მთავარისიახლეებიოლიგარქის შსს-მ გიორგი ბაჩიაშვილის საზღვრის უკანო კვეთის საქმეზე ერთი პირი დააკავა

ოლიგარქის შსს-მ გიორგი ბაჩიაშვილის საზღვრის უკანო კვეთის საქმეზე ერთი პირი დააკავა

Published on

ოლიგარქის შინაგან საქმეთა სამინისტრომ თანაინვესტირების ფონდის ყოფილი ხელმძღვანელის, გიორგი ბაჩიაშვილის საზღვრის უკანო კვეთის საქმეზე ერთი პირი დააკავა.

უწყების ინფორმაციით, საქართველოს სახელმწიფო საზღვრის უკანონო გადაკვეთაში დახმარების ბრალდებით დაკავებულია, 1977 წელს დაბადებული, წარსულში ნასამართლევი შ.ქ.

ოლიგარქის შსს-ს მტკიცებით, მიმდინარე სისხლის სამართლის საქმეზე ჩატარებული გამოძიებით დადგინდა, რომ 2024 წლის დეკემბრის თვეში, დაკავებულ – შ.ქ.-ს, დაუკავშირდა მისი მეგობარი დ.გ. და როგორც მის სანდო პირს გარკვეული საკითხის მოგვარება შესთავაზა, რომლის სანაცვლოდაც ის შესაბამის თანხას მიიღებდა.

“შ.ქ. აღნიშნულ შეთავაზებას დათანხმდა და 2024 წლის დეკემბრის თვის მეორე ნახევარში, მას მისი მეგობრის – დ.გ.-ს სახელით დაუკავშირდა გიორგი ბაჩიაშვილის მამა, ალექსანდრე ბაჩიაშვილი, რომელმაც კონკრეტულ მისამართზე მისვლა სთხოვა, სადაც მან გიორგი ბაჩიაშვილი გაიცნო.

გამოძიებით ასევე დგინდება, რომ აღნიშნულ პიროვნებას, გარკვეული ფინანსური სარგებლის მიღების სანაცვლოდ, გიორგი ბაჩიაშვილმა ერთი პირის საქართველოდან ფარულად გაყვანა შესთავაზა. შ.ქ.-სა და გიორგი ბაჩიაშვილს შორის შეთანხმება შედგა.

პირველ ეტაპზე, გიორგი ბაჩიაშვილმა შ.ქ.-ს გადასცა „გუგლის“ სატელიტური ტელეფონი და მოსთხოვა, რომ მხოლოდ აღნიშნული მოწყობილობით ჰქონოდა მასთან კომუნიკაცია. ასევე, მას გადასცა ავტომობილის შესაძენად განკუთვნილი თანხა და დაავალა, რომ „ტოიოტა ქამრის“ მოდელის, მუქი ფერის ავტომობილი შეეძინა.

ბაჩიაშვილის მითითებით, დავალების შემსრულებელ პირს დღე-ღამის სხვადასხვა მონაკვეთში რამდენჯერმე უნდა გადაეკვეთა საქართველო-სომხეთის საზღვარი და იქ არსებული ვითარების შესახებ დეტალური ინფორმაცია მიეწოდებინა.

ბაჩიაშვილმა მას ასევე, მოსთხოვა ავტომობილის წინა და უკანა საქარე მინაზე ვიდეორეგისტრატორები დაემონტაჟებინა, რომლის ჩანაწერებიც მან საზღვარზე არსებული ვითარების შესწავლის მიზნით თავად გაშიფრა.

გამოძიებით დგინდება, რომ ბაჩიაშვილმა შ.ქ.-ს მოსთხოვა, რამდენიმე დღე მისთვის მანქანა კონკრეტულ მისამართზე დაეტოვებინა, რა დროც მან სპეციალური სამალავის მოწყობისთვის გამოიყენა. ამის შემდეგ, ბაჩიაშვილმა შ.ქ.-ს გაუმხილა, რომ სახელმწიფო საზღვარი ფარულად მას უნდა გადაეკვეთა.

წინასწარ შემუშავებული გეგმის მიხედვით, მიმდინარე წლის 2 მარტს, გიორგი ბაჩიაშვილი და შ.ქ. საქართველო-სომხეთის საზღვრის მიმართულებით გაემართნენ.

გამოძიებით დგინდება, რომ სადახლოს გამტარი პუნქტის სიახლოვეს, გიორგი ბაჩიაშვილი ავტომობილის უკანა სავარძელსა და საბარგულს შორის, წინასწარ მოწყობილ სამალავში მოთავსდა.

შ.ქ. მისი კუთვნილი ავტომობილით მივიდა სადახლოს გამტარ პუნქტთან, გაიარა საპასპორტო კონტროლის შესაბამისი პროცედურები, მათ შორის, მესაზღვრე-კონტროლიორებმა შეამოწმეს აღნიშნული პირის დოკუმენტები და მოხდა სატრანსპორტო საშუალების ვიზუალური დათვალიერება.

აღნიშნული პროცედურების გავლის შემდეგ, ისინი გაემართნენ სომხეთის საზღვრის მიმართულებით, სომხეთის სასაზღვრო გამტარ პუნქტთან, გიორგი ბაჩიაშვილი გადმოვიდა ავტომობილიდან და მის სახელზე გაცემული რუსეთის ფედერაციის მოქალაქეობის დამადასტურებელი სხვა პასპორტი წარადგინა, რის შედეგადაც გადაკვეთა სომხეთის სახელმწიფო საზღვარი.

ჩატარებული გამოძიებით დგინდება, რომ ერევნის საერთაშორისო აეროპორტში მისვლის შემდეგ, გიორგი ბაჩიაშვილმა შ.ქ.-ს მოსთხოვა დაებრუნებინა სატელეფონო მოწყობილობა, რომლის საშუალებითაც ისინი ერთმანეთს ეკონტაქტებოდნენ, გადასცა მას დაპირებული თანხა და ურჩია, რომ უსაფრთხოებიდან გამომდინარე ქვეყანა დაეტოვებინა.

სამართალდამცველების მიერ მოპოვებული ოპერატიული ინფორმაციის საფუძველზე, ჩატარდა შესაბამისი საგამოძიებო მოქმედებები, რის შედეგადაც მიმდინარე წლის 5 მარტს, შ.ქ., მაშინ როდესაც ის სარფის გავლით ცდილობდა ქვეყნის დატოვებას, შეაჩერეს შემდგომი საგამოძიებო მოქმედებების ჩატარების მიზნით, რის შემდგომაც იგი დააკავეს”, – წერია ინფორმაციაში.

შეგახსენებთ, 4 მარტს ცნობილი გახდა, რომ ბაჩიაშვილმა საქართველო დატოვა. მანამდე, 25 თებერვალს ბაჩიაშვილს “მტკვარი ჰესის” საქმეზე ბრალდება წაუყენეს.

შეგახსენებთ, ივანიშვილი ბაჩიაშვილს 9 000-მდე ბიტკოინის მითვისებას და უკანონო შემოსავლის ლეგალიზაციას ედავება. აღნიშნული ქმედება 9-დან 12-წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

დღეს, ოლიგარქის სასამართლომ პროკურატურის შუამდგომლობით ბაჩიაშვილს გირაო პატიმრობით შეუცვალა.

სიახლეები

რომის პაპი გარდაიცვალა

რომის პაპი ფრანცისკე, დღეს დილით, 88 წლის ასაკში გარდაიცვალა. ამის შესახებ ინფორმაციას ვატიკანი ავრცელებს. "ძვირფასო...

ტრამპი იმედოვნებს, რომ რუსეთი და უკრაინა შეთანხმებას ამ კვირაში მიაღწევენ

შეერთებული შტატების პრეზიდენტი დონალდ ტრამპი იმედოვნებს, რომ რუსეთი და უკრაინა შეთანხმებას ამ კვირაში მიაღწევენ....

“მათ შიში – ჩვენ ძალა” | რუსთაველის გამზირზე საპროტესტო აქცია მიმდინარეობს

მათ შიში - ჩვენ ძალა" - რუსთაველის გამზირზე საპროტესტო აქცია მიმდინარეობს. პარლამენტის წინ მოქალაქეები...

შსს-ს ცნობით, გასულ ღამეს, რუსთაველის გამზირზე 2 პირი ადმინისტრაციული სამართალდარღვევის 173-ე მუხლით დააკავეს

შინაგან საქმეთა სამინისტროს ცნობით, გასულ ღამეს რუსთაველის გამზირზე 2 პირი ადმინისტრაციული წესით დააკავეს. როგორც შინაგან...