აშშ-ის სახელმწიფო მდივნის, ენტონი ბლინკენის თქმით, ამერიკული მხარე ყირიმის ხიდის დაზიანებასთან შექმნილ ვითარებას ყურადღებით აკვირდება. გარდა ამისა, როგორც ბლინკენი ამბობს, უკრაინას თავისი ტერიტორიის და ადამიანების დაცვის ყველანაირი უფლება აქვს.
“რაც შეეხება ყირიმის ხიდს, ჩვენ ვაკვირდებით ამ ვითარების განვითარებას, ამასთან, უკრაინას სრული უფლება აქვს გადაწყვიტოს, როგორ აწარმოოს ომი, დაიცვას თავისი ტერიტორია, თავისი ხალხი და თავისუფლება”, – განაცხადა ბლინკენმა.
შეგახსენებთ, 17 ივლისის ღამეს რუსეთის მიერ ანექსირებული ყირიმის ე.წ. მეთაურმა, სერგეი აქსიონოვმა განაცხადა, რომ ყირიმის ხიდზე მოძრაობა შეჩერდა “საგანგებო შემთხვევის” გამო. მოგვიანებით რუსეთის ოფიციალურმა პირებმა დაადასტურეს, რომ ხიდზე დაიღუპა ცოლ-ქმარი, მათი არასრულწლოვანი შვილი კი დაშავდა.
უკრაინის ხელისუფლება ბრალდებებს ჯერჯერობით არ პასუხობს. თუმცა, უკრაინული მედია წერს, რომ
ყირიმის ხიდზე შეტევა უკრაინის უსაფრთხოების სამსახურის და სამხედრო-საზღვაო ძალების სპეცოპერაცია იყო.
უკრაინის შეიარაღებული ძალების „სამხრეთის“ ოპერატიული სარდლობის სპიკერმა, ნატალია გუმენიუკმა ორშაბათს დილით განაცხადა, რომ ყირიმის ხიდზე მომხდარი აფეთქებები შესაძლოა რუსეთის პროვოკაცია იყოს მარცვლეულის შეთანხმების განხილვის ფონზე.