ომის 578-ე დღე: სად რა ხდება უკრაინაში

0
134

თბილისის დროით დაახლოებით 11 საათისთვის უკრაინულმა უპილოტოებმა კურსკს შეუტიეს – დრონი-კამიკაძე ადმინისტრაციულ შენობას დაეცა. 

აღმოსავლეთ დაჯგუფების პრესსამსახურის ხელმძღვანელმა ილია ევლაშმა დაადასტურა, რომ უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა, ბახმუტის მიმართულებაზე, ერთი რუსული სამხედრო-ლოგისტიკური მარშრუტის გადაჭრა შეძლეს და ახლა მეორის გადასაჭრელად მუშაობენ.

კონტრშეტევის ფარგლებში, ზაპოროჟიის დასავლეთით, საბრძოლო მოქმედებების დროს, უკრაინელებმა თითქმის მთლიანად გაანადგურეს რუსეთის საზღვაო ქვეითთა 810-ბრიგადა. ინფორმაციას აშშ-ის ომის შემსწავლელი ინსტიტუტი ადასტურებს და წერს, რომ კონტრშეტევა წარმატებით ვითარდება.

უკრაინის სამხედრო-საჰაერო ძალების სპიკერის იური იგნატის თქმით სულ უფრო მეტი ინფორმაცია ჩნდება იმის თაობაზე, აშშ უკრაინას მისცემს ATACMS-ებს (შორ მანძილზე მფრენი რაკეტები).

შეგახსენებთ, მანამდე ამერიკულ პრესაში გავრცელდა კულუარული ინფორმაცია, რომ ჯო ბაიდენი ვოლოდიმირ ზელენსკის ATACMS-ების მცირე ოდენობით გადაცემას დაჰპირდა, ოღონდ ისიც უთხრა, რომ ამის შესახებ ვაშინგტონი ოფიციალურად არ განაცხადებდა.

ოფიციალური კიევის გადაწყვეტილებამ, შეასწავლონ დრონების მართვა არამხოლოდ სამხედრო, არამედ სამოქალაქო პირებსაც, დიდი გამოხმაურება გამოიწვია. ლვოვის საშუალო სკოლებში წელს დაიწყო საპილოტე პრორგამა, რომელიც ითვალისწინებს მოსწავლეებისთვის დრონის მართვის გაკვეთილების ჩატარებას. საუბარია არამარტო მართვაზე, არამედ მტრის უპილოტოების გამოკვლევასა და გაუვნებელყოფაზეც. როგორც კურსის ორგანიზატორები ამბობენ, 2023 წლისთვის 10.000-ზე მეტი დრონის ოპერატორი მომზადდა, მაგრამ ეს მოთხოვნას მაინც ვერ უზრუნველყოფს, ამიტომ სწავლების მასშტაბები გაფართოვდება.

უკრაინის დაზვერვამ დააზუსტა მონაცემები ჩეჩნეთის ლიდერის რამზან კადიროვის ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ და ასევე, განაცხადა, რომ თვენახევარზე მეტია, ჩეჩნეთს სულ სხვა პოლიტიკოსი მართავს.

GUR-ის სპიკერი ანდრეი იუსოვი ამბობს, რომ ინფორმაცია რამზან კადიროვის სიკვდილზე არ არის დადასტურებული, მაგრამ მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა უმძიმესია.

“როგორც პუტინი, ასევე კადიროვი, ჯერ არ მომკვდარან. მაგრამ ამ უკანასკნელის მდგომარეობა ნამდვილად მძიმეა”, – თქვა იუსოვმა.

წინა სტატიასაქართველოში, თბილისთან ეპიცენტრით, 4.4 მაგნიტუდის სიმძლავრის მიწისძვრა მოხდა
შემდეგი სტატიასაკონსტიტუციო სასამართლო პრეზიდენტის იმპიჩმენტის საკითხს ზეპირი მოსმენით, 3 ოქტომბერს განიხილავს
ტელეკომპანია ოდიშის საინფორმაციო სამსახური