მთავარისიახლეები"რამდენიმე კვირის წინ მოგმართეთ წერილით... პასუხი ჩვენს წერილზე და საჯარო განცხადებებზე დღემდე...

“რამდენიმე კვირის წინ მოგმართეთ წერილით… პასუხი ჩვენს წერილზე და საჯარო განცხადებებზე დღემდე არ მიგვიღია. ეს დუმილი გასაკვირია” -კობახიძის ღია წერილი ტრამპსა და ჯეი დი ვანსს

Published on

ირაკლი კობახიძე აშშ-ის პრეზიდენტ დონალდ ტრამპსა და ვიცე-პრეზიდენტ, ჯეი დი ვანსს ღია წერილს უგზავნის და წერს, რომ რამდენიმე კვირის წინ წერილით მიმართა ქართულ-ამერიკულ ურთიერთობებთან დაკავშირებით, თუმცა პასუხი არ მიუღია.

ასევე კობახიძე ღია წერილში MEGOBARI აქტს ახსენებს, რომელიც მისი თქმით “მტრულად არის გამსჭვალული ქართველი ხალხის და მის მიერ არჩეული ხელისუფლების მიმართ”.

ამასთან კობახიძე აღნიშნავს, რომ “კვლავაც ძალაშია სრულიად გაუგებარი სანქციები”, მისი თქმით, “ხალხისთვის გასაკვირია, რომ [ტრამპი] ბაიდენის გადაწყვეტილებებს მკაცრად აკრიტიკებს, მაგრამ მის დანაშაულებრივ გადაწყვეტილებებს დღემდე არ ასწორებს”.

“რამდენიმე კვირის წინ, მოგმართეთ წერილით ქართულ-ამერიკულ ურთიერთობებთან დაკავშირებით. აღნიშნულ წერილს წინ უსწრებდა ჩემი საჯარო განცხადებები, სადაც ღიად გამოვხატავდი საქართველოს მზაობას, სუფთა ფურცლიდან, კონკრეტული გზამკვლევით განგვეახლებინა სტრატეგიული პარტნიორობა საქართველოსა და აშშ-ს შორის. თუმცა, პასუხი ჩვენს წერილზე და საჯარო განცხადებებზე დღემდე არ მიგვიღია. მეტიც, დღემდე უმაღლეს დონეზე არ შემდგარა არავითარი კომუნიკაცია საქართველოს და აშშ-ს ხელისუფლებებს შორის.

აღნიშნული დუმილი გასაკვირია ქართველი ხალხისთვის და საქართველოს ხელისუფლებისთვის რამდენიმე მიზეზის გამო:

– პირველ რიგში, უკვე მრავალი წელია, საქართველო არის აშშ-ს ყველაზე საიმედო პარტნიორი ჩვენს ურთულეს რეგიონში, რომელსაც აშშ-სთვის სტრატეგიული მნიშვნელობა აქვს. საქართველო მხარში ედგა აშშ-ს ყველაზე ცხელ წერტილებში, მათ შორის ერაყში და ავღანეთში, სადაც საქართველო ერთ სულ მოსახლეზე ყველაზე მეტი ჯარისკაცით იყო წარმოდგენილი. მხოლოდ ამ ორ მისიაში მონაწილეობით, ჩვენმა პატარა ქვეყანამ აშშ-ს 2.5 მილიარდი დოლარი დაუზოგა, რაც აშშ-ს ბიუჯეტიდან საქართველოსთვის გაწეულ რეალურ (!) დახმარებას მრავალჯერ აღემატება (რეალურ დახმარებაში არ ვთვლით თანხებს, რომელიც აშშ-ს ბიუჯეტიდან ექს-პრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილის რეჟიმის გადასარჩენად გამოიყო 2008-11 წლებში, მას შემდეგ, რაც სააკაშვილმა “დიფ სთეითის” დავალებით რუსეთთან ომი დაიწყო; რეალურ დახმარებაში, ასევე, არ ვთვლით თანხებს, რომელიც ამერიკის საელჩოს, USAID-ის, NED-ის, სოროსის ფონდის და სხვა არხებით, საქართველოში რადიკალიზმისა და სიძულვილის გასაღვივებლად, რევოლუციების მოსაწყობად, საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის იმიჯის შესალახად, რელიგიური ექსტრემიზმის წასახალისებლად, სახელმწიფო ინსტიტუტების დასასუსტებლად, გენდერული და ლგბტ-პროპაგანდის საწარმოებლად და სხვა მსგავსი მიზნებით გამოიყოფოდა). იმ გარემოების გათვალისწინებით, რომ საქართველო მრავალი წლის მანძილზე აშშ-სთვის ნამდვილ სტრატეგიულ პარტნიორად რჩებოდა და ამგვარი სტრატეგიული პარტნიორობის აღდგენის მზაობას დღესაც გამოხატავს, ახალი ადმინისტრაციის დუმილი როგორც საქართველოს ხელისუფლებისთვის, ისე ქართველი ხალხისთვის გასაკვირია;

– საერთაშორისო რეიტინგების თანახმად, საქართველო არის ლიდერი რეგიონში დემოკრატიის, სამართლის უზენაესობის, ადამიანის უფლებების, მედიის თავისუფლების, სასამართლოს დამოუკიდებლობის, სახელმწიფო ინსტიტუტების სიძლიერის, კორუფციის სიმცირის და სხვა კრიტერიუმების მიხედვით. საქართველოს ლიდერობას ადასტურებენ ისეთი ინსტიტუტებიც, რომელთა მიმართ თქვენს ადმინისტრაციას განსაკუთრებული ნდობა აქვს. ამ ყველაფრის გათვალისწინებით და იმ ფონზე, რომ თქვენ არაერთ, თუნდაც, ღიად არადემოკრატიულ და ავტორიტარულ სახელმწიფოსთანაც აწარმოებთ აქტიურ დიალოგს და კომუნიკაციას, საქართველოსთან დაკავშირებით თქვენს დუმილს ჩვენთვის ლოგიკური ახსნა არა აქვს;

– რაც განსაკუთრებით მნიშვნელოვანია, თუ დავაკვირდებით ჩვენი ხელისუფლებისა და თქვენი ადმინისტრაციის საჯარო რიტორიკას, თვალშისაცემია სრული ღირებულებითი და იდეოლოგიური თანხვედრა ჩვენს ხედვებს შორის. ჩვენ ღიად ვსაუბრობდით „დიფ სთეითის“, USAID-ის, NED-ის და სხვა შესაბამისი სუბიექტების დანაშაულებრივ საქმიანობაზე რამდენიმე წლით ადრე, ვიდრე თქვენ იდენტურ განცხადებებს გააკეთებდით. ჩვენ გვაქვს სრულიად იდენტური შეფასებები უკრაინის ომთან, გენდერულ და ლგბტ-პროპაგანდასთან და მრავალ სხვა საკითხთან დაკავშირებით. ამგვარი ღირებულებითი და იდეოლოგიური თანხვედრის ფონზე, ქართველი ხალხის პირვანდელი მოლოდინი იყო, რომ საქართველო იქნებოდა ერთ-ერთი პირველი, რომლის მიმართაც თქვენი ადმინისტრაცია განსაკუთრებულ ინტერესს გამოხატავდა. ამგვარი ინტერესი თქვენ გამოხატეთ რუმინეთისა და გერმანიის მიმართ, სადაც ევროპული ბიუროკრატიის მხარდაჭერით, არადემოკრატიული აქტები განხორციელდა. თუმცა, ქართველი ხალხის და ჩვენდა გასაკვირვად, საქართველოსთან მიმართებით ამგვარი ყურადღება თქვენ დღემდე არ გამოგიჩენიათ.

მეტიც, კვლავაც ძალაშია სრულიად გაუგებარი სანქციები საქართველოს ვიცე-პრემიერის და ხელისუფლების სხვა წარმომადგენლების მიმართ, რომლებმაც ბაიდენის ადმინისტრაციის მიერ დაგეგმილი და USAID-ის ხაზით დაფინანსებული რევოლუციის მცდელობა და ძალადობა ეფექტურად აღკვეთეს. გარდა ამისა, რამდენიმე დღის წინ ამერიკის კონგრესმა მიიღო აბსურდული კანონი – ე.წ. „მეგობარი აქტი“, რომელიც არის მტრულად გამსჭვალული ქართველი ხალხის და მის მიერ არჩეული ხელისუფლების მიმართ. სიტყვა „მეგობარის“ მნიშვნელობიდან გამომდინარე, ეს კანონი გვახსენებს ჯორჯ ორუელის მოდელს, რომლის მიხედვითაც ომი არის მშვიდობა, მტერი კი – მეგობარი. სხვადასხვა პარლამენტისგან აბსურდული აქტების მიღებას ჩვენ ბოლო პერიოდში მიჩვეული ვართ და ამდენად, „მეგობარი აქტზე“ საერთოდ არ გავამახვილებდით ყურადღებას, რომ არა ის გარემოება, რომ ამ აქტს არაერთი სუბიექტი თქვენს ადმინისტრაციას მიაწერს. ამ აღქმას ამყარებს ის გარემოებაც, რომ თქვენს ადმინისტრაციას „მეგობარი აქტზე“ არავითარი კრიტიკული განცხადება არ გაუვრცელებია. ამ ყველაფრის გამო, ეს კანონი ამცირებს ქართველი ხალხის ნდობას არა მხოლოდ კონგრესის, არამედ, სამწუხაროდ, თქვენი ადმინისტრაციის მიმართაც, რომელსაც ქართული საზოგადოება სხვაგვარი იმედით შეჰყურებდა.

ბოლოდროინდელი მოვლენები ქართულ საზოგადოებაში აჩენს განცდას, რომ განცხადებები „დიფ სთეითის“ დამარცხების შესახებ მხოლოდ ამ უკანასკნელის რებრენდინგის მცდელობაა და სხვა არაფერი. ხალხისთვის გასაკვირია, რომ თქვენ ბაიდენის გადაწყვეტილებებს მკაცრად აკრიტიკებთ, მაგრამ მის დანაშაულებრივ გადაწყვეტილებებს დღემდე არ ასწორებთ.

თუმცა, ჩვენი ხელისუფლება საჯარო განცხადებებში კვლავაც გამოხატავს ოპტიმიზმს იმასთან დაკავშირებით, რომ თქვენი ადმინისტრაცია „დიფ სთეითის“ დამარცხებას რეალურად შეძლებს, რაც ქართულ-ამერიკული ურთიერთობების გადატვირთვაზე და სტრატეგიული პარტნიორობის აღდგენაზე უსათუოდ აისახება. რეალურადაც, ამის ძალზე დიდი იმედი გვაქვს. წინააღმდეგ შემთხვევაში, კვლავაც გაგრძელდება ბაიდენის ადმინისტრაციის პირობებში დაგეგმილი რევოლუციური სცენარის მოქმედება. შეგახსენებთ, რომ USAID-ისა და NED-ის მიერ დატრენინგებული და დაფინანსებული 250-მდე ადამიანი დღემდე ყოველდღიურად იკრიბება ქვეყნის დედაქალაქის ცენტრალურ გამზირზე, რაც იმის უტყუარი მტკიცებულებაა, რომ „დიფ სთეითს“ რევოლუციის გეგმა თაროზე ჯერაც არ შემოუდია.

როგორც უკვე აღინიშნა, მიუხედავად იმისა, რომ კითხვები კითხვებს ემატება, ჩვენ მაინც ვინარჩუნებთ ოპტიმიზმს და გვაქვს იმედი, რომ „დიფ სთეითთან“ თქვენი დაპირისპირება გულწრფელია და ის „დიფ სთეითის“ დამარცხებით დასრულდება. საქართველოს ხელისუფლება მოთმინებით ელოდება ამ მომენტს, რაც საფუძვლად უნდა დაედოს ქართულ-ამერიკული ურთიერთობების გადატვირთვას და სტრატეგიული პარტნიორობის აღდგენას ჩვენს ქვეყნებს შორის.

წარმატებებს გისურვებთ ამ ბრძოლაში!

ამერიკის შეერთებულ შტატებს ვუსურვებთ სიმტკიცეს და კეთილდღეობას!” – წერს კობახიძე ღია წერილში.

სიახლეები

პაპი ლეონ XIV უკრაინაში ჩასვლას გეგმავს

პაპი ლეონ XIV უკრაინაში ჩასვლას გეგმავს. ინფორმაციას La Repubblica ავრცელებს. გამოცემის წყაროს ცნობით, უკრაინა იმ...

ბათუმის მერი არჩილ ჩიქოვანი გადადგა – ინფორმაციას თავად ჩიქოვანიც ადასტურებს

 ბათუმის მერი არჩილ ჩიქოვანი გადადგა. ინფორმაციას თავად ჩიქოვანიც ადასტურებს და შესაბამისი შინაარსის განცხადებას სოციალურ...

სასამართლომ თემურ ქათამაძის გაძევების შესახებ გადაწყვეტილება დროებით შეაჩერა-საია

"საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია" იტყობინება, რომ თბილისის საქალაქო სასამართლომ ორგანიზაციის შუამდგომლობა დააკმაყოფილა და ბათუმელი...

პოდოლიაკის თქმით, ზელენსკი 15 მაისს, სტამბოლში მხოლოდ პუტინს შეხვდება

უკრაინის პრეზიდენტის ადმინისტრაციის უფროსის მრჩეველი, მიხაილო პოდოლიაკი ამბობს, რომ ვოლოდიმირ ზელენსკი 15 მაისს, სტამბოლში...