მთავარისიახლეები"ზვიად ხარაზიშვილის (ხარებას) მიმართ დაიწყოს სისხლის სამართლებრივი დევნა და შეუჩერდეს უფლებამოსილება" -...

“ზვიად ხარაზიშვილის (ხარებას) მიმართ დაიწყოს სისხლის სამართლებრივი დევნა და შეუჩერდეს უფლებამოსილება” – საია გენერალურ პროკურორს მიმართავს

Published on

ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია ზვიად ხარაზიშვილის (ხარებას) მიმართ სისხლის სამართლებრივი დევნის დაწყებას ითხოვს. გავრცელებულ განცხადებაში საია პოლიციელთა მხრიდან ფიზიკური ძალადობა და არასათანადო მოპყრობის ფაქტებსზე საუბრობს .

“თბილისი მოლთან აქციის მონაწილეების მიერ მსვლელობის დაწყების შემდეგ, გზის გადაკვეთის პროცესში, სავალი ნაწილის გადაკეტვიდან (17:58) რამდენიმე წუთში, საპოლიციო ძალებმა გზის სავალი ნაწილიდან დემონსტრანტების გადაყვანა და მათი დაკავება დაიწყეს. პერიოდულად ადგილი ჰქონდა აქციის მონაწილეთა ისეთ შევიწროვებას, რაც ჭყლეტვის და ჯანმრთელობის დაზიანების საფრთხეს ქმნიდა. პოლიციის აღნიშნული ქმედებების შედეგად, პროფესიული საქმიანობის შესრულებისას დაშავდა ტვ პირველის ოპერატორი, ნიკო კოკაია, რომლის კლინიკაში გადაყვანა გახდა საჭირო. ამასთან, გავრცელებულ კადრებში აშკარად ჩანს პირთა დაკავების პროცესში პოლიციელთა მხრიდან ფიზიკური ძალადობა და არასათანადო მოპყრობა. ასევე, ქვეყანაში ქალთა მიმართ ძალადობის სხვადასხვა ფორმების მზარდ სტატისტიკასთან ერთად, საგანგაშოა, რომ დემონსტრაციის მონაწილეები ყვებიან საპოლიციო ძალების მხრიდან სიტყვიერი შეურაცხყოფის ფაქტებზე, რომლებიც ხშირად ქალებს მიემართებათ.

პირველ რიგში, საია მიიჩნევს, რომ შეკრების თავისუფლებაში ჩარევა უკანონო იყო. თბილისში მომხდარის მსგავს შემთხვევაში, საქმეზე გეილანი და სხვები თურქეთის წინააღმდეგ, ადამიანის უფლებათა ევროპულმა სასამართლომ შეკრების თავისუფლების დარღვევა დაადგინა. აღნიშნულ საქმეში, რომელშიც დემონსტრანტები აქციას ერთ-ერთ მთავარ გზაზე მართავდნენ, პოლიციამ აქციის დაშლა დაიწყო მყისიერად, აქციის დაწყებიდან რამდენიმე წუთის შემდეგ და ტრანსპორტის მოძრაობის შეფერხებიდან 20 წუთზე ნაკლებ დროში. მიუხედავად იმისა, რომ დემონსტრანტები პოლიციამ მანამდე რამდენჯერმე გააფრთხილა, ევროპულმა სასამართლომ მიიჩნია, რომ ყოველდღიური ცხოვრების შეფერხება არ იყო იმ ხარისხის, რომ გაემართლებინა პოლიციის მხრიდან სწრაფი ჩარევა.

აღსანიშნავია, რომ ნებისმიერი მშვიდობიანი შეკრება შესაძლოა იწვევდეს შეფერხებებს, მათ შორის, ტრანსპორტის მოძრაობის შეფერხებას, რის მიმართაც სახელმწიფომ ტოლერანტულობის გარკვეული ხარისხი უნდა გამოიჩინოს. იმის გათვალისწინებით, რომ მსვლელობის შედეგად ხდება მხოლოდ ერთ მაგისტრალზე ტრანსპორტის მოძრაობის შეფერხება ბუნებრივად, მცირე დროით, აღნიშნული ვერ ჩაითვლება “მაგისტრალის ბლოკირებად” ან ყოველდღური ცხოვრების იმ ხარისხის შეფერხებად, რომელიც არის სისხლის სამართლებრივად დასჯადი ქმედება და, რომელიც შსს-ს მიერ შეკრების თავისუფლებაში ჩარევისთვის გამოყენებულ ზომებს ამართლებს.

გარდა შეკრების თავისუფლებაში უკანონო ჩარევისა, გრძელდება შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ დანაშაულებრივი პრაქტიკა – კერძოდ, საჯაროდ გავრცელებული კადრები მოწმობს, რომ შსს მშვიდობიანი დემონსტრანტების მიმართ კვლავ მიმართავს არასათანადო მოპყრობის პრაქტიკას, რაც აბსოლუტურად აკრძალულ ქმედებას წარმოადგენს და რაც, შსს-ს ჩვეულ ხელწერად იქცა. ტვ პირველის მიერ გავრცლებული კადრები ადასტურებს, რომ დაკავებულ პირზე ძალადობაში უშუალოდ მონაწილეობს გდდ-ს ხელმძღვანელი ზვიად ხარაზიშვილი, რომელთანაც დაკავებული პირი სამართალდამცავებს მიჰყავთ.

იმის გათვალისწინებით, რომ სპეციალურ საგამოძიებო სამსახურში აქტივისტების მიმართ განხორციელებული წამება/არასათანადო მოპყრობასთან დაკავშირებული გამოძიება ამ დრომდე მოწმობს მის არაეფექტიანობას, მოვუწოდებთ საქართველოს გენერალურ პროკურორს, გიორგი გაბიტაშვილს, როგორც სპეციალურ საგამოძიებო სამსახურში მიმდინარე გამოძიებაზე საპროცესო ხელმძღვანელობის განმახორციელებელი დეპარტამენტის ზემდგომ პროკურორს, განახორციელოს გამოძიების მიმდინარეობაზე ეფექტიანი საპროცესო ხელმძღვანელობა და მყისიერად აცნობოს საზოგადოებას დღევანდელ მოვლენებთან დაკავშირებით მიმდინარე მოქმედებები.

ამასთან, ვითხოვთ, ზვიად ხარაზიშვილის (ხარებას) მიმართ დაიწყოს სისხლის სამართლებრივი დევნა და შეუჩერდეს უფლებამოსილება, რადგან, გავრცელებულ კადრებში ნათლად ჩანს საპოლიციო ძალების ეფექტიან კონტროლს დაქვემდებარებულ ადამიანზე ზვიად ხარაზიშვილის მიერ განხორციელებული ძალადობა; ასევე, 2024 წლის ნოემბერი-დეკემბრის აქციების კონტექსტში განსაკუთრებულ დავალებათა დეპარტამენტის თანამშრომლების მიერ ჩადენილი განმეორებითი და სისტემური დანაშაული იწვევს მის, როგორც მეთაურის პასუხისმგებლობას.” – აღნიშნულია საიას განცხადებაში.

სიახლეები

“ჩემო ნიკა, 1 ჰექტარზე კი არა, ერთი საკნის დაშორებით ვიმყოფებით” – სააკაშვილი

საქართველოს მესამე პრეზიდენტი, მიხეილ სააკაშვილი ნიკა მელიას განცხადებას ვრცელი Facebook პოსტით პასუხობს. ენმ-ს ლიდერი ამბობს,...

წილოსანი: 2008 წლის ომს სათავე დაუდო პოზიციამ, რომ NATO-ში ჩვენი მიღება აქტუალური იყო

ივანიშვილის წარმომადგენლის, ნინო წილოსანის თქმით, 2008 წლის ომს "გარკვეული სათავე დაუდო" NATO-ს სამიტის ფარგლებში...

წყლის შესხმის საქმე – ნიკა მელიას საქმეზე განაჩენი ხვალ გამოცხადდება

მოსამართლე შვანგირაძისთვის წყლს შესხმის საქმეზე, ნიკა მელიას განაჩენს ხვალ გამოუტანენ. პროცესი თბილისის საქალაქო სასამართლოში ხვალ,...

აშშ და უკრაინა ტრამპის შემუშავებულ სამშვიდობო გეგმაზე მუშაობენ-პესკოვი

კრემლის სპიკერის, დმიტრი პესკოვის თქმით, აშშ-სა და უკრაინას შორის ტრამპის შემუშავებულ სამშვიდობო გეგმაზე მუშაობა...