად, დღეს, მე გავცემ ბრძანებას აბსოლუტურ და სრულ ბლოკადაზე ყველა სანქცირებული ნავთობის ტანკერისთვის, რომელიც ვენესუელაში შედის და გამოდის.

არალეგალურ უცხოელებსა და კრიმინალებს, რომლებიც მადუროს რეჟიმმა შეერთებულ შტატებში ბაიდენის სუსტი და უსუსური ადმინისტრაციის დროს გამოგზავნა ვენესუელაში სწრაფი სიჩქარით ვაბრუნებთ. ამერიკა არ მისცემს უფლებას კრიმინალებს, ტერორისტებს ან სხვა ქვეყნებს, რომ გაძარცვონ, დაემუქრნონ ან ზიანი მიაყენონ ჩვენს ქვეყანას და, შესაბამისად, არ მისცემს უფლებას მტრულ რეჟიმებს მიიღონ ჩვენი ნავთობი, მიწა ან სხვა აქტივი, ყველაფერი, რაც შეერთებულ შტატებს დაუყოვნებლივ უნდა დაუბრუნდეს.” – დაწერა დონალდ ტრამპმა საკუთარ სოციალურ ქსელში. 

გასულ კვირაში აშშ-მ ვენესუელის სანაპიროსთან ნავთობის გადამტანი ხომალდი დააკავა, რასაც რეგიონში სამხედრო ძალების კონცენტრაციის გაზრდაც მოჰყვა.

ვენესუელის მთავრობამ ტრამპის პასუხად განცხადება გაავრცელა. მათი მტკიცებით, აშშ-ს პრეზიდენტი “არღვევს საერთაშორისო სამართალს, თავისუფლად ვაჭრობასა და თავისუფალი ზღვაოსნობის პრინციპს” ქვეყნისთვის “უპასუხისმგებლო და დამღუპველი მუქარით”.

“ის თვლის, რომ ვენესუელის ნავთობი, მიწა და მინერალური სიმდიდრე მისი საკუთრებაა. შესაბამისად, ის ითხოვს, რომ ვენესუელამ დაუყოვნებლივ გადასცეს მთელი საკუთარი სიმდიდრე. შეერთებული შტატების პრეზიდენტი, აბსოლუტურად ირაციონალურად, აპირებს დააწესოს საზღვაო ბლოკადა ვენესუელაზე, რათა მოგვპაროს სიმდიდრე, რომელიც ჩვენს ქვეყანას ეკუთვნის.” – წერია ვენესუელის რეჟიმის განცხადებაში.

დაძაბულობის ზრდის ფონზე გასულ თვეებში აშშ-ს იერიშები მიჰქონდა გემებზე, რომლებსაც, მათი ცნობით, ნარკოტიკები გადაჰქონდათ. ამ კამპანიის ფარგლებში მიიტანეს 25 დარტყმა, რასაც 95-მდე ადამიანი ემსხვერპლა. გასულ დღეებში ტრამპმა თქვა, რომ იერიშებს ხმელეთზეც დაიწყებდნენ. ამ კამპანიას ჰყავს მოწინააღმდეგეები, როგორც დემოკრატიულ, ისე რესპუბლიკურ პარტიაში. 

მას შემდეგ, რაც 2017 წელს ტრამპის პირველმა ადმინისტრაციამ ვენესუელას სანქციები დაუწესა, მადუროს რეჟიმი დამოკიდებული გახდა უდროშო გემების ჩრდილოვან ფლოტზე, რომლებსაც ქვეყანაში ნედლი ნავთობი შეჰქონდათ.

სიახლეები

ჯუანშერ ბურჭულაძის სიდედრს და სიმამრს საპენსიო ანგარიშები დაუყადაღეს – ადვოკატი

ჯუანშერ ბურჭულაძის სიდედრს და სიმამრს საპენსიო ანგარიშები დაუყადაღეს, ამის შესახებ თავდაცვის ყოფილი მინისტრის ადვოკატმა,...

ან თქვით, რომ რაღაცას ვიზამთ, ან თქვით, რომ არაფერი შეგიძლიათ – ხაბეიშვილი ოპოზიციას მიმართავს

ვარ თქვენი მონა-მორჩილი, რომელმაც ინგლისური არ იცის, რომელიც ელიტებს არ წარმოადგენს, რომელიც ლილოს ბაზრობაზე...

მეფრინველეობის ასოციაციაში ადასტურებენ, რომ სინამდვილეში კვერცხის ფასი დეკემბერში არსებულ ფასს გაუტოლდება

დღეს ცნობილი გახდა, რომ კვერცხის ფასი, რომელიც იანვარში გაძვირდა, 5 %- ით შემცირდება. მეფრინველეობის...

სტუ-ს აკადემიური საბჭო თსუ-სთან გაერთიანების წინააღმდეგია

საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის აკადემიური საბჭოს სრული შემადგენლობა თსუ-სთან გაერთიანების წინააღმდეგია - აკადემიური საბჭოს დადგენილება...