მთავარისიახლეებიმზია ამაღლობელი ირაკლი კობახიძეს, მამუკა მდინარაძესა და სოზარ სუბარს სასამართლოში უჩივის

მზია ამაღლობელი ირაკლი კობახიძეს, მამუკა მდინარაძესა და სოზარ სუბარს სასამართლოში უჩივის

Published on

„ნეტგაზეთისა“ და „ბათუმელების“ დამფუძნებელი, მზია ამაღლობელი ირაკლი კობახიძეს, მამუკა მდინარაძესა და სოზარ სუბარს სასამართლოში უჩივის.

საუბარია პოლიტიკოსების მიერ სხვადასხვა დროს მასობრივი მედიასაშუალებების გზით მზია ამაღლობელის შესახებ გაკეთებულ განცხადებებზე.

სარჩელში მოთხოვნილია გაკეთებული განცხადებების ცილისწამებად მიჩნევა და იმავე საშუალებით აღნიშნული განცხადების უარყოფა.

„მზია ამაღლობელმა 2025 წლის 07 მაისს სარჩელით მიმართა თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიას, ირაკლი კობახიძის, მამუკა მდინარაძის და სოზარ სუბარის წინააღმდეგ. სარჩელით მოთხოვნილია ირაკლი კობახიძის, მამუკა მდინარაძის და სოზარ სუბარის მიერ სხვადასხვა დროს მასობრივი მედია-საშუალებების გზით მზია ამაღლობელის შესახებ გაკეთებული განცხადებების ცილისწამებად მიჩნევა და იმავე საშუალებით აღნიშნული განცხადების უარყოფა, კერძოდ:

2025 წლის 29 იანვარს, ტელეკომპანია „იმედის” ეთერში – კერძოდ, 23:00 საათზე, სატელევიზიო გადაცემა „იმედი LIVE-ში“, ირაკლი კობახიძის მიერ მზია ამაღლობელის შესახებ გაკეთებული შემდეგი განცხადება მიჩნეულ იქნეს ცილისწამებად და დაევალოს ირაკლი კობახიძეს მზია ამაღლობელის შესახებ გავრცელებული, აღნიშნული ცილისმწამებლური განცხადების უარყოფა სასამართლო გადაწყვეტილების კანონიერ ძალაში შესვლიდან ორი კვირის განმავლობაში, იმავე საშუალებით – კერძოდ, ტელეკომპანია “იმედის“ ეთერში, ხსენებული განცხადების უარმყოფელი განცხადების გაკეთების გზით:

„ფაქტი იყო ასეთი. თქვენ გახსოვთ ჯერ იყო პირველი ინციდენტი, როდესაც სტიკერებს აკრავდა პოლიციელებს ეს ადამიანი. მისი ეს სამართალდარღვევა არავითარი ფორმით არ იყო დაკავშირებული ჟურნალისტურ საქმიანობასთან, იქ ის მოქმედებდა, როგორც პარტიული აქტივისტი, აქედან გამომდინარე, მედიასთან ამ ფაქტის დაკავშირება არის აბსოლუტური სპეკულაცია… …აქ არც კი გამოხატავს სინანულს, არც ის და არც მისი თანაპარტიელები კოლექტიური „ნაცმოძრაობიდან.”

2025 წლის 30 იანვარს, მასობრივი მედიასაშუალებების წინაშე ირაკლი კობახიძის მიერ მზია ამაღლობელის შესახებ გაკეთებული შემდეგი განცხადება მიჩნეულ იქნეს ცილისწამებად და დაევალოს ირაკლი კობახიძეს მზია ამაღლობელის შესახებ გავრცელებული, აღნიშნული ცილისმწამებლური განცხადების უარყოფა სასამართლო გადაწყვეტილების კანონიერ ძალაში შესვლიდან ორი კვირის განმავლობაში, იმავე საშუალებით – კერძოდ, მასობრივი მედია-საშუალებების წინაშე ხსენებული განცხადების უარმყოფელი განცხადების გაკეთების გზით:

„როდესაც საუბარია კონკრეტულად მზია ამაღლობელზე, პასუხისმგებლობა უნდა აიღონ მისმა დონორებმა. თქვენ იცით, რომ ის არის უცხოეთიდან დაფინანსებული პირი, მისი ორგანიზაციები ფინანსდება უცხოეთიდან და არცერთი მისი დონორი არ იღებს პასუხისმგებლობას იმ ძალადობაზე, რაც ამ ქალბატონმა განახორციელა პოლიციელის წინააღმდეგ. ყველა მისი დონორი, თითოეული თანხის ჩამდები მის ორგანიზაციებში, არის პასუხისმგებელი იმ პარტიულ-პოლიტიკურ ძალადობაზე, რომელიც განახორციელა მზია ამაღლობელმა. შესაბამისად, თუ ვინმეს უნდა რაიმეზე საუბარი პირველ რიგში მოინანიონ და გამოხატონ სინანული ძალადობის წახალისებისთვის”.

2025 წლის 16 აპრილს, ტელეკომპანია „რუსთავი 2-ის“ ეთერში – კერძოდ, 22:00 საათზე, სატელევიზიო გადაცემა „ღამის კურიერში“, ირაკლი კობახიძის მიერ მზია ამაღლობელის შესახებ გაკეთებული შემდეგი განცხადება მიჩნეულ იქნეს ცილისწამებად და დაევალოს ირაკლი კობახიძეს მზია ამაღლობელის შესახებ გავრცელებული, აღნიშნული ცილისმწამებლური განცხადების უარყოფა სასამართლო გადაწყვეტილების კანონიერ ძალაში შესვლიდან ორი კვირის განმავლობაში, იმავე საშუალებით – კერძოდ, ტელეკომპანია “რუსთავი 2-ის“ ეთერში, ხსენებული განცხადების უარმყოფელი განცხადების გაკეთების გზით:

„უდიდესი ნაწილი იმ ადამიანების, ვინც დღეს არის საპატიმროში, არის მსხვერპლი. ამას ვერ ვიტყოდი, მაგალითად, მზია ამაღლობელზე, რომელიც მსხვერპლი არ არის, რომელიც კონკრეტულ დაკვეთას ასრულებდა, როდესაც შეურაცხყოფა მიაყენა პოლიციელს, მისი დავალება იყო პოლიციის დაკნინება და პოლიციის ღირსების შეურაცხყოფა”

2025 წლის 03 თებერვალს, მასობრივი საინფორმაციო საშუალებებით გაშუქებული სამთავრობო ბრიფინგის დროს, მამუკა მდინარაძის მიერ მზია ამაღლობელის შესახებ გაკეთებული შემდეგი განცხადება მიჩნეულ იქნეს ცილისწამებად და დაევალოს მამუკა მდინარაძეს მზია ამაღლობელის შესახებ გავრცელებული, აღნიშნული ცილისმწამებლური განცხადების უარყოფა სასამართლო გადაწყვეტილების კანონიერ ძალაში შესვლიდან ორი კვირის განმავლობაში, იმავე საშუალებით – კერძოდ, მასობრივი საინფორმაციო საშუალებებით გაშუქებული სამთავრობო ბრიფინგის ფარგლებში, ხსენებული განცხადების უარმყოფელი განცხადების გაკეთების გზით:

„გმირად ნუ გამოვიყვანთ ქალბატონს, რომელიც კონკრეტული დავალებით მოქმედებდა. ეს უნდა ვიცოდეთ ყველამ. ჯერ “სტიკერი” დააკრა პოლიციელს – ამ დავალების შინაარსი და შედეგი უნდა იყოს ის, რომ რაც შეიძლება რეპუტაცია შეელახოს სახელმწიფო ინსტიტუტებს, პოლიციას. პოლიციის უფროსთან მივიდა 1 თუ 2 საათის გამოშვებული მზია ამაღლობელი და ჯერ ქურთუკით დააკავა, რომ კარგად შემოერტყა და შემდეგ შემოარტყა. პოლიციელს გაარტყა სილა, დემონსტრაციულად, კამერების თანდასწრებით. ეს გააკეთა ერთადერთი მიზნით, რომ შეილახოს პოლიციისა და პოლიციელის რეპუტაცია. სპეციალურად ამიტომ დაარტყა პოლიციის უფროსს ხელი და ამოარჩია ეს ადამიანი. ეს არის ტრენინგებზე ნასწავლი ამბავი. ამას ტრენინგებზე ასწავლიან, რომ მაღალჩინოსანს, მის ხელქვეითებთან, მის დაქვემდებარებულ ადამიანებთან, გმირ პოლიციელებთან შეელახოს რეპუტაცია და ასე ჩამოშალონ სახელმწიფო. უშუალოდ ამ სიბინძურის ამსრულებელი, იმ კონკრეტულ შემთხვევაში გახლდათ მზია ამაღლობელი.”

2025 წლის 05 თებერვალს, ტელეკომპანია „იმედის” ეთერში – კერძოდ, 23:00 საათზე, სატელევიზიო გადაცემა „იმედი LIVE”-ში, სოზარ სუბარის მიერ მზია ამაღლობელის შესახებ გაკეთებული შემდეგი განცხადება მიჩნეულ იქნეს ცილისწამებად და დაევალოს სოზარ სუბარს მზია ამაღლობელის შესახებ გავრცელებული, აღნიშნული ცილისმწამებლური განცხადების უარყოფა სასამართლო გადაწყვეტილების კანონიერ ძალაში შესვლიდან ორი კვირის განმავლობაში, იმავე საშუალებით – კერძოდ, ტელეკომპანია “იმედი”-ს ეთერში, ხსენებული განცხადების უარმყოფელი განცხადების გაკეთების გზით:

“ჩვენ ვნახეთ, რომ როდესაც მან გააკრა “სტიკერი” პოლიციელს ზურგზე და არ მგონია ეს ახლა ნორმალური საქციელი, რა გითხრათ..”

სასარჩელო მოთხოვნები ემყარება საქართველოს კონსტიტუციის მე-9 მუხლის 1-ელ ნაწილს, მე-12 მუხლს, 31-ე მუხლის 1-ელ და მე-4 ნაწილებს. ადამიანის უფლებათა და თავისუფლებათა დაცვის ევროპული კონვენციის მე-6 მუხლის მე-2 პუნქტს. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 18-ე მუხლის მე-2 და მე-3 ნაწილებს. „სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლების შესახებ“ კანონის 1-ელი მუხლის „ე“ ქვეპუნქტს და მე-17 მუხლის 1-ელ ნაწილს”,- ნათქვამია გავრცელებულ ინფორმაციაში.

სიახლეები

უკანონოდ მოიპოვა მეუღლის პირადი ცხოვრების ვიდეო და სხვას გაუგზავნა – დაკავებულია 1 პირი

პროკურატურამ პირადი ცხოვრების საიდუმლოს უკანონოდ მოპოვების, შენახვისა და გავრცელების ფაქტზე 1 პირი დააკავა, ბრალდებულს...

ელექტროენერგიის ტარიფების გაზრდა 3 თვით გადავადდა

საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელმა კომისიამ დღეს გამართულ სხდომაზე მიიღო გადაწყვეტილება ელექტროენერგიის ტარიფების ცვლილებების...

ლევან ჯანგველაძის განზრახ მკვლელობას ოთარ რომანოვ ფარცხალაძე ხელმძღვანელობდა – შსს

შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, ლევან ჯანგველაძის მკვლელობას ოთარ რომანოვ-ფარცხალაძე ხელმძღვანელობდა. პროკურატურამ გამოიტანა დადგენილება, რომ...

გარემოს ეროვნული სააგენტო მოსახლეობას აფრთხილებს

გარემოს ეროვნული სააგენტოს ცნობით, 29-30 დეკემბერს სანაპირო რაიონებში მოსალოდნელია ნალექი, ზოგან ძლიერი ელჭექთან ერთად. მათივე...