საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანების პროცესი ამჟამად გაჩერებულია – ჰერჩინსკი

0
23

თბილისში დღეს გაიხსნა ორდღიანი საერთაშორისო კონფერენცია – “ევროკავშირის გაფართოება – გეოპოლიტიკური საჭიროება და შემდგომი ნაბიჯები ევროკავშირის კანდიდატი ქვეყნებისთვის”.

ღონისძიება ევროკავშირის ელჩმა საქართველოში პაველ ჰერჩინსკიმ გახსნა, რომელმაც მანამდე მედიასთან კომენტარის დროს თქვა, რომ რუსული კანონის მიღების შემთხვევაში ხელისუფლებას აფრთხილებდნენ, რომ ამას მძიმე შედეგები მოჰყვებოდა, ახლა კი შედეგების დროა.

ელჩი ამბობს, რომ ევროკავშირმა საქართველოს თავდაცვის სფეროს მხარდასაჭერად გამოყოფილი 30 მილიონი ევრო გაყინა, გარდა ამისა, გაჩერებულია გაწევრიანების პროცესი.

“სამწუხაროდ, საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანების პროცესი ამჟამად გაჩერებულია – ეს ევროკავშირის ლიდერებმა ევროპული საბჭოს ბოლო სხდომაზე გადაწყვიტეს. ევროკავშირმა შეაჩერა საქართველოსთვის მხარდაჭერა ევროპული სამშვიდობო ფონდიდან (EPF) – 30 მილიონი ევროს ოდენობით 2024 წლისთვის. სიტუაციის შემდგომი გაუარესების შემთხვევაში განიხილება სხვა ზომების მიღებაც.

დასანანია იმის ნახვა, რომ ევროკავშირი-საქართველოს ურთიერთობები ასეთ დაბალ ნიშნულზეა, როდესაც შეიძლებოდა რეკორდულად მაღალ ნიშნულზე ყოფილიყო”, – ამბობს ელჩი ჰერჩინსკი.

მან კიდევ ერთხელ გაიმეორა, რომ ე.წ. “უცხოური გავლენის გამჭვირვალობის” შესახებ კანონი უკან გადადგმული ნაბიჯია. ელჩის თქმითვე, ევროკავშირი ფინანსურ დახმარება, რომელსაც მთავრობას უწევდნენ, ახლა სამოქალაქო საზოგადოებისკენ და თავისუფალი მედიისკენ წავა.

“სამწუხაროდ, საქართველოში ბოლო დროს ვხედავთ მოვლენების ნეგატიურ განვითარებას, მათ შორის სამოქალაქო საზოგადოების დაშინებასა და დეზინფორმაციას ევროკავშირისა და ჩვენი ფასეულობების შესახებ. გასულ კვირას ევროკავშირის ლიდერებმა მკაფიოდ განაცხადეს: თუ საქართველოს ხელისუფლება შეცვლის კურსს, ქვეყანა ვერ წაიწევს წინ ევროკავშირის გზაზე. ეს ძალიან მძლავრი მესიჯია. 27 ივნისს ევროკავშირის ლიდერები შეიკრიბნენ ბრიუსელში და განიხილეს ყველაზე მნიშვნელოვანი საკითხები, რომლებიც ეხება ევროკავშირს. ისინი შეთანხმდნენ სტრატეგიულ საკითხებზე, ასევე ახალი ინსტიტუციური ლიდერების თაობაზე, რომლებიც ახლა პარლამენტმა უნდა დაამტკიცოს, გარდა ამისა, მათ გაიმეორეს, რომ ჩვენი მხარდაჭერა უკრაინის მიმართ ურყევია და ასევე შეთანხმდნენ, რომ საქართველოს გაწევრიანების პროცესი შეაჩერონ. ეს მართლაც გულსატკენია, მაგრამ სამწუხაროდ, მათ არჩევანი არ ჰქონდათ, თვეების განმავლობაში ჩვენ ვაგზავნიდით მკაფიო სიგნალს, რომ თუ კანონი მიღებული იქნებოდა, ამას მოჰყვებოდა შედეგები. კანონი მიღებულ იქნა და დადგა შედეგების დრო. მინისტრები ასევე შეთანხმდნენ, რომ შეცვალონ ფინანსური მხარდაჭერა, რომელსაც ჩვენ ვუწევდით საქართველოს ყველა მთავრობას და ახლა ეს დახმარება წავიდეს სამოქალაქო საზოგადოებისკენ და თავისუფალი მედიისკენ. როგორც იცით, ჩვენი ფინანსური მხარდაჭერა საქართველოს მთავრობებისადმი ყოველთვის იყო ათჯერ მეტი, ვიდრე სამოქალაქო საზოგადოებისადმი. ამ ცვლილების პირველი მსხვერპლი იქნება საქართველოს თავდაცვის ძალები. ეს ჩემთვის განსაკუთრებით გულსატკენია, რადგან მე ყოველთვის ვცდილობდი და ვმუშაობდი იმ მიმართულებით, რომ საქართველო ევროპული სამშვიდობო ფონდის ერთ-ერთი მსხვილი ბენეფიციარი ყოფილიყო. ყველაზე საწყენი ის არის, რომ ეს ფინანსური დახმარება ყოველწლიურად იზრდებოდა, ახლა კი ის შეჩერდა. მაგრამ ეს მხოლოდ პირველი ნაბიჯია და იქნება შემდგომი ნაბიჯებიც. ჩვენ არ გვინდა, რომ ვავნოთ სამოქალაქო საზოგადოებას, არ გვინდა, რომ ვავნოთ ქართველ ხალხს და ჩვენი ბევრი პროგრამა მიმართულია ყველაზე დაუცველი ჯგუფებისკენ”, – თქვა ჰერჩინსკიმ.

წინა სტატიაEU-მ საქართველოს თავდაცვის სფეროს მხარდასაჭერად გამოყოფილი 30 მილიონი ევრო გაყინა -ჰერჩინსკი
შემდეგი სტატიაფინანსური მხარდაჭერა, რომელსაც მთავრობას ვუწევდით, სამოქალაქო საზოგადოებისა და თავისუფალი მედიისკენ წავა – ჰერჩინსკი
ტელეკომპანია ოდიშის საინფორმაციო სამსახური