პუტინი ლუკაშენკოს მინსკში შეხვდება – ISW შეხვედრის მიზეზებზე წერს

0
215

ომის კვლევის ინსტიტუტი (ISW) ბელარუსში რუსეთის პრეზიდენტის, ვლადიმერ პუტინის დაგეგმილ შეხვედრაზე წერს. ამერიკელი ანალიტიკოსების თქმით, პუტინი, სავარაუდოდ, ზეწოლას მოახდენს ალექსანდრ ლუკაშენოს რუსეთ-ბელარუს შორის ინტეგრაციის საკითხში დათმობისთვის.

გავრცელებული ინფორმაციით, ლუკაშენკო და პუტინი რუსეთ-ბელარუსის ინტეგრაციის, სამხედრო-პოლიტიკურ და კავშირის სახელმწიფო პროგრამების აღსრულების საკითხებს განიხილავენ. კავშირის სახელმწიფო პროგრამა 1997 წელს დადებული ხელშეკრულებაა, რომლის მიზანია, რუსეთისა და ბელარუსის ფედერალური ინტეგრაცია ერთობლივი სტრუქტურის ქვეშ. ISW წერს, რომ კრემლი ცდილობს ეს პროგრამა ბელარუსზე რუსეთის კონტროლის გასამყარებლად გამოიყენოს.

ყოველდღიურ მიმოხილვაში ექსპერტები აღნიშნავენ, რომ ლუკაშენკო უკვე ქმნის ინფორმაციულ პირობებს იმისთვის, რომ უარი თქვას რუსული ინტეგრაციის მოთხოვნებზე. კერძოდ, ბელარუსის პრეზიდენტმა ხაზგასმით აღნიშნა, რომ “ჩვენს გარდა არავინ მართავს ბელორუსს” და რომ ბელორუსი მზადაა, რუსეთთან ურთიერთობების დასამყარებლად, მაგრამ მათი კავშირები “ყოველთვის უნდა ემყარებოდეს იმ წინაპირობას, რომ ჩვენ ვართ სუვერენული და დამოუკიდებელი სახელმწიფო”.

“უცნობია იქნება თუ არა პუტინის მცდელობა წარმატებული ლუკაშენკოსგან სასურველი დათმობების მოპოვებაში. ლუკაშენკო აქამდე დიდწილად წინააღმდეგობას უწევდა რუსეთის გაძლიერებული ინტეგრაციის მოთხოვნებს და უარს ამბობდა უკრაინაში რუსეთის ომში ბელარუსის ძალების შეერთებაზე”, – ვკითხულობთ ანგარიშში.

გარდა ამისა, ანალიტიკოსები აღნიშნავენ, რომ მინსკში შეხვედრა რუსული საინფორმაციო კამპანიის ნაწილია, რომელიც მიზნად ისახავს უკრაინელებისა და დასავლეთის დარწმუნებას იმაში, რომ რუსეთს შეუძლია უკრაინაზე თავდასხმა ბელარუსიდან. ანალიტიკოსების თქმით, რუსეთის უწყვეტი თავდასხმები კიევზე, ჯარების მუდმივი გადაყვანა ბელარუსში და სამხედრო რიტორიკა ამ საინფორმაციო ოპერაციის ნაწილია.

მანამდე ომის კვლევის ინსტიტუტი თავის ანგარიშში რუსეთის ომში ბელარუსის ძალების შესაძლო ჩართვაზე წერდა. ანალიტიკოსები ფიქრობდნენ, რომ ეს ნაკლებად სავარაუდოა, თუმცა მაშინაც კი თუ ეს მოხდა, ბელარუსის არმია ვერ შეძლებს რაიმე მნიშვნელოვანი ოპერატიული წარმატების მიღწევას.

ცნობისთვის, ვლადიმერ პუტინი მინსკში 19 დეკემბერს ჩავა.

წინა სტატიაკრივი-რიჰში ოკუპანტების მიერ საცხოვრებელი სახლის დაბომბვას წლინახევრის ბავშვი ემსხვერპლა
შემდეგი სტატიაპუტინს კადიროვისთვის ზელენსკის მოკვლა ჰქონდა ნაბრძანები – Wall Street Journal
ტელეკომპანია ოდიშის საინფორმაციო სამსახური