მთავარისიახლეებიპაპუაშვილი- საქართველოს დელეგაცია მონაწილეობას არ მიიღებს ევრონესტის შემდგომ სესიებში

პაპუაშვილი- საქართველოს დელეგაცია მონაწილეობას არ მიიღებს ევრონესტის შემდგომ სესიებში

Published on

საზოგადოებისთვის ცნობილია, რომ ევრონესტის საპარლამენტო ასამბლეამ, რომელშიც არ მონაწილეობდა საქართველოს პარლამენტის მუდმივმოქმედი დელეგაცია, მიიღო რამდენიმე რეზოლუცია. ტრადიციისამებრ, აღნიშნულ დოკუმენტებში მოცემული უნდა ყოფილიყო აღმოსავლეთ პარტნიორობის ინიციატივის შემდგომი განვითარების, ასევე, მის წევრ სახელმწიფოებს შორის დიალოგისა და პარტნიორობის ხელშეწყობის ხედვები.

საქართველოსადმი მტრული, უსამართლო და პოლიტიკურად მიკერძოებული პოზიციებით ცნობილმა ზოგიერთმა ევროპარლამენტარმა რეზოლუციის ტექსტებში დაამატა ისეთი ჩანაწერები, რაც ყოვლად მიუღებელი და აღმაშფოთებელია ქართული საზოგადოებისთვის. მათ შორის, ერთ-ერთი რეზოლუცია 2024 წლის საპარლამენტო არჩევნებს “გაყალბებულად”, ხალხის მიერ არჩეულ ხელისუფლებას კი “თვითგამოცხადებულად” მოიხსენიებს. აგრეთვე, პოლიციელებსა და სახელმწიფო ინსტიტუტებზე თავმდამსხმელ პირებს, რომელთა მიმართაც დამდგარია სასამართლოს გამამტყუნებელი განაჩენები, “პოლიტიკურ პატიმრებს” უწოდებს, რითაც სრულად უგულებელყოფს კანონის უზენაესობის სტანდარტებს.

ნათელია, რომ ევროპარლამენტმა ევრონესტის პლატფორმა გადააქცია მეზობელ ქვეყნებზე შანტაჟის, საკუთარი ვიწროპოლიტიკური დღის წესრიგის იძულებით თავსმოხვევის იარაღად. კატეგორიულად მიუღებელია, როდესაც ევრონესტი უგულებელყოფს საქართველოს მოსახლეობის ნებას და ამ გზით, დამფუძნებელი მანდატის მიღმა, საკუთარი შეხედულებისამებრ აუქმებს მისი წევრი ქვეყნის არჩევნებს და დემოკრატიულ ინსტიტუტებს.

შესაბამისად, ევროპარლამენტის ამ ძალების მხრიდან მტრული და ვიწროპოლიტიკური მიდგომების გათვალისწინებით, საქართველოს მუდმივმოქმედი საპარლამენტო დელეგაცია მონაწილეობას არ მიიღებს ევრონესტის შემდგომ სესიებში.

ჩვენ კიდევ ერთხელ მოვუწოდებთ ევროპარლამენტს, უარი თქვას ვიწროპოლიტიკურ დღის წესრიგზე და პატივი სცეს წესებზე დაფუძნებულ საერთაშორისო წესრიგს. მისი დღევანდელი ანტიდემოკრატიული მიდგომები არის პირდაპირი გზა ევრონესტის საპარლამენტო ასამბლეის თვითიზოლაციისა და მარგინალიზაციისკენ.

საქართველოს ყოველთვის კონსტრუქციული, ნაყოფიერი და მნიშვნელოვანი წვლილი შეჰქონდა აღმოსავლეთ პარტნიორობის ინიციატივაში. ევროპარლამენტის მხრიდან კონსტრუქციული დიალოგისთვის შესაბამისი პირობების გაჩენის შემთხვევაში, საქართველოს საპარლამენტო დელეგაცია მზად იქნება, ხელახლა ჩაერთოს აღმოსავლეთ პარტნიორობის აღნიშნულ საპარლამენტო პლატფორმაში.

წერს ივანიშვილის წარმომადგენელი, შალვა პაპუაშვილი სოციალურ ქსელში.

30 ოქტომბერს Euronest-ის საპარლამენტო ასამბლეამ აღმოსავლეთ პარტნიორობის მომავლისა და ევროკავშირის გაფართოების პოლიტიკის ახალი პერსპექტივების შესახებ რეზოლუცია მიიღო, რომელიც საქართველოზეც ამახვილებს ყურადღებას და მასში დაგმობილია, მათ შორის, საქართველოს დემოკრატიულ ინსტიტუტებზე, პოლიტიკურ ოპოზიციასა და დამოუკიდებელ მედიაზე “ქართული ოცნების რეჟიმის სისტემატური თავდასხმები.”

სიახლეები

ბოჭორიშვილი- EU-ში ხშირად ატარებენ შეხვედრებს, იმისთვის რომ საქართველო არ მიიწვიონ

ევროკავშირში ხშირად ატარებენ შეხვედრებს, იმისთვის რომ საქართველო არ მიიწვიონ. ისეთ თემებზე, რომელიც არის გაფართოება,...

საიამ სტრასბურგში რუსეთის წინააღმდეგ ანწუხელიძისა და სხვა სამხედროების საქმეები მოიგო

სტრასბურგის ადამიანის უფლებათა ევროპულმა სასამართლომ (ECHR) საქმეზე „მალაჩინი და სხვები რუსეთის წინააღმდეგ“ გადაწყვეტილება გამოაქვეყნა,...

“დროა”-ელენე ხოშტარიას ჯანმრთელობის მდგომარეობა კიდევ უფრო გაუარესდა

ელენე ხოშტარიას ჯანმრთელობის მდგომარეობა გაუარესდა - ინფორმაციას პარტიის პრესსამსახური ავრცელებს. პრესსამსახურის ცნობით, ამ წუთებში, ციხეში,...

უკრაინის იერიშების გამო რუსეთი საწვავის იმპორტსა და მის სუბსიდირებას განიხილავს

გაზეთ Ведомости-ს ინფორმაციით, რუსეთი საწვავის იმპორტსა და ნავთობპროდუქტებზე ფასების დასაწესებლად შესაბამისი სუბსიდიების შემოღებას განიხილავს,...