საქართველოს ხელისუფლება ნეიტრალურია რუსეთის მიმართ, ეწინააღმდეგება უკრაინის მცდელობას გაიხსნას მეორე ფრონტი – შამბა

0
159

დროებით ოკუპირებული აფხაზეთის ე.წ. უშიშროების საბჭოს მდივანმა სერგეი შამბამ 28 თებერვალს სოხუმში გამართულ კონფერენციაზე სახელწოდებით – “სპეციალური სამხედრო ოპერაცია, როგორც მსოფლიო და რეგიონული პოლიტიკის ფაქტორი” ისაუბრა და თქვა, რომ დროებით ოკუპირებულ აფხაზეთში უნდა შემოწმდეს სამობილიზაციო შესაძლებლობები და მოამზადოს კონცეფცია შეიარაღებული ძალების რეფორმისთვის.

შამბამ აღნიშნა, რომ დროებით ოკუპირებულ აფხაზეთში მშვიდობიანი ცხოვრება დამოკიდებულია საქართველოს შიდა პოლიტიკურ ვითარებაზე. მისი თქმით, საქართველოს მთავრობის ამჟამინდელი პოლიტიკა რუსეთის მიმართ ნეიტრალურია, მაგრამ არ აქვთ გარანტია, რომ “ქართული ოცნება” მომავალში რუსეთის მიმართ კრიტიკულად განწყობილი სხვა პოლიტიკური ძალით არ შეიცვლება.

“ჩვენ ახლა ძალიან ვართ დამოკიდებულები საქართველოს შიდაპოლიტიკურ კონიუნქტურაზე. საქართველოს ამჟამინდელი ხელისუფლება ნეიტრალურ პოზიციას იკავებს რუსეთის მიმართ. უფრო მეტიც, ის აქტიურად ეწინააღმდეგება უკრაინული ხელისუფლების მცდელობებს, რომ აფხაზეთსა და სამხრეთ ოსეთში გაიხსნას მეორე ფრონტი რუსეთის წინააღმდეგ.

ჩვენ გვესმის, რომ ჩვენი ენგურსმიღმა მეზობლის ასეთი პოლიტიკის უკან დგას არა რუსეთის მიმართ სიყვარული ან ჩვენთან ურთიერთობების დალაგების სურვილი, არამედ ეს არის პრაგმატული ნაბიჯები. თუმცა, ვინ გვაძლევს გარანტიას, რომ ზეწოლის შედეგად საქართველოს მთავრობა არ შეიცვლება ანტირუსი რადიკალებით ან თავად გახდება იძულებული, რომ გახსნას მეორე ფრონტი.

აქედან გამომდინარე, მიმაჩნია, რომ აფხაზეთში რამდენიმე საკითხზე უნდა მოვახდინოთ კონცენტრირება. პირველი: ჩვენ უნდა შევამოწმოთ ჩვენი ჯარის სამობილიზაციო შესაძლებლობები და შესაბამისი დავალება პრეზიდენტის მიერ უკვე გაცემულია. მეორე: უნდა მომზადდეს ჩვენი ჯარის რეფორმირების კონცეფცია და მესამე: უნდა გავაგრძელოთ ახალი რუსული რეგიონების მხარდაჭერა”,- თქვა მან.

შეგახსენებთ, რომ “სპეციალური სამხედრო ოპერაცია” – ასე მოიხსენიებს კრემლი უკრაინაში პუტინის მიერ დაწყებულ ომს.

წინა სტატიაპირველკლასელთა რეგისტრაცია იწყება
შემდეგი სტატიაუცხოური გავლენის აგენტები – წარწერა ზუგდიდის მერიის კედელზე
ტელეკომპანია ოდიშის საინფორმაციო სამსახური